საერთო საკლასო განხილვები

სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ მოსწავლეებთან მსჯელობა ერთგვარი გამოწვევაა, ვინაიდან იგი მოიცავს საკითხებს, რომლებიც პირად სფეროს განეკუთვნება და საკმაოდ სენსიტიურია. ღია დიალოგი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები და ერთმანეთს გაუზიარონ ის ინფორმაცია, რომელსაც ისინი ფლობენ, საკლასო ოთახში შექმნილ უსაფრთხო გარემოში. ამგვარი განხილვები საშუალებას აძლევს მოსწავლეებს გამოიმუშავონ ჯანსაღი კომუნიკაციისათვის საჭირო უნარები, როგორიცაა სხვა ადამიანების გრძნობების მიმართ პატივისცემა, კითხვების დასმა, როდესაც ისინი თავს დაუცველად გრძნობენ, ან საკუთარი მოსაზრებებისა და შეხედულებების სხვებისთვის გაზიარების უნარი.

საერთო საკლასო განხილვები უფრო ეფექტური იქნება, თუ ისინი გაიმართება მას შემდეგ, რაც თქვენ მოსწავლეებს გააცნობთ მასალას, ლექციის, ვიდეომასალის ჩვენებისა ან საკითხავი ტექსტის საშუალებით. საერთო საკლასო განხილვის ყოველი რაუნდის წინ, თქვენ სავარაუდოდ დაგჭირდებათ შეახსენოთ თქვენს მოსწავლეებს ძირითადი წესების შესახებ, რათა ყველა მოსწავლემ თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს აქტივობის დროს, და დარწმუნებული იყოს, რომ მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას მისი თანაკლასელები გაგებით და პატივისცემით მოეკიდებიან.

საერთო საკლასო განხილვების დადებითი მხარეები
  • გვეხმარება საკლასო ოთახში პოზიტიური გარემოს შექმნაში.
  • ხელს უწყობს მოსწავლეებში სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხების მიმართ ინტერესის გაღვივებას.
  • ხელს უწყობს მოსწავლეებში საკუთარი თავისადმი და სასწავლო გარემოსადმი უფრო პოზიტიური განწყობისა და დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
  • ხელს უწყობს მოსწავლეებში იმ აზრის განმტკიცებას, რომ „ცვლილებები“ ბუნებრივი და ნორმალური მოვლენაა.
  • ხელს უწყობს უფრო მეტი მოსწავლის ჩართულობას და საშუალებას აძლევს მათ გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები.
მეთოდი

1. საჭიროა ისეთი ატმოსფეროს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს აქტივობების დროს ურთიერთთანაგრძნობის წახალისებას

  • დარწმუნდით, რომ მოსწავლეებს ახსოვთ და მზად არიან დაიცვან ძირითადი წესები
  • გააცანით მოსწავლეებს თემა მოკლე ლექციის, ვიდეომასალის ჩვენების ან მცირე საკითხავი მასალის საშუალებით.
  • მოსწავლეებს აუხსენით ტერმინები და მიაწოდეთ მათი განმარტებები, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველა მოსწავლეს თანაბრად ესმის საკითხი და თანაბარ ინფორმაციას ფლობს განსახილველი საკითხის შესახებ.

2. წარმართეთ განხილვა

  • გაამხნევეთ მოსწავლეები, რათა მათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ განხილვაში, დასვან კითხვები, გამოვიდნენ საკუთარი წინადადებებით და გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები.
  • მოსწავლეებს დაუსვით კითხვები, წააქეზეთ და მიეცით მათ მიმართულება, რათა არ შეწყვიტონ და აქტიურად გააგრძელონ საკითხის განხილვა.
  • გაამხნევეთ მოსწავლეები, რათა მათ დაიმახსოვრონ, გაანალიზონ, განაზოგადონ და გაითავისონ მათთვის მიწოდებული ინფორმაცია.
  • დარწმუნდით, რომ ინფორმაცია, რომელიც მოსწავლეებს შორის ვრცელდება არის სწორი (იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია მცდარია, შეასწორეთ იგი და გამოიყენეთ სათანადო ტერმინები).

3. დაასრულეთ განხილვა

  • შეეცადეთ მიღწეული იქნას კონსენსუსი, გამონახული იქნას გამოსავალი; შეაჯამეთ თუ რა ისწავლეს და რა ინფორმაცია მიიღეს მოსწავლეებმა ამ განხილვის დროს (სასურველია, ყურადღება გამახვილდეს თავად მოსწავლეების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე).
საერთო საკლასო განხილვებთან დაკავშირებული რეკომენდაციები
  • მოსწავლეებს მიაწოდეთ ფაქტები და შეასწორეთ ყველა მცდარი ინფორმაცია.
  • დაეხმარეთ მოსწავლეებს მეტყველებაში გამოიყენონ სათანადო და სწორი ტერმინები.
  • უზრუნველყავით ძირითადი წესების დაცვა, მაგალითად ხელის აწევა, სიტყვით გამოსვლის მოთხოვნისას, სხვების მოსმენა. ზოგიერთი მასწავლებელი იყენებს მიკროფონის იმიტაციას, რაც მათ მოსწავლეების თანამიმდევრობით საუბარისა და ერთმანეთის მოსმენის უზრუნველყოფაში ეხმარება.
  • გულისხმიერად მოეკიდეთ მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებსა და მათ პასუხებს.
  • გამოიყენეთ პაუზები დასმულ კითხვებსა და მათზე პასუხებს შორის, რაც მოსწავლეებს მისცემს დროსა და საშუალებას დაფიქრდნენ დასმულ კითხვაზე და გააზრებული პასუხი გასცენ მას.
  • დასვით ღია კითხვები, რომლებზეც პასუხი მოსწავლეებისაგან უფრო მეტ ფიქრს მოითხოვს.
  • კარგად გააცნობიერეთ საკუთარი ღირებულებები და აკონტროლეთ თქვენი რეაქციები საერთო საკლასო განხილვების დროს (მიუხედავად იმისა, თუ რას გრძნობთ და რას ფიქრობთ ამა თუ იმ საკითხზე, თქვენი ქმედებები და მეტყველება უნდა ემსახურებოდეს მოსწავლეებისათვის ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობისა და პატივისცემის სწავლებას).
მაგალითები

მე-4 კლასი, გაკვეთილი 1 სქესობრივი მომწიფების პერიოდისათვის დამახასიათებელი ცვლილებები: მოსწავლეების მიერ დამზადებული პოსტერიზრდასთან დაკავშირებული დადებითი და რთული მომენტების შეჯერება აწარმოეთ მოსწავლეების მიერ საკითხის განხილვის საშუალებით.