ეფექტური მიდგომები

წინამდებარე სახელმძღვანელოში ყურადღება გამახვილებულია ახალგაზრდების ცხოვრებაში სექსუალობისა და მისი ზემოქმედების მართვის მნიშვნელობაზე, მათ შორის სექსუალობასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ასპექტზე, რომლებიც, კონკრეტულ საზოგადოებებში შესაძლებელია მგრძნობიარე იყოს და ამ ასპექტებზე მსჯელობა გარკვეულ სირთულეებს უკავშირდებოდეს. სამეცნიერო მტკიცებულებების გამოყენება და შინაარსის აგება ადამიანის უფლებების სტანდარტებსა და  ნორმებზე ამარტივებს მგრძნობიარე საკითხებზე მსჯელობის პროცესს.

  • სრულყოფილი სქესობრივი განათლება წარმოადგენს სექსუალობის შემეცნებითი, ემოციური, ფიზიკური და სოციალური ასპექტების სწავლებისა და სწავლის პროცესს, რომელიც სასწავლო პროგრამაზე (კურიკულუმზე) არის დაფუძნებული. მისი მიზანია ბავშვებისა და ახალგაზრდების აღჭურვა იმ ცოდნით, უნარებით, დამოკიდებულებებითა და ღირებულებებით, რომლებიც მათ მისცემს საშუალებას: გააცნობიერონ საკუთარი ჯანმრთელობის, კეთიდღეობისა და ღირსების მნიშვნელობა; დაამყარონ სოციალური და სქეობრივი კავშირები ურთიერთპატივისცემის საფუძველზე; გააცნობიერონ, თუ როგორ ზემოქმედებს მათი პირადი არჩევანი მათ საკუთარ და ასევე სხვების კეთილდღეობაზე; და, სრულყოფილად აღიქვან საკუთარი უფლებები და უზრუნველყონ ამ უფლებების დაცვა მთელი სიცოცხლის მანძილზე.

    სრულყოფილი სქესობრივი განათლების მიწოდება წარმოებს როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ გარემოში, და იგი არის:

    მეცნიერულად ზუსტი: სრულყოფილი სქესობრივი განათლების შინაარსი ეფუძნება სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან, სექსუალობასა და ქცევასთან დაკავშირებულ ფაქტებსა და მტკიცებულებებს.

    ეტაპობრივი: სრულყოფილი სქესობრივი განათლება წარმოადგენს უწყვეტი განათლების პროცესს, რომელიც იწყება ადრეულ ასაკში და რომლის დროსაც ახალი ინფორმაციის ათვისება ხდება უკვე არსებული ცოდნის საფუძველზე, სპირალური სასწავლო პროგრამის მიდგომის გამოყენებით..

    ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისი: სრულყოფილი სქესობრივი განათლების შინაარსი ეხმიანება ბავშვებისა და ახალგაზრდების ასაკობრივ საჭიროებებსა და უნარებს, რომლებიც მათი ასაკის მატების პარალელურად იცვლება. ბავშვებისა თუ ახალგაზრდების ასაკისა და განვითარების დონის გათვალისწინებით, სრულყოფილი სქესობრივი განათლება მათ სთავაზობს მათი განვითარების დონის შესაბამის თემებსა და საკითხებს, სწორედ იმ დროს, რა დროსაც ეს მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის ყველაზე მეტად არის საჭირო. აღნიშნული განათლება ითვალისწინებს განვითარებისათვის დამახასიათებელ მრავალფეროვნებას; იძლევა შინაარსში ცვლილების შეტანის საშუალებას, როდესაც ბავშვებისა თუ ახალგაზრდების შემეცნებითი და ემოციური განვითარება შეფერხებულია; და მისი მიწოდება ხდება იმ მომენტში, როდესაც ყველაზე მაღალია სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ურთიერთობებთან დაკავშირებული გზავნილების მართებულად ათვისების უნარი.

    სასწავლო პროგრამაზე დამყარებული: სრულყოფილი სქესობრივი განათლება წარმოადგენს დოკუმენტური ფორმით არსებული სასწავლო პროგრამის ნაწილს, რომლითაც ხელმძღვანელობენ პედაგოგები, მოსწავლეთა სწავლის ხელშეწყობის პროცესში. წინამდებარე სასწავლო პროგრამა მოიცავს სწავლების ძირითად მიზნებს, გულისხმობს სწავლის მიზნების ჩამოყალიბებას, მოსწავლეებისათვის ცნებების გაცნობას და მათთვის მკაფიო და მნიშვნელოვანი გზავნილების სტრუქტურულად მიწოდებას. ამგვარი განათლების გახორციელება შესაძლებელია როგორც სკოლის შიგნით, ასევე სკოლის გარეთ არსებულ გარემოში.

    სრულყოფილი: სრულყოფილი სქესობრივი განათლება გვაძლევს ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის სექსუალობის თაობაზე სრულყოფილი, ზუსტი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და ასაკის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობას. იგი მოიცავს სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, და არა მხოლოდ, ისეთ საკითხებს, როგორიცაა:  სქესობრივი და რეპროდუქციული ანატომია და ფიზიოლოგია; სქესობრივი მომწიფება და მენსტრუაცია; რეპროდუქცია, თანამედროვე კონტრაცეფცია, ორსულობა და მშობიარობა; და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, მათ შორის აივ და შიდსი. სრულყოფილი სქესობრივი განათლება მოიცავს იმ თემების სრულ სპექტრს, რომელთა ცოდნაც ყველა ადამიანისათვის მნიშვნელოვანია, მათ შორის ისეთ თემებს, რომლებიც კონკრეტულ სოციალურ და კულტურულ კონტექსტში პრობლემურად მიიჩნევა.

    სრულყოფილი სქესობრივი განათლება ხელს უწყობს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ანალიტიკური, კომუნიკაციისა და სხვა ცხოვრებისეული უნარების განვითარებას, მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით, რაც უკავშირდება: სექსუალობას, ადამიანის უფლებებს, ჯანსაღ და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს ოჯახის წევრებს შორის და აგრეთვე ინტერპერსონალურ ურთიერთობებს, პირად და საერთო ღირებულებებს, კულტურულ და სოციალურ ნორმებს, გრნდერულ თანასწორობას, დისკრიმინაციის დაუშვებლობას, სქესობრივ ქცევას, ძალადობას და გენდერულ ძალადობას, თანხმობასა და ფიზიკურ ხელშეუხებლობას, სექსუალურ ძალადობასა და საზიანო პრაქტიკას, როგორიცაა ბავშვთა ქორწინება, ქორწინება ადრეულ ასაკში და იძულებითი ქორწინება და ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება/მოკვეთა.

    სქესობრივი განათლების ‘სრულყოფილება“ აგრეთვე გულისხმობს თემების როგორც ფართო, ასევე სიღრმისეულ შესწავლას და მოსწავლეებისათვის შესაბამისი თემების თანამიმდევრულ და უწყვეტ რეჟიმში, და არა ერთჯერადად, ერთი გაკვეთილის ფარგლებში, მიწოდებას.

    ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული: სრულყოფილი სქესობრივი განათლება ეფუძნება და ხელს უწყობს ადამიანის საყოველთაო უფლებების  – მათ შორის ბავშვთა და ახალგაზრდების უფლებების და ყველა ადამიანის ჯანმრთელობის, განათლების, ინფორმაციაზე წვდომის, თანასწორობის და დისკრიმინაციისაგან დაცვის უფლებების – აღქმა-გააზრებას. სრულყოფილი სქესობრივი განათლების კონტექსტში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენება ასევე გულისხმობს ახალგაზრდებში ცნობადობის ამაღლებას, ახალგაზრდების წახალისებას, რათა მათ გააცნობიერონ საკუთარი უფლებები და, ამავდროულად, აღიარონ სხვათა უფლებები, პატივი სცენ მათ უფლებებს და გვერდში დაუდგნენ მათ, ვისი უფლებებიც ირღვევა. ახალგაზრდებისათვის სრულყოფილ სქესობრივ განათლებაზე  თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა გულისხმობს მათი უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი ჯანმრთელობის უფლების პატივისცემას, მათ შორის სექსუალურ ასპექტში უსაფრთხო, კომპეტენტური,    ურთიერთპატივისცემის საფუძველზე და იძულებისა და ძალადობის გარეშე არჩევანის გაკეთების უფლებისა და საკუთარ თავზე ეფექტურად ზრუნვისათვის საჭირო ინფორმაციაზე წვდომის უფლების დაცვასა და პატივისცემას.

  • იმის გათვალისწინებით, რომ ახალგაზრდებს ინფორმაციის უამრავ წყაროსთან აქვთ წვდომა, საჭიროა პროპორციული და ყოვლისმომცველი მიდგომის გამოყენება სწავლის პროცესში მათი ეფექტური ჩართვის უზრუნველსაყოფად და მათი საჭიროებების სრულ სპექტრზე რეაგირებისათვის. რეპროდუქციის, სექსუალური ქცევების, რისკებისა და ავადმყოფობის პრევენციის შესახებ ინფორმაციის მიწოდების გარდა, სრულყოფილი სქესობრივი განათლება მოიცავს სექსუალობის იმგვარად წარმოჩენის შესაძლებლობას, რომელიც უზრუნველყოფს მისი დადებითი ასპექტების წარმოჩენას, როგორიცაა სიყვარული და ურთიერთპატივისცემასა და თანასწორობაზე დაფუძნებული ურთიერთობები.

    გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ სრულყოფილი სქესობრივი განათლება მოიცავს მიმდინარე დისკუსიებს, ურთიერთობებისა და მოწყვლადობის ასპექტებთან დაკავშირებულ სოციალურ და კულტურულ ფაქტორებზე, როგორიცაა გენდერული და უფლებრივი უთანასწორობა, სოციალურ ეკონომიკური ფაქტორები, რასობრივი წარმომავლობა, აივ სტატუსი, შეზღუდული შესაძლებლობები, სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა.

    სრულყოფილი სქესობრივი განათლება მოიცავს თემების ფართო სპექტრს, რომელთა შორისაც შესაძლებელია, კონტექსტის გათვალისწინებით, აღმოჩნდეს კულტურული თვალსაზრისით მგრძნობიარე თემებიც. ბევრ გარემოში, სრულყოფილი სქესობრივი განათლების სასწავლო პროგრამაში წარმოებს საკვანძო თემების გამოტოვება, ან რეპროდუქციის მხოლოდ „მექანიზმზე“ ყურადღების გამახვილება და სექსუალური ქცევაზე პასუხისმგებლობასთან და ჯანსაღ და თანაბარუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებულ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების უგულებელყოფა (UNESCO 2015a). საკვანძო თემების გამოტოვება ამცირებს სრულყოფილი სქესობრივი განათლების ეფექტურობას. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ არ წარმოებს მენსტრუაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, ეს ხელს უწყობს მის მიმართ უარყოფითი სოციალური და კულტურული დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას. აღნიშნულმა, შესაძლებელია, უარყოფითი ზემოქმედება იქონიოს გოგონების ცხოვრებაზე, რომლებსაც საკუთარი სხეულის გამო უხერხულობის შეგრძნება უყალიბდებათ და რაც შესაძლოა მთელი ცხოვრების მანძილზე გაგრძელდეს; საკუთარი სხეულის მიმართ ამგვარი დამოკიდებულების მქონე გოგონები ხშირ შემთხვევაში, ამჯობინებენ არავის მიმართონ დახმარებისთვის, პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში. იმ საკვანძო თემების ჩამონათვალი, რომელთა გამოტოვებაც წარმოებს, საკმაოდ ვრცელია და მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა მაგალითად: სქესობრივი აქტი; ორსულობის პრევენციის შესახებ მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაცია; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ან აივ-ინფიცირებული ახალგაზრდების სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საჭიროებები;  არაუსაფრთხო აბორტი და ისეთი მავნე პრაქტიკის მაგალითები, როგორიცაა ბავშვთა ქორწინება, ქორწინება ადრეულ ასაკში და იძულებითი ქორწინება და ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება/მოკვეთა; ან დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით. აღნიშნული თემების  უგულებელყოფა და მათზე მსჯელობისაგან თავის შეკავება ხელს უწყობს სტიგმატიზაციას, დაუცველობისა და უგულებელყოფის შეგრძნების გაღვივებას, რის შედეგადაც, მოწყვლად ან მარგინალიზებულ მოსახლეობაში იზრდება სარისკო და საფრთხის შემცველი ქცევის გამოვლენისა და პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში დახმარებისათვის მიმართვის შეფერხების ალბათობა.

    იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც შემუშავებული და დანერგილია სრულყოფილი სქესობრივი განათლების მაღალი ხარისხის სასწავლო გეგმა. მასწავლებლები, ხშირად, თავს იკავებენ იმ თემების სწავლებისაგან ან არჩევენ მხოლოდ ზერელედ შეეხონ იმ თემებს, რომელთა სწავლებაც მათთვის უხერხულობასთან ასოცირდება. ბევრ მასწავლებელს არ აქვს მგრძნობიარე და სადავო თემების სწავლების გამოცდილება და მათ არ სთავაზობენ  სრულყოფილ სქესობრივ განათლებაზე ორიენტირებული, მიზნობრივი პროფესიული განათლების შესაძლებლობებს (Ofsted, 2013). ხარისხიანი პროფესიული განათლება, რომელიც ემსახურება როგორც მასწავლებლის კომპეტენციების განვითარებას, ასევე, საგნის სწავლებისას უხერხულობის განცდის მოხსნას, ზრდის მასწავლებლის მიერ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხიანად და სიზუსტით გახორციელების შესაძლებლობას, რაც დადებით გავლენას ახდენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ქცევებზე  (Stead et al., 2007).

    იმ შემთხვევაში, თუ ბავშვებსა და ახალგაზრდებს არ ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ სექსუალობისა და ურთიერთობების შესახებ ხარისხიანი, მათი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისი განათლება, ამით იზრდება მათი საზიანო სექსუალური ქცევებისა და სექსუალური ექსპლოატაციის მსხვერპლად ქცევის ალბათობა. სრულყოფილი სქესობრივი განათლების საკვანძო თემების უგულებელყოფა ახალგაზრდებს უფრო დაუცველს ხდის და ზღუდავს მათ არჩევანს საკუთარ სქესობრივ ცხოვრებასა და ურთიერთობებთან დაკავშირებით.

  • სრულყოფილი სქესობრივი განათლება ემსახურება ადამიანის უფლების დაცვას, აირჩიოს როდის და ვისთან ექნება ნებისმიერი ფორმის ინტიმური თუ სექსუალური ურთიერთობა; ანვითარებს ადამიანში საკუთარ არჩევანზე პასუხისმგებლობისა და ამ მიმართულებით სხვების არჩევანისადმი პატივისცემის უნარს. არჩევანი მოიცავს სქესობრივი კავშირებისაგან თავშეკავებას, გადავადებას ან სქესობრივი კავშირის დამყარებას. მიუხედავად იმისა, რომ სქესობრივი კავშირებისაგან თავშეკავება ორსულობის, სგგი-ისა და აივ-ინფიცირების პრევენციის უტყუარ მეთოდს წარმოადგენს, სრულყოფილი სქესობრივი განათლება აღიარებს, რომ  ახალგაზრდებს შორის სქესობრივი კავშირებისაგან თავშეკავება არ არის მდგომარეობა, რომელიც მუდმივად გრძელდება, და ასაკის მატებასთან ერთად იცვლება სექსუალური გამოხატვის გზები. პროგრამები, რომლებიც მხოლოდ სქესობრივი კავშირებისაგან თავშეკავებას ქადაგებდა, არაეფექტური და პოტენციურად საზიანო აღმოჩნდა ახალგაზრდების სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან მიმართებაში (Kirby, 2007; Santelli et al., 2017; Underhill et al., 2007).

    სრულყოფილი სქესობრივი განათლება უსაფრთხო სქესობრივ კავშირებზეა ორიენტირებული და ემსახურება ახალგაზრდების მომზადებას ინტიმური ურთიერთობებისათვის, რომლებიც შესაძლოა გულისხმობდეს სქესობრივ აქტს ან სხვა სექსუალურ ქცევას და რომელიც ხორციელდება აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ.

    კვლევებით დგინდება, რომ მოსწავლეებს, მიუხედავად მათი სქესისა, სურვილი აქვთ მეტი ინფორმაცია მიიღონ ურთიერთობებისა და გრძნობების შესახებ (Pound et al., 2016; UNESCO, 2015a) და აგრეთვე ჯანსაღი პიროვნებათაშორისი ურთიერთობების დამყარების გზების შესახებ, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კომუნიკაციას ეფუძნება, და რომელიც შესაძლებელია მოიცავდეს ან არ მოიცავდეს სქესობრივ ურთიერთობებს. შესაბამისად, სრულყოფილი სქესობრივი განათლება ემსახურება ახალგაზრდების მიერ, საკუთარი ღირებულებების შესაბამისად, სექსუალური გრძნობების გამოხატვის გზების ძიების ხელშეწყობას. ახალგაზრდები, რომლებიც გეგმავენ ან უკვე აქვთ სექსუალური კავშირები, აუცილებლად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდების შესახებ, მათ შორის, კონდომის გამოყენებით ორსულობისა და სგგი-სგან ორმაგი დაცვის შესახებ. ისინი ინფორმირებული უნდა იყვნენ იმის თაობაზე, თუ სად შეიძლება მამაკაცისა და ქალის კონდომების შეძენა და, ასევე, მათი სწორად და მუდმივად გამოყენების აუცილებლობაზე; ხოლო, აივ-ით ინფიცირების მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ მყოფი პირები უნდა ფლობდნენ ინფორმაციას ექსოზიციამდელი პროფილაქტიკის შესახებ. ისინი ასევე უნდა ფლობდნენ ინფორმაციას ახალგაზრდებისათვის განკუთვნილი სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მრავალმხრივი მომსახურების არსებობისა და ხელმისაწვდომობის თაობაზე, რომელიც გულისხმობს სექსუალური ძალადობისა ან თავდასხმის მსხვერპლთა მომსახურებას, ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის საშუალებით, ექსპოზიციის შემდგომ პროფილაქტიკას (PEP) და ორსულების, სგგი-თა და აივ-ინფიცირებული პირების მომსახურებას.

  • ტრადიციულად, მასწავლებელი სასწავლო პროცესის „დირექტორის“ როლში გვევლინებოდა, ხოლო მოსწავლეების როლი ცოდნის მიღებთა პასიური ფუნქციით შემოიფარგლებოდა. გასული რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, შემუშავდა ახალი მიდგომები, რომლებიც ადასტურებს, რომ სწავლა ხორციელდება იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც მოსწავლე უკვე ფლობს, ხოლო ამ ცოდნას მოსწავლეები იძენენ გარემოსთან აქტიური ურთიერთობის პროცესში (Giroux, 1994). ამ ხედვაზე დაყრდნობით, სწავლა არ შემოიფარგლება მასწავლებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიღებითა და დამუშავებით. მოსწავლეები უკეთ სწავლობენ, როდესაც მათ ეძლევათ ინფორმაციისა და მასალის თავად აღქმა-გააზრების შესაძლებლობა, საკუთარი გამოცდილებისა და ინფორმაციის კრიტიკულად გააზრების საშუალებით.

    მიუხედავად იმისა, რომ, სრულყოფილი სქესობრივი განათლების კონტექსტში, თითქმის არ არსებობს მოსწავლეებზე ორიენტირებული თუ თანამშრომლობის საფუძველზე წარმოებული სწავლა-სწავლების ზემოქმედების მტკიცებულებები, კვლევა აჩვენებს, რომ, ზოგადად, აღნიშნული სტრატეგიები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო პროგრამების არსებითად მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ფინეთში წარმოებულმა კვლევამ, რომელიც სწავლობდა სკოლის ბაზაზე წარმოებული სქესობრივი განათლების გავლენას სექსუალობის შესახებ მოსწავლეების ცოდნასა და დამოკიდებულებებზე, აჩვენა, რომ მიღწევები მნიშვნელოვანწილად მასწავლებლების მოტივაციის, დამოკიდებულებებისა და უნარებისა და, ასევე, მათ მიერ  ინტერაქტიული სწავლების სტრატეგიების გამოყენების დამსახურება იყო  (Kontula, 2010). წინამდებარე სახელმძღვანელოში ყურადღება გამახვილებულია მოსწავლეებზე ორიენტირებულ მიდგომაზე, სრულყოფილი სქესობრივი განათლების კონტექსტში, და სასწავლო პროგრამის გახორციელებისას, თანამშრომლობითი სწავლების მეთოდების გამოყენებაზე. მოსწავლეებზე ორიენტირებული მიდგომები მოსწავლეებს სასწავლო პროცესში აქტიური მონაწილეობის საშუალებას აძლევს და სწავლის ინდივიდუალური სტილის წახალისებას ემსახურება. ვინაიდან სწავლა შესაძლებელია აღქმული იქნას როგორც პიროვნული ზრდა-განვითარების ერთ-ერთი ფორმა, წარმოებს მოსწავლეების წახალისება, რათა მათ გაანალიზონ და კრიტიკულად შეაფასონ საკუთარი გამოცდილება.

  • მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრული ცხოვრებისათვის და შესაბამისი პასუხისმგებლობებისათვის ბავშვებისა და ახალგაზრდების  მომზადებაში  მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სხვადასხვა პირებსა თუ ინსტიტუტებს, განათლების სექტორს გადამწყვეტი როლი აკისრია  მათთვის სრულყოფილი სქესობრივი განათლების მიწოდების საქმეში. სკოლა, წარმოადგენს ადგილს, სადაც ხორციელდება ისეთი პროცესები, როგორიცაა სწავლება, სწავლა და პიროვნული განვითარება, რომელიც უზრუნველყოფილია სათანადო ინფრასტრუქტურით, მათ შორის საჭირო უნარებით აღჭურვილი მასწავლებლებით, რომლებიც, ამავდროულად, სანდო ინფორმაციის წყაროს წარმოადგენენ, და, აგრეთვე ფორმალური სასწავლო გეგმის ფარგლებში გძელვადიანი სასწავლო პროგრამის გახორციელების შესაძლებლობებით. მასწავლებლები ფლობენ ბავშვებისა და ახალგაზრდების ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისი სწავლის გარემოს შექმნის უნარს,  ხოლო ახალგაზრდები სკოლასა და მასწავლებლებს სანდო ინფორმაციის წყაროდ მიიჩნევენ.

    უმეტესობა ქვეყნებში, 5-დან 13 წლამდე ბავშვები საკმაოდ დიდ დროს ატარებენ სკოლაში (UNESCO, 2008), რაც, სკოლას, ერთმანეთისაგან განსხვევბული წარმომავლობის მქონე დიდი რაოდენობით ახალგაზრდებზე წვდომის საშუალებას აძლევს,  პრაქტიკულად და მუდმივად. გარდა ამისა, სკოლის გარემო იძლევა მოსწავლეებისათვის, წლების განმავლობაში, სრულყოფილი სქესობრივი განათლების მიცემის საშუალებას, ყველაზე ხელსაყრელ ასაკში და განვითარების საჭირო ეტაპზე, რა დროსაც ახალი ცოდნის შეძენა უკვე შეძენილი ცოდნის საფუძველზე წარმოებს   (Gordon, 2008).

    ბევრი ახალგზარდა სქესობრივი მომწიფების პერიოდს სკოლაში სწავლის დროს გადის, ასევე ბევრი ახალგაზრდა პირველ ურთიერთობებს, მათ შორის შესაძლოა პირველ სქესობრივ კავშირსაც, სკოლაში სწავლის პერიოდში ამყარებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სკოლის მოსწავლეებისათვის ასაკის შესაბამისი და ეტაპობრივი განათლების მიწოდება მათი უფლებების, ურთიერთობებისა და სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, და, ამასთან, ფორმალური განათლების ფორმატში, ბავშვებისა და ახალგაზრდების აღჭურვა გენდერული ხედვით.

    მოსწავლეთათვის სრულყოფილი სქესობრივი განათლების სკოლის ფარგლებში მიწოდების სხვა უპირატესობები მოიცავს შემდეგს:

    • სკოლის ხელმძღვანელობას შესწევს სასწავლო გარემოს ბევრი ასპექტის დარეგულირების უნარი, რათა ამ გარემოში მოსწავლეები თავს უფრო დაცულად გრძნობდნენ და ასევე, გრძნობდნენ მხარდაჭერას;
    • სკოლის ბაზაზე დანერგილი პროგრამები, როგორც აღმოჩნდა, აივ პრევენციის ხელშემწყობ ყველაზე იაფ გზას წარმოადგენს და უზრუნველყოფს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ განათლებასა, და სათანადო მომსახურებაზე წვდომის უფლების დაცვას (Kivela et al., 2013; UNESCO, 2011a; 2016c);
    • სკოლა სოციალური დახმარების ცენტრის ფუნქციას ასრულებს, რომელსაც შეუძლია ბავშვებს, მშობლებს, ოჯახებს და საზოგადოებებს კონკრეტული მომსახურების (მაგ. ჯანდაცვის მომსახურების) შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია, რათა მათ ამ მომსახურებით ისარგებლონ.

    სკოლების გარდა, უმაღლესი განათლების დაწესებულებებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება. ძალიან ბევრი ადამიანი უმაღლესი განათლების დაწესებულებაში ხვდება ისე, რომ მას არ აქვს მიღებული არანაირი სექსუალური განათლება. ამ ეტაპზე სრულყოფილი სქესობრივი განათლების საჭიროება არსებითად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ბევრი ახალგაზრდა ამ დროს იწყებს ოჯახიდან მოშორებით ცხოვრებას და, შესაძლებელია, გადავიდეს საკუთარი ცხოვრების იმ ეტაპზე, როდესაც იწყება ურთიერთობების დამყარება და ახალგაზრდა სქესობრივად აქტიური ხდება.

    სასწავლო პროგრამაზე აგებული სრულყოფილი სქესობრივი განათლების გახორციელებისათვის მნიშვნელოვან გარემოს წარმოადგენს არაფორმალური განათლებისა და საზოგადოებრივი დაწესებულებები.

    სრულყოფილი სქესობრივი განათლების პროგრამების გახორციელება  არაფორმალური განათლების დაწესებულებებში და საზოგადოებრივ დაწესებულებებში, აღნიშნულ პროგრამაში იმ ახალგაზრდების ჩართვის საშუალებას იძლევა, რომლებიც სკოლის მიღმა არიან დარჩენილი და, შესაძლოა, წარმოადგენდნენ მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად და მარგინალიზებულ ჯგუფებს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც დაბალია იმ ახალგაზრდების პროცენტული წილი, რომლებიც სკოლებში ირიცხებიან, ან სადაც  სათანადო სრულყოფილი სქესობრივი განათლება არ წარმოადგენს ეროვნული სასწავლო პროგრამის ნაწილს. მსოფლიოში, სადაც 6-დან 15 წლამდე ასაკის 263 მილიონი ბავშვი და ახალგაზრდა არ ირიცხება სკოლაში ან წყვეტს სასკოლო განათლებას (UNESCO, 2016a), არაფორმალური სასწავლო დაწესებულებები, როგორიცაა საზოგადოებრივი ცენტრები, სპორტ კლუბები, სკაუტების კლუბები, რელიგიური ორგანიზაციები, პროფესიული სასწავლებლები, ჯანდაცვის დაწესებულებები და ონლაინ პლატფორმები, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ახალგაზრდების განათლების საქმეში (IPPF, 2016). ის ახალგაზრდებიც კი, რომლებიც სკოლებში ირიცხებიან, შაბათ-კვირას, საღამოობით და სკოლის არდადეგების პერიოდში,  ხშირად სტუმრობენ საზოგადოებრივ დაწესებულებებს, სადაც შესაძლებელია გახორციელდეს სრულყოფილი სქესობრივი განათლების პროგრამა. ამ პროგრამებში ჩართვა, მოსწავლეებს აძლევს საშუალებას გაიღრმავონ ის ცოდნა, რომელიც მათ საკლასო გარემოში, სრულყოფილი სქესობრივი განათლების პროგრამის ფარგლებში შეიძინეს. მაგალითად, მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში, მასწავლეებს ეკრძალებათ საკლასო გარემოში მოსწავლეებისათვის კონდომების ჩვენება, თუმცა იგივე აკრძალვა არ ვრცელდება საზოგადოებრივ ცენტრებზე; გარდა ამისა, საზოგადოებრივ ცენტრებში შეხვედრების ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული და არ წარმოადგენს 40-წუთიან გაკვეთილს. არაფორმალური განათლებისა და საზოგადოებრივი დაწესებულებების ბაზაზე შეთავაზებული სრულყოფილი სქესობრივი განათლება იძლევა მშობლებისა და საზოგადოების წამყვანი ფიგურების ჩართულობის უზრუნველყოფისა და სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურების მომწოდებლებთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარების შესაძლებლობას. ვინაიდან, არაფორმალური განათლებისა და საზოგადოებრივი დაწესებულებების დონეზე, სრულყოფილი სქესობრივი განათლების მიწოდების მექანიზმი შესაძლებელია განსხვავებული იყოს, აღნიშნული პროგრამის შინაარსი უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებებს და მოიცავდეს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის რეკომენდებული თემების ფართო სპექტრს და  ეფექტური პროგრამის მახასიათებლებს.

  • ზოგადად, იზრდება და ძლიერდება სკოლის ბაზაზე წარმოებული სრულყოფილი სქესობრივი განათლების მტკიცებულებათა ბაზა, ჩნდება ანგარიშები, რომლებიც მოიცავს პოზიტიური შედეგების მაგალითებსა და დასკვნებს.

    2016 წლის შესაბამის ანგარიშში დასკვნის სახით ნათქვამია, რომ, 2008 წლიდან მოყოლებული, სრულყოფილი სქესობრივი განათლების მტკიცებულებათა ბაზის ზრდის მიუხედავად, კვლავაც ძალაში რჩება და ფართოდ გამოიყენება ის დასკვნები და რეკომენდაციები, რომლებიც თავდაპირველ სახელმძღვანელოშია შესული. მოცემული კვლევა ადასტურებს, რომ სასწავლო პროგრამის საშუალებით გახორციელებული სრულყოფილი სქესობრივი განათლების პროგრამა შემდეგ შედეგებს იძლევა:

    • სქესობრივი ცხოვრების დაწყების გადავადება;
    • სქესობრივი აქტების სიხშირის შემცირება;
    • სქესობრივი პარტნიორების რაოდენობის შემცირება;
    • შემთხვევითი კავშირების რაოდენობის შემცირება;
    • კონდომების გამოყენების შემთხვევათა ზრდა;
    • კონტრაცეპტივების გამოყენების შემთხვევათა ზრდა.

    2016 წელს წარმოებული მტკიცებულებათა კვლევის შედეგებში ნათქვამია, რომ სქესობრივ განათლებას დადებითი გამოსავალი აქვს, მათ შორისაა სექსუალობის სხვადასხვა ასპექტზე, სექსუალური ქცევისა და ორსულობის, ან სგგი-თა და აივ-ინფიცირების რისკების შესახებ ცოდნის გარღმავება. არსებობს სარწმუნო მტკიცებულება იმისა, რომ სქესობრივი განათლება ხელს უწყობს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისადმი დამოკიდებულების გაუმჯობესებას (UNESCO, 2016c). განახლებულ სახელმძღვანელოში ასახულია თავდაპირველ სახელმძღვანელოში გათვალისწინებული კვლევის შედეგები და გამოყენებულია საკმაოდ ფართო სპექტრის სამეცნიერო და პრაქტიკული ლიტერატურა, რომელიც ადასტურებს, რომ სქესობრივი განათლება, რომელიც ხორციელდება სკოლის ფარგლებში ან სკოლის ფარგლებს მიღმა, არ უწყობს ხელს სქესობრივი აქტიურობის ზრდას, ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი სექსუალურ ქცევას და სგგი/აივ-ინფიცირების შემთხვევათა ზრდას.

    მარტივი არ არის ბიოლოგიურ ასპექტებზე – როგორიცაა სგგი/აივ-ინფიცირების შემთხვევათა სიხშირე – სრულყოფილი სქესობრივი განათლების გავლენის შესახებ დასკვნების გაკეთება, ვინაიდან ჯერ-ჯერობით შედარებით მწირია ამ მიმართულებით წარმოებული ხარისხიანი კვლევების რაოდენობა, განსაკუთრებით იმ კვლევებისა, რომლებიც  ხანგრძლივი კვლევის მიდგომას იყენებს (Fonner et al., 2014; Lopez et al., 2016; Oringanje et al., 2009).

    კვლევა აჩვენებს, რომ სასწავლო პროგრამას პოტენციურად შეუძლია სასურველი პოზიტიური ზემოქმედების მოხდენა ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე, როდესაც მას გააჩნია ის მახასიათებლები, რომლებიც მას „ეფექტურს“ ხდის სრულყოფილი სქესობრივი განათლების მიზნების მიღწევის თვალსაზრისით (იხ. ცხრილი 4), როდესაც იგი კომპლექსურად მრავალ ასპექტს მოიცავს და როდესაც მისი გახორციელება წარმოებს წინასწარ გაწერილი გეგმის შესაბამისად. კვლევაში, დასკვნის სახით, ასევე ნათქვამია, რომ სკოლის ბაზაზე გახორციელებული სქესობრივი განათლება ჰოლისტიკური სტრატეგიის ნაწილს უნდა წარმოადგენდეს, რომლის მიზანიც არის ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა სექსუალობის შესახებ ცოდნის შეძენის პროცესში და საკუთარი სქესობრივი და რეპროდუქციული მომავლის შექმნის საქმეში, რაც გულისხმობს პროგრამის გახორციელებას სხვადასხვა გარემოში – მათ შორის სკოლაში, საზოგადოებაში, ჯანდაცვის დაწესებულებებში და ოჯახებში.

    არსებობს სანდო მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მრავალკომპონენტიანი ინტერვენციის სარგებლიანობას, რომელიც სკოლის ბაზაზე წარმოებულ სქესობრივ განათლებას აკავშირებს სკოლის ფარგლებს გარეთ, ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილ გარემოში  მიღებულ მომსახურებასთან, მაგალითად, როგორიცაა კონდომების დარიგება. მიუხედავად იმისა, რომ, სკოლის ბაზაზე გახორციელებული სრულყოფილი სქესობრივი განათლება, თავისთავად, არ არის საკმარისი აივ პრევენციისათვის და ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის უზრუნველყოფისათვის, იგი მაინც რჩება ამ მიმართულებით ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიად და სტრატეგიად, რომელიც არ უკავშირდება გაზრდილ ხარჯებს (UNESCO, 2011a).

    მიუხედავად იმისა, რომ კვლევათა უმეტესობაში ყურადღების ცენტრში ჯანმრთელობაზე ზემოქმედებაა მოქცეული, სრულყოფილი სქესობრივი განათლების კვლევა ცხადყოფს, რომ  ამგვარი განათლება ასევე ხელს უწყობს უფრო მასშტაბური შედეგების დადგომას, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, თავდაჯერებულობა თუ თვითმყოფადობა, როგორც ეს ჩამოყალიბებულია სრულყოფილი სქესობრივი განათლების შესწორებულ განმარტებაში, რომელიც წინამდებარე სახელმძღვანელოშია მოცემული. სისტემატური კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე გაკეთებული დასკვნების გარდა, 2016 წელს წარმოებულ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ, 2008 წლიდან მოყოლებული, წარმოებულია საკმაოდ დიდი რაოდენობით კვლევები, რომლებიც სრულყოფილი სქესობრივი განათლების პროგრამების შეფასებას ემსახურება, თუმცა ეს კვლევები არ აკმაყოფილებს ჩართულობის კრიტერიუმებს (ე.ი. არ არის რანდომიზებული, არ არის კონტროლირებადი და არ მოიცავს თვისობრივ კვლევას), განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში. ამ კვლევების შედეგები და, ასევე, სქესობრივი განათლების პროგრამის შემუშავებაზე, დანერგვასა და შეფასებაზე პასუხისმგებელი სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციები მიუთითებს სრულყოფილი სქესობრივი განათლების პროგრამების პოტენციურ ეფექტზე, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ჯანმრთელობაზე ზემოქმედებით, არამედ ასევე ემსახურება: გენდერულ ნიადაგზე და სქესობრივი პარტნიორებს შორის ძალადობისა და დისკრიმინაციის პრევენციასა და ამგვარი შემთხვევების შემცირებას; გენდერული თანასწორობის ნორმების დამკვიდრებას და თავდაჯერებულობისა და თვითმყოფადობის განცდის ზრდას; და უფრო მყარი და ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებას.  დღეის მდგომარეობით, მწირია იმ კვლევების რაოდენობა, რომლებიც შეისწავლის და აფასებს აღნიშნული პროგრამების არა მხოლოდ ჯანმრთელობაზე ზემოქმედებას, არამედ მისგან განსხვავებულ, ზემოთ ჩამოთვლილ ასპექტებზე ზემოქმედებას.

    ჯანმრთელობისაგან განსხვავებულ ასპექტებზე ზემოქმედების კვლევა თანდათან ფართოვდება, რაც დასტურია იმისა, რომ გენდერული თანასწორობის ნორმები და ძალადობა, მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს სრულყოფილი სქესობრივი განათლების მთელ რიგ სასურველ შედეგებზე. ზოგიერთი კვლევის შედეგად გამოკვეთა აღნიშნული პროგრამების შედეგებზე გენდერული თანასწორობის ნორმებისა და ძალადობის გავლენის ანალიზის საჭიროება, მათ შორის, განსაკუთრებით გოგონებისა და ახალგაზრდა ქალების მიერ სექსუალობასთან დაკავშირებული რისკების შესახებ შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასთან დაკავშირებით.  შესაბამისად, მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობის ნორმების დამკვიდრების შემაფერხებელი ფაქტორების იდენტიფიცირება და მათი გაუვნებელყოფის მიმართულებით მუშაობა, ასევე იმ ფაქტორების იდენტიფიცირება და გაუვნებელყოფა, რომლებიც აფერხებს მასთან დაკავშირებული ცოდნისა და დამოკიდებულებების პრაქტიკაში გამოყენებას. შესაბამისად, სრულყოფილი სქესობრივი განათლების ეფექტურობის შეფასებისას საჭიროა გათვალისწინებული იქნას ის გავლენა, რომელიც შესაძლოა მასზე ჰქონდეს ძალადობას (Mathews et al., 2012; UNESCO, 2016b).

    • სქესობრივი განათლება – რომელიც ხორციელდება სკოლის ფარგლებში ან სკოლის ფარგლებს გარეთ – არ უწყობს ხელს სქესობრივი აქტიურობის ზრდას, ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი სექსუალურ ქცევას და სგგი/აივ-ინფიცირების შემთხვევათა ზრდას (UNESCO, 2009; Fonner et al., 2014; Shepherd et al., 2010).
    • სქესობრივი განათლება დადებითად ზემოქმედებს სხვადასხვა ასპექტზე, მათ შორის, აფართოვებს ახალგაზრდებში სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და შესაბამისი ქცევების შესახებ ცოდნას, და აუმჯობესებს აღნიშნულისადმი მათ დამოკიდებულებებს (UNESCO, 2016b). სქესობრივი განათლების თითქმის ყველა შესწავლილი და გამოკვლეული პროგრამა, ხელს უწყობს სექსუალობის სხვადასხვა ასპექტებისა და ორსულობისა და სგგი/აივ-ინფიცირების რისკების შესახებ ცოდნის გარღმავებას.
    • პროგრამები, რომლებიც მხოლოდ სქესობრივი კავშირებისაგან თავშეკავების პროპაგანდას ემსახურება, არაეფექტური აღმოჩნდა სქესობრივი კავშირების გადავადების, სქესობრივი კავშირების სიხშირის შემცირებისა თუ სქესობრივი პარტნიორების რაოდენობის შემცირების მიმართულებით. უფრო ეფექტურია პროგრამები, რომლებიც ემსახურება სქესობრივი ცხოვრების დაწყების გადავადებას და პარალელურად ახალგაზრდებს აწვდის ინფორმაციას კონდომებისა და კონტრაცეპტივების გამოყენების თაობაზე (Kirby, 2007; Underhill et al., 2007; UNESCO, 2009; Fonner et al., 2014).
    • პროგრამები, რომლებიც ერთდროულად ემსახურება ორსულობის პრევენციასა და სგგი/აივ-ინფიცირების პრევენციას, უფრო ეფექტურია, ვიდრე პროგრამები, რომლებიც მხოლოდ ორსულობის ან მხოლოდ სგგი/აივ-ინფიცირების პრევენციას ემსახურება, მაგალითად, კონტრაცეპტივებისა და კონდომების ეფექტურად გამოყენებისა და კონდომების გარეშე შემდგარი სქესობრივი კავშირების რაოდენობის შემცირების მიმართულებით (Lopez et al., 2016; UNESCO, 2016c).
    • სრულყოფილი სქესობრივი განათლების პროგრამის ფარგლებში მხოლოდ უფლებებზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენება მოკლევადიან დადებით შედეგებს იძლევა ცოდნისა და დამოკიდებულებების მიმართულებით: მათ შორის, სქესობრივი ურთიერთობების ფარგლებში, საკუთარი უფლებების შესახებ ცოდნის გაღრმავების მიმართულებით; პარტნიორთან სქესობრივი აქტისა და ურთიერთობების შესახებ კომუნიკაციის მიმართულებით; და პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციებში თავდაჯერებულად მოქმედების მიმართულებით. მაგრამ ამ მიდგომას ასევე ახასიათებს მნიშვნელოვანი, გრძელვადიანი დადებითი შედეგებიც, ფსიქოსოციალური და ზოგიერთი ქცევითი გამოვლინების მიმართულებით (Constantine et al., 2015b; Rohrbach et al., 2015; UNESCO, 2016c).
    • ჯანმრთელობაზე ზემოქმედების მიმართულებით, პროგრამები, რომლებიც გენდერულ ასპექტებზეა ორიენტირებული, მნიშვნელოვნად უფრო ეფექტურია, ვიდრე პროგრამები, რომლებიც არ ითვალისწინებს გენდერულ ასპექტებს, ვინაიდან ისინი ამცირებს არასასურველი და დაუგეგმავი ორსულობების ან სგგი-ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობას. აღნიშნული გულისხმობს პროგრამების ფარგლებში მოქნილი თემებისა და სწავლების იმ მეთოდების გამოყენებას, რომლებიც ეხმარება მოსწავლეებს გადასინჯონ და კრიტიკულად შეაფასონ გენდერთან დაკავშირებით დამკვიდრებული სოციალური და კულტურული ნორმები და ჩამოიყალიბონ გენდერულ თანასწორობაზე დაფუძნებული დამოკიდებულებები (Haberland and Rogow, 2015).
    • სათანადოდ გახორციელებული პროგრამების შემთხვევაში – ე.ი. პროგრამები, რომლებიც ეფექტურ სასწავლო პროგრამაზეა აგებული და რომელთა გახორციელებაც წარმოებს გეგმის შესაბამისად – გაცილებით მაღალია ალბათობა იმისა, რომ მივიღოთ პროგრამით გათვალისწინებული სასურველი შედეგები, ახალგაზრდების ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, ვიდრე იმ პროგრამების შემთხვევაში, რომელთა გახორციელებისას წარმოებს თავდაპირველ ფორმატში, შინაარსში ან მიწოდების მეთოდებში ცვლილებების შეტანა (Michielsen et al., 2010; Shepherd et al., 2010; Wight, 2011). არსებობს მტკიცებულებები იმისა, რომ პროგრამებში ცვლილებების შეტანა (მაგალითად, პროგრამის არსებულ კონტექსტზე მორგების პროცესში) ამცირებს მის ეფექტურობას. მსგავსი ცვლილებები მოიცავს: გაკვეთილების რაოდენობისა ან ხანგრძლივობის შემცირებას; მონაწილეთა ჩართულობის შემცირებას; ძირითადი გზავნილებისა ან იმ უნარების უგულებელყოფას, რომლებსაც, პროგრამის თანახმად, უნდა დაეუფლონ მოსწავლეები; კონკრეტული თემების სრულად ამოღებას; თეორიულ მიდგომაში ცვლილების შეტანას; მასწავლებელთა ან მოხალისეთა იმ კონტიგენტის ჩართვას, რომლებსაც არ აქვთ გავლილი შესაბამისი მომზადება და არ ფლობენ სათანადო კვალიფიკაციას; და/ან რეკომენდებულზე უფრო ნაკლები მასწავლებლების ჩართვას (O’Connor et al., 2007). თუმცა, პროგრამის ეფექტურობაზე არ ახდენს გავლენას ისეთი ცვლილებები, როგორიცაა გამოყენებული ლექსიკის, ვიზუალური მასალისა ან კულტურული ფაქტების შეცვლა.
    • ეფექტური საგანმანათლებლო პროგრამების გადატანა ერთი გარემოდან მეორე გარემოში, დადებით ზემოქმედებას ახდენს მოსწავლეთა მიერ ცოდნის შეძენისა და დამოკიდებულებებისა და ქცევის ჩამოყალიბების მიმართულებით, მაშინაც კი, თუ მათი გახორციელება ერთმანეთისაგან სრულებით განსხვავებულ გარემოში წარმოებს (Fonner et al., 2014; Kirby et al., 2006). აღნიშნული დასკვნა ემთხვევა სხვა სფეროებში წარმოებული კვლევების შედეგად გაკეთებულ დასკვნებს, რომლებიც აჩვენებს, რომ სათანადოდ შედგენილი ფსიქოსოციალური და ქცევაზე ორიენტირებული პროგრამა, რომელიც ეფექტური აღმოჩნდა ერთ ქვეყანაში ან კონკრეტული კულტურის მქონე ქვეყნებში, წარმატებით შეიძლება დაინერგოს ამ ქვეყნისგან ან ქვეყნებისგან განსხვავებულ ქვეყნებში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი გახორციელება წარმოებს შემცირებული რესურსებით (Gardner et al., 2015; Leijten et al., 2016).
    • მაშინ როცა, სქესობრივი განათლების პროგრამები, დასტურდება, რომ აფართოვებს ცოდნას, ანვითარებს უნარებსა და დამოკიდებულებებს, რომლებიც საჭიროა საფრთხის შემცველი სქესობრივი ქცევისაგან თავის შეკავებისათვის (მაგალითად, როგორიცაა დაუცველი სქესობრივი კონტაქტი) და ამყარებს სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის აუცილებლობის აღქმას, სხვა ფაქტორები, როგორიცაა დამკვიდრებული სოციალური და გენდერული ნორმები, ძალადობა და მომსახურების ხელმისაწვდომობის მიმართულებით არსებული  ბარიერები, რომლებიც ბევრი ახალგაზრდისათვის შესაძლებელია პრობლემას წარმოადგენდეს, საჭიროებს მართვას, რათა მოხდეს მათი ადაპტირება და შეცვლა უსაფრთხო სქესობრივი ქცევის დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით (UNESCO, 2009).
    • სქესობრივი განათლება ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც სკოლის ბაზაზე გახორციელებულ პროგრამას ემატება საზოგადოებრივ დონეზე გატარებული ღონისძიებები, როგორიცაა, მაგალითად: კონდომების დარიგება; ჯანდაცვის მუშაკების მომზადება, ახალგაზრდებისათვის მომსახურების კომფორტულად მიწოდების უზრუნველსაყოფად; და მშობლებისა და მასწავლებლების ჩართულობა (Chandra-Mouli et al., 2015; Fonner et al., 2014; UNESCO, 2015a).
    • მრავალკომპონენტიანი პროგრამები, განსაკუთრებით ის პროგრამები, რომლებიც გულისხმობს სკოლის ბაზაზე წარმოებული სქესობრივი განათლების დაკავშირებას სკოლის გარეთ, ჯანდაცვის მიმართულებით მიწოდებულ, ახალგაზრდებისათვის კომფორტულ მომსახურებასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროგრამაში მარგინალიზებული ახალგაზრდების ჩართვის მიმართულებით, მათ შორის იმ ახალგაზრდების ჩართვის მიმართულებით, რომლებიც სკოლებში არ ირიცხებიან (UNESCO, 2016c).