საკუთარი როლის გაცნობიერება

თქვენი მიზანია თქვენს მოსწავლეებს შეასწავლოთ სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხები და არა საკითხები, რომლებიც სქესობრივ ურთიერთობებს უკავშირდება. თქვენ მათ ასწავლით საკითხებს, რომლებიც უკავშირდება სქესობრივი ურთიერთობის ფართო ცნებას, რაც არ გულისხმობს მხოლოდ ბიოლოგიას.

ადამიანის სქესობრივი ჯანმრთელობა მოიცავს მათ სქესობრივ ურთიერთობებთან დაკავშირებულ ფიზიკურ, გონებრივ, ემოციურ და სოციალურ სფეროებს. მასწავლებლები მოსწავლეებისა და მათი ოჯახებისათვის მისაბაძ პირებსა და ინფორმაციის სანდო წყაროს წარმოადგენენ.

სათანადო მომზადებაა საჭირო იმისათვის, რომ შეძლოთ ადამიანის სქესობრივი ჯანმრთელობის სასწავლო პროგრამის სწავლება და რათა უფრო კომფორტულად იგრძნოთ თავი აღნიშნული სასწავლო პროგრამის სწავლების პროცესში. ასევე საჭიროა წინასწარ იცოდეთ რა შემთხვევაში და როგორ უნდა მოაწოდოთ ინფორმაცია მოსწავლეების მშობლებს და როგორ შეძლოთ საკუთარი ღირებულებების უკეთ გაცნობიერება.

თქვენი ღირებულებები

ვიდრე სქესობრივი ჯანმრთელობის სწავლებას შეუდგებოდეთ, საჭიროა კარგად გაიზაროთ საკუთარი ღირებულებები და მიდრეკილებები. ეს მნიშვნელოვანია, რათა თქვენდა უნებურად არ მოხდეს თქვენი მხრიდან პირადი ღირებულებების მოსწავლეებისათვის თავს მოხვევა. ის, თუ როგორ ასწავლით თქვენს მოსწავლეებს სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხებს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თავად ინფორმაცია, რომელსაც თქვენ მათ გადასცემთ. როდესაც მოსწავლეები გრძნობენ, რომ ისინი მნიშვნელოვანი პირები არიან და მათ ღირებულებებს პატივს სცემენ, ეს მათთვის არის სტიმული სკოლაში უკეთ ისწავლონ და წარმატებებს მიაღწიონ.

მოსწავლეების წარმატებასა და მათი თვითშეფასების ამაღლებას დიდად უწყობს ხელს სკოლის მზრუნველი და უსაფრთხო გარემო, სადაც მათ ანგარიშს უწევენ, ცდილობენ უზრუნველყონ მათი ჩართულობა, სადაც ისინი გრძნობენ, რომ ისინი მიღებულები არიან და პატივს სცემენ მათ. ამგვარი გარემო ხელს უწყობს მოსწავლეების მიერ სხვებთან ჯანსაღი და ჰარმონიული ურთიერთობების დამყარებას, ისინი სწავლობენ მრავალფეროვნების დაფასებას და სხვების მიმართ პატივისცემისა და თანაგრძნობის გამოხატვას.

ქვემოთ მოცემული წინადადებების გააზრება დაგეხმარებათ შეაფასოთ თქვენი საკუთარი ღირებულებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენი სწავლების სტილზე. არ არსებობს ერთი „უნივერსალური“ მიდგომა სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხების სწავლების დროს. თქვენ არ გექნებათ პასუხი ყველა კითხვაზე, თუმცა თქვენ უნდა იცოდეთ სად ეძებოთ პასუხები. იმ შემთხვევაში, თუ ქვემოთ მოცემულ წინადადებებში ჩამოყალიბებული მიდგომების გააზრების შემდგომ თქვენ გადაწყვეტთ, რომ არ ხართ მზად მოსწავლეებთან იმუშაოთ სქესობრივი ჯანმრთელობის სასწავლო პროგრამის გახორციელების მიმართულებით, თქვენი საკუთარი ეთიკური, მორალური თუ რელიგიური მოსაზრებების გამო, ამის თაობაზე შეგიძლიათ გაესაუბროთ სკოლის ადმინისტრაციას.

კარგად გაიზრეთ თითოეული წინადადება და ჩამოაყალიბეთ, რას ფიქრობთ მასში მოცემული აზრის თაობაზე. შემდეგ წაიკითხეთ კომენტარი, რომლებიც სპეციალურ კვლევებს ეფუძნება.

მშობლები პასუხისმგებელი არიან ასწავლონ საკუთარ შვილებს სქესობრივ ურთიერთობებთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები.

მშობლები და მეურვეები მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ ბევშვებისა და მოზარდების სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ განათლების საქმეში. სწორედ ისინი ქმნიან ბავშვების დამოკიდებულებების, მორალისა და ღირებულებების საფუძველს.

გამოკითხვის შედეგები, გამონაკლისის გარეშე, გვიჩვენებს, რომ მშობლებს და მოსწავლეებს აქვთ სურვილი სკოლებში ისწავლებოდეს სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხები. სკოლებს აქვთ საშუალება იქცნენ სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ სწავლების ძირითად წყაროდ და გარანტიად იმისა, რომ სქესობრივი ჯანმრთელობის ყოვლისმომცველი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ მოსწავლეებისათვის მიწოდებული ინფორმაცია იქნება თანამიმდევრული, ზუსტი და თანამედროვე.

რაც უფრო მეტი ინფორმაცია აქვს ბავშვს სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებით, მით უფრო მაღალია ალბათობა იმისა, რომ ისინი ექსპერიმენტებს მიმართავენ.

სქესობრივი ჯანმრთელობის ყოვლისმომცველი საგანმანათლებლო პროგრამები შექმნილია იმისთვის, რომ მოსწავლეებში მოხდეს იმ უნარების განვითარება, რომლებიც საჭიროა სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებით გონივრული და გააზრებული გადაწყვეტილების მიღებისათვის. პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს მოსწავლეების ინფორმირებას კონტრაცეფციისა და უსაფრთხო სქესობრივი კავშირების შესახებ, არ უწყობს ხელს მოსწავლეებში სქესობრივი ცხოვრების უფრო ადრეულ ასაკში დაწყებას ან უფრო ხშირ სქესობრივ კავშირებს. ფაქტობრივად, პროგრამები, რომლებიც მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას აბსტინენციის (სქესობრივი ცხოვრებისაგან თავის შეკავების) და უსაფრთხო სქესობრივი კავშირების შესახებ, მოზარდებში ხელს უწყობს იმას, რომ მოზარდებს პირველი სქესობრივი კავშირი ადრეულ ასაკში არ აქვთ.  სქესობრივი ჯანმრთელობის ყოვლისმომცველი საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება გვიჩვენებს, რომ ამ პროგრამის ფარგლებში ინფორმირებული მოზარდები პირველ სქესობრივ კავშირს უფრო გვიან ასაკში ამყარებენ, უფრო ნაკლები პარტნიორები ჰყავთ და უფრო ხშირად იყენებენ პრეზერვატივებს, ვიდრე ის მოზარდები, რომლებიც ამ პროგრამებში არ მონაწილეობენ.

ჩემდამი მოსწავლეების ნდობა შემცირდება, თუ მე მათ მიერ დასმულ ყველა კითხვაზე არ მექნება პასუხი, ან თუ მოსწავლეებმა იგრძნეს რომ სქესობრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ზოგიერთი საკითხის განხილვისას მე თავს უხერხულად ვგრძნობ.

სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხებზე მსჯელობა არ არის მარტივი. უმჯობესია თქვენმა მოსწავლეებმა იცოდნენ იმის შესახებ, რომ თქვენ მცირე დისკომფორტს განიცდით ამ თემებზე საუბრისას, ამგვარად თქვენ მათ დაეხმარებით უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი. თავს უფრო კომფორტულად იგრძნობთ, თუ გეცოდინებათ სად უნდა ეძიოთ ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დარწმუნებული არ ხართ რომ ზუსტი პასუხი გაქვთ მოსწავლის მიერ დასმულ კითხვაზე, უთხარით მათ ამის შესახებ, დაარწმუნეთ ისინი, რომ ამ კითხვაზე ზუსტ პასუხს მოიძიებთ და შემდეგ შეხვედრაზე გააცნობთ მას თქვენს მოსწავლეებს. ყველაფერზე პასუხი არავის აქვს. ჩვენი საიტის გვერდზე – ვპასუხობთ მოსწავლეების კითხვებს –  ხელმისაწვდომია ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარებათ თავდაჯერებული პასუხები გასცეთ თქვენი მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებს.

ვნერვიულობ, როდესაც, საკლასო გარემოში, სქესობრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხზე ვესაუბრები მოსწავლეებს.

ეს აბსოლუტურად ნორმალური და ბუნებრივია. სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ განათლება უნდა ითვალისწინებდეს ყველა მოსწავლის მრავალნაირ საჭიროებებს. მნიშვნელოვანია, რომ სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ განათლების პროცესში მონაწილე პედაგოგებმა უზრუნველყონ მოსწავლეებისათვის სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც იქნება კულტურული თვალსაზრისით შესაბამისი და სხვადასხვა სოციალურ სიტუაციაზე მორგებული. ამ შემთხვევაში გამართლებულია ფაქტებზე საუბარი, ნაცვლად ღირებულებებზე საუბრისა. წინამდებარე საიტის  სწავლების მეთოდების განყოფილებაში მოცემულია სწავლის სტრატეგიების ჩამონათვალი, რომლითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ მოცემული სასწავლო პროგრამის გახორციელებისას.

აუცილებლად უნდა ვუპასუხო ყველა კითხვას, რომელსაც მოსწავლეები კითხვების ყუთში ათავსებენ.

თქვენ მიერ გაცემული პასუხები უნდა იყოს სრული, ზუსტი და მოსწავლეების ასაკისა და მათი განვითარების ეტაპის შესაბამისი. მოსწავლეები სვამენ კითხვებს რათა მათზე პასუხები მიიღონ. თქვენ შეგიძლიათ ერთნაირი კითხვები დააჯგუფოთ; ან ისე, რომ არ შელახოთ კითხვის ავტორის ღირსება, აღნიშნოთ, რომ კითხვა დამაბნეველია ან თემასთან არ აქვს კავშირი;  ან აღნიშნოთ, რომ კითხვაზე პასუხს შემდეგში გასცემთ, როდესაც შესაბამისი თემის ან საკითხის განხილვის დრო მოვა. არ არის საჭირო გასცეთ პასუხი კითხვებს, რომლებიც თქვენს პირად გამოცდილებას ეხება, მაგრამ მსგავსი კითხვები გაძლევთ საშუალებას მოსწავლეებს ესაუბროთ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის შესახებ და შეახსენოთ მათ წინსაწარ შეთანხმებული ძირითადი წესები.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები, ჩემთან შედარებით, უკეთ არიან მომზადებული სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ სასწავლო პროგრამის გახორციელებისათვის.

მასწავლებლებისათვის არ არის უჩვეულო იფიქრონ, რომ ზოგიერთი „კლინიკური“ საკითხის, როგორიცაა შობადობის კონტროლი ან სგგი, ან ზოგიერთი სადავო ან სენსიტიური თემის შესახებ მოსწავლეებს უმჯობესია სამედიცინო პერსონალი, ექთანი ან გინეკოლოგი ესაუბროს. თუმცა ამ საიტზე ძალიან ბევრი რესურსია ხელმისაწვდომი, რომლებიც დაგეხმარებათ თავი უფრო კომფორტულად იგრძნოთ ამ თემებზე მოსწავლეებთან საუბრისას. გარდა ამისა, ის პიროვნული ურთიერთობები, რომლებიც თქვენსა და თქვენს მოსწავლეებს შორის არის ჩამოყალიბებული, თქვენ უფრო კომპეტენტურ პირად წარმოგაჩენთ მოსწავლეების თვალში. მასწავლებლის პასუხისმგებლობაში შედის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის მიზნების მიღწევა. როდესაც სასწავლო პროცესში წარმოებს საზოგადოებრივი რესურსის ჩართვა, მასწავლებელი აქტიურად უნდა მონაწილეობდეს პროგრამისა თუ პრეზენტაციის ყველა სეგმენტში, მათ შორის უნდა წარმართოს მოსწავლეთა მოსამზადებელი აქტივობები და პროგრამისა თუ პრეზენტაციის შემდგომი შემაჯამებელი აქტივობები.

დისკომფორტს არ მიქმნის ის, რომ სქესობრივი ჯანრთელობის საკითხებზე საუბრისას მესმის ჟარგონული ტერმინები.

წინასწარ შეთანხმებულ ძირითად წესებში აუცილებელია შეიტანოთ წესი, რომელიც შესაბამისი ლექსიკის გამოყენებას ეხება. სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები და კომენტარები მაქსიმალურად კორექტულად ჩამოაყალიბონ. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ჟარგონს იყენებს, გაამახვილეთ ყურადღება ამ ჟარგონზე, აღნიშნეთ რომ იგი არის ჟარგონი, მიაწოდეთ მოსწავლეებს სათანადო ტერმინი და მოსთხოვეთ მათ გამოიყენონ ეს ტერმინი (მაგ. „ამ სიტყვის შესაბამისი მეცნიერული ტერმინია ____”).