ვიდეომასალის საშუალებით მოსწავლეებისათვის სქესობრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სასწავლო მასალის გაცნობა შესაძლებელია მათთვის სახალისო აღმოჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ სქესობრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უამრავი ვიდეომასალა არსებობს, ყველა მათგანი არ გამოდგება კლასში გამოსაყენებლად. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ სათანადო მასალა და ეფექტურად გამოიყენოთ იგი, მოსწავლეთა სწავლის პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით. რეკომენდებულია სკოლის ადმინისტრაციასთან შეათანხმოთ, თუ რამდენად მისაღებია საკლასო გარემოში გამოსაყენებლად შერჩეული ესა თუ ის მასალა.
ვიდეომასალის გამოყენების დადებითი მხარეები
- გვეხმარება სენსიტიურ საკითხებზე მსჯელობის დასაწყებად ნიადაგის მომზადებაში.
- მასწავლებელი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს მოსწავლეებისათვის ვიზუალური მასალის მიწოდებით (მაგალითად, როგორ უნდა იქნას გამოყენებული პრეზერვატივი).
- იძლევა რთული და აბსტრაქტული კონცეფციების ილუსტრირების საშუალებას (როგორიცაა ანატომიისა და ფიზიოლოგიის საკითხები) ანიმაციისა ან 3-D გამოსახულებების საშუალებით.
მეთოდი
1. წინასწარ განიხილეთ მასალა
- გამოიყენეთ ვიდეომასალის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც გაკვეთილის თემასა და მიზანს ესადაგება.
- დარწმუნდით, რომ ვიდეომასალა შეესაბამება მოსწავლეების ასაკს და კლასს.
2. მოამზადეთ საკლასო ოთახი
- შეამოწმეთ გამართულად მუშაობს თუ არა აპარატურა (პროექტორი, კომპიუტერი, ციფრული ვიდეო დისკი, ვებ-გვერდი, დისტანციური მართვის პულტი).
3. მოსამზადებელი აქტივობა
- განიხილეთ ტერმინები ან ძირითადი ცნებები.
- სთხოვეთ მოსწავლეებს გამოთქვან საკუთარი მოლოდინები იმის თაობაზე, თუ რას განიხილავენ და რას ისწავლიან.
- ვიდეომასალის ჩვენებამდე, დასვით ის კითხვები, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება ყურადღება გაამახვილონ ძირითად მასალაზე.
4. დაყავით ვიდეომასალა ნაწილებად
- მცირე ხნით შეაჩერეთ ვიდეომასალის ჩვენება, მნიშვნელოვანი მასლის დაწყებამდე და მისი დასრულებისას, რათა გამოკვეთოთ კონკრეტული იდეები ან შეამოწმოთ რამდენად ადეკვატურად აღიქვეს მოსწავლეებმა მასალა.
- სთხოვეთ მოსწავლეებს ვიდეომასალა დააკავშირონ სხვა თემებსა თუ რეალურ ცხოვრებისეულ მოვლენებთან.
- შეაჩერეთ ვიდეომასალის ჩვენება კადრზე, რომელიც მნიშვნელოვან ვიზუალურ მასალას იძლევა.
5. ვიდეომასალის ჩვენების შემდგომი აქტივობა
- ბევრ პროგრამას თან ახლავს სახელმძღვანელო მასალა მასწავლებლებისათვის, რომელშიც მოცემულია აქტივობებთან დაკავშირებული რეკომენდაციები. შეგიძლიათ მოსწავლეები გადაანაწილოთ მცირერიცხოვან ჯგუფებში და სთხოვოთ მათ იმსჯელონ მოცემულ თემაზე, ან გაითამაშონ სცენა როლების გადანაწილებით ან მიეცით მათ მცირე ტესტი, ათვისებული მასალის განსამტკიცებლად.