გაკვეთილი II

სწავლის შედეგი

მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს ადამიანის რეპროდუქციული სისტემის ძირითადი კომპონენტები და აღწეროს ამ კომპონენტთა ძირითადი ფუნქციები; მაგალითად განაყოფიერება, ჩასახვა.

მასალა:
  1. პოსტერები: მამაკაცის ანატომია – განსაზღვრებები
  2. სამუშაო ფურცლები მოსწავლეებისათვის: მამაკაცის რეპროდუქციული სისტემა
  3. პასუხები: მამაკაცის რეპროდუქციული სისტემა.
შესავალი:

წინამდებარე გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეები იღებენ ინფორმაციას მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის შესახებ.

მიდგომები/სტრატეგია:

ძირითადი წესები (5-10 წთ.)
ძირითადი წესების შესახებ შეთანხმება უნდა შედგეს გაკვეთილის დაწყებამდე. იმ კლასებში, სადაც ძირითადი წესები უკვე წინასწარ არის ჩამოყალიბებული და შეთანხმებული, მოკლედ მიმოიხილეთ ისინი, გაკვეთილის წარმატებით წარმართვის მიზნით.

მოსწავლეებს ვაცნობთ ადამიანის სქესობრივი თვითშეგნების ასპექტებს
მოსწავლეებისგან ააგროვეთ სამუშაო ფურცლები – „ანატომია და ფიზიოლოგია – კროსვორდი“, რომელიც მოსწავლეებმა საშინაო დავალების ფორმით შეასრულეს.

შეგიძლიათ შევსებული კროსვორდი დიდი ფორმატის ფურცელზე გადაიტანოთ ან ეკრანზე გამოიანოთ და საშინაო დავალების განხილვის დროს ვიზუალური მასალის სახით გამოიყენოთ. ყველაზე მარტივი გზა არის განხილვის სამ ეტაპად დაყოფა: გარე სასქესო ორგანოები; შიდა სასქესო ორგანოები და როგორ მუშაობს რეპროდუქციული სისტემა.  მასალის ახსნისას კითხვების ჩართვა მოსწავლეების ჩართულობასა და მასალაზე მათი ყურადღების კონცენტირებას უზრუნველყოფს.
გარე სასქესო ორგანოები:

სასქესო ასო

  • მამაკაცის გარე სასქესო ორგანო.
  • მამაკაცის სასქესო ასოდან ხდება სპერმისა და შარდის გამოყოფა.
  • მამაკაცის სასქესო ასო შედგება რბილი ქსოვილისაგან, რომელიც სისხლით ივსება აღგზნებულ მდომარეობაში (ერექცია).
  • მამაკაცის სასქესო ასოში არ არის წარმოდგენილი ძვალი.
  • სასქესო ასო სხეულის ზრდის პარალელურად იზრდება. სასქესო ასოს ზომა ინდივიდუალურია.

ჩუჩა

  • კანი, რომელიც ფარავს ასოს თავს და რომელიც ერექციის დროს გადაიწევა და ისე, რომ გამოჩნდეს ასოს თავი.
  • ჩუჩის ნაწილობრივ მოკვეთა წარმოებს პროცედურის დროს, რომელსაც წინადაცვეთა ეწოდება.
  • ბიჭებს, რომლებსაც წინადაცვეთა არ ჩატარებიათ, რეგულარულად სჭირდებათ ჩუჩის შიდა კანის გასუფთავება. ჩუჩის გადაწევა არ შეიძლება თუ იგი ასოს თავთან არის შეხორცებული. ჩუჩის ასოს თავთან შეხორცება ბუნებრივად გაივლის.

წინადაცვეთა

  • ექიმის მიერ წარმოებული ქირურგიული პროცედურა, რომლის დროსაც ხდება ჩუჩის ნაწილობრივი მოკვეთა.
  • როგორც წესი, წინადაცვეთა ბიჭებს დაბადებიდან მალევე უტარდებათ.
  • ბევრ ბიჭს უტარდება წინადაცვეთა და ასევე ბევრს არ აქვს ჩატარებული წინადაცვეთა. წინადაცვეთა არ მოქმედებს ასოს ფუნქციონირებაზე.
წინადაცვეთა ნიშნავს ჩუჩის – ანუ კანის იმ ნაწილის მოკვეთას, რომელიც ასოს თავს ფარავს. ქირურგიული გზით ჩუჩის ნაწილის მოშორება უტარდებათ ახლადდაბადებულ ბიჭებს, ჩვეულებრივ, დაბადებიდან რამოდენიმე დღეში და ეს პროცედურა სავალდებულო არ არის; რაც იმას ნიშნავს, რომ ბიჭის წინადაცვეთის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ მშობლები.  მშობლების გადაწყვეტილება ბიჭის წინადაცვეთის შესახებ, როგორც წესი, ემყარება რელიგიურ ან კულტურულ მოსაზრებებს და ტრადიციების ნაწილს წარმოადგენს. არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ წინადაცვეთა გამართლებულია ჰიგიენის თვალსაზრისით. ბიჭებს, რომლებსაც წინადაცვეთა არ ჩატარებიათ, რეგულარულად სჭირდებათ  ჩუჩის გადაწევა და ასოს თავის გასუფთავება.
ქალების წინადაცვეთა მოიცავს პროცედურებს, რომლებიც გულისხმობს ქალების გარე სასქესო ორგანოების ნაწილობრივ ან სრულ მოკვეთას, ან მათ დამახინჯებას, არასამედიცინო მიზნებისათვის. ქალების წინადაცვეთას არანაირი სარგებელი არ მოაქვს ქალების ჯანმრთელობისათვის, არამედ ვნებს მათ ჯანმრთელობას სხვადასხვა გზით. ქალების წინადაცვეთა გულისხმობს ქალის გარეთა სასქესო ორგანოების ჯანმრთელი ქსოცილების მოშორებას და გოგონებისა და ქალების ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას აფერხებს. ქალების წინადაცვეთა ზოგ კულტურაში გავრცელებული რიტუალური პრაქტიკაა და მოიცავს რელიგიურ და სოციალურ ფაქტორებს. ქალების წინადაცვეთა მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებების დარღვევად არის აღიარებული, ვინაიდან იგი ქალებისა და გოგონების უფლებებს ზღუდავს. ქალების წინადაცვეთა, კულტურული თვალსაზრისით, ძალიან სენსიტიურ საკითხებს განეკუთვნება, ამიტომ, ქალების წინადაცვეთაზე საუბრისას, საჭიროა სიფრთხილისა და მაქსიმალური გულისხმიერების გამოჩენა.
სათესლის პარკი
  • პარკი, რომელშიც მოთავსებულია სათესლე ჯირკვლები.
  • სათესლე ჯირკვლების მიდამოებში სხეულის ტემპერატურაზე უფრო დაბალი ტემპერატურა უნდა იყოს შენარჩუნებული, რაც ხელს უწყობს ჯანმრთელი სპერმის წარმოქმნას. სიცივეში, სათესლე პარკს სათესლე ჯირკვლები სხეულთან ახლოს მიაქვს, და სიცხეში კი პირიქით – სხეულს აშორებს.
ანუსი
  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ბოლოში არსებული ხვრელი, საიდანაც ხდება განავლის გამოყოფა.
  • ანუსი არ წარმოადგენს რეპროდუქციული სისტემის ნაწილს, არამედ არის საჭმლის მომნელებელი სისტემის ნაწილი.
შიდა სასქესო ორგანოები:

სათესლე ჯირკვლები

  • წარმოადგენს მამაკაცის სასქესო ჯირკვლებს.
  • სათესლე ჯირკვლები მოთავსებულია სათესლე პარკში.
  • სათესლე ჯირკვლები სხეულის გარეთ მდებარეობს, რაც ხელს უწყობს მათ მიდამოებში სხეულის ტემპერატურაზე უფრო დაბალი ტემპერატურის შენარჩუნებას, რაც საჭიროა ჯანმრთელი სპერმის წარმოქმნისათვის.
  • ერთი ჯირკვალი შესაძლებელია მეორე ჯირკვალზე უფრო დაბლა მდებარეობდეს, რაც ნორმალურია.
  • სათესლე ჯირკვლები სხეულის ძალიან მგრძნობიარე უბანს წარმოადგენს. აუცილებელია სათესლე ჯირკვლების დაცვა კონტაქტური სპორტით და ა.შ. დაკავების დროს.

თესლის გამომტანი სადინარი

  • წარმოადგენს ვიწრო მილს, რომლის გავლითაც წარმოებს სათესლე ჯირკვლებიდან სპერმის მიწოდება შარდსადინარში.

სათესლე ბუშტუკი

  • მცირე ზომის ორი ბუშტუკი, რომელიც მდებარეობს შარდის ბუშტის უკან და სადაც წარმოებს სათესლე სითხის წარმოქმნა და შენახვა.
  • სათესლე სითხის შერევა ხდება სპერმატოზოიდებთან და სხვა სითხეებთან, რის შედეგადაც ვიღებთ სპერმას.

შარდსადინარი

  • წარმოადგენს მილს, რომელსაც გაივლის შარდი და სპერმა, ორგანიზმიდან გამოდევნის დროს.
  • შარდისა და სპერმის გამოდევნა ორგანიზმიდან არ ხდება ერთდროულად. შარდსადინარს აქვს ორი განყოფილება, აქედან ერთი უკავშირდება შარდის ბუშტს, ხოლო მეორე სათესლე ბუშტუკს. როდესაც სასქესო ასო მზად არის ორგანიზმიდან სპერმის გამოსადევნად, ის განყოფილება, რომელიც შარდის ბუშტს უკავშირდება იკეტება სარქველის მეშვეობით, ასე რომ, არ ხდება შარდის სპერმაში შერევა. ეს პროცესი შესაძლებელია შევადაროთ საკვების მიღებისა და სუნთქვის პროცესს. როგორც ჰაერი, ასევე საკვები გაივლის საყლაპავ მილს, თუმცა ჰაერი მიეწოდება ფილტვებს, ხოლო საკვები – კუჭს.

შარდის ბუშტი

  • წარმოადგენს თირკმელებში წარმოქმნილი შარდის რეზერვუარს.
  • შარდის ბუშტი არ წარმოადგენს რეპროდუქციული სისტემის ნაწილს, არამედ არის საშარდე სისტემის ნაწილი.
როგორ მუშაობს რეპროდუქციული სისტემა:

ერექცია

  • ერექციას ადგილი აქვს, როდესაც ტვინიდან მიღებული გზავნილით, სასქესო ასო ზომაში იზრდება და მაგრდება, იგი სხეულიდან გამოშვერილ პოზიციას ინარჩუნებს.
  • მიუხედავად იმისა, რომ ერექცია შესაძლებელია ბიჭმა განიცადოს ადრეულ ასაკში, სქესობრივ მომწიფებასთან ერთად ერექციას უფრო ხშირი ხასიათი აქვს და ადგილი აქვს უნებლიე ერექციასაც.
  • ერექცია ზრდის თანმდევი ბუნებრივი პროცესია.
  • ერექციას შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს თქვენგან დამოუკიდებლად (დილით გაღვიძებისთაბნავე, ძილის დროს, ველოსიპედის ტარებისას, გამაღიზიანებლების ზემოქმედებით).
  • ერექცია ცხრება თავისით ან ეაკულაციის შემდეგ.

სპერმატოზოიდი

  • მამრობითი რეპროდუქციული უჯრედი.
  • სპერმატოზოიდი ძალიან მცირე ზომისაა (5 მლ სპერმაში 300 მილიონზე მეტი სპერმატოზოიდის უჯრედი).
  • სათესლე ჯირკვლებში ყოველდღიურად წარმოებს მილიონობით სპერმატოზოიდის წარმოქმნა.
  • სპერმატოზოიდი თესლის გამომტან სადინარს გაივლის და ხდება მისი შერევა სათესლე ბუშტუკიდან და წინმდებარე ჯირკვლიდან გამოყოფილ სითხესთან, რის შედეგადაც ყალიბდება თეთრი ფერის ბლანტი სითხე, რომელსაც სპერმა ეწოდება.

სპერმა

  • სპერმატოზოიდებისა და სათესლე ბუშტუკიდან და წინმდებარე ჯირკვლიდან გამოყოფილი სითხის ნარევი, რომლის გამოტყორცნაც ხდება სასქესო ასოდან.

ეაკულაცია

  • მიუხედავად იმისა, რომ სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე ბიჭები შესაძლებელია განიცდიდნენ ერექციას, მათი ორგანიზმი ვერ შეძლებს ეაკულაციას, ვიდრე ორგანიზმში არ დაიწყება სპერმატოზოიდებისა და სპერმის წარმოქმნის პროცესი, რომელიც თან ახლავს სქესობრივ მომწიფებას.
  • პირველ ეაკულაციას ბიჭებში ადგილი აქვს 13 წლიდან 17 წლამდე ასაკში.
  • სქესობრივი მომწიფების პროცესს უკავშირდება ღამის პოლუციაც (ძილის დროს უნებლიე ერექცია და ეაკულაცია). ამგვარად ხდება სპერმატოზოიდებისა და სპერმის კვლავწარმოქმნისადმი ორგანიზმის შეგუება. ღამის პოლუცია შესაძლებელია არ ახასიათებდეს ზოგიერთ ბიჭს. ღამის პოლუცია წყდება სქესობრივი მომწიფების გვიან ეტაპზე, მას შემდეგ, რაც ორგანიზმში დარეგულირდება სპერმატოზოიდებისა და სპერმის წარმოქმნის პროცესი.
მოსწავლეებს შესაძლებელია განსხვავებული მოსაზრებები გააჩნდეთ ღამის პოლუციის (სასქესო ასოდან სპერმის უნებლიე გამოყოფის) შესახებ. მნიშვნელოვანია გაგებითა და თანაგრძნობით მოვეკიდოთ მათ შეხედულებებს, მაგრამ ამავე დროს უნდა დავარწმუნოთ მოსწავლეები, რომ ღამის პოლუცია აბსოლუტურად ბუნებრივი და ნორმალური მოვლენაა სქესობრივი მომწიფების პროცესში.

გ. საკლასო განხილვა
მოსწავლეები იმეორებენ მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის შესახებ გაკვეთილზე ათვისებულ მასალას, იძენენ მამაკაცის ანატომიასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევის უნარებსა და განსაზღვრავენ იმ პირებს, რომლებსაც მათ შეუძლიათ დახმარებისათვის მიმართონ.

  1. რა დადებითი მხარეები აქვს მამაკაცად დაბადებას?
    – დაეხმარეთ მოსწავლეებს სათანადო პასუხები გასცენ დასმულ კითხვას.
  2. რა შეიძლება გახდეს მამაკაცის ერექციის მიზეზი?
    – აღზნება
    – აღელვება
    – ვიბრაცია
    – ღამის პოლუცია
  3. რა ემოციები შეიძლება წარმოშვას ბიჭში უნებლიე ერექციამ ან ღამის პოლუციამ?
    – გაღიზიანება
    – სირცხვილის შეგრძნება
    – აღელვება
  4. როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ არასასურველ დროსა და ადგილზე უნებლიე ერექციას?
    – ყურადღება გადავიტანოთ სხვა რამეზე, სანამ ერექცია არ გაივლის
    – დავჯდეთ
    – ხელები ჯიბეში ჩავიყოთ, ერექციის შესანიღბად
    – ვატაროთ თავისუფალი შარვლები, თუ ერექციას ხშირად განვიცდით
    – უნდა გვახსოვდეს, რომ ერექციას, რომელსაც განიცდით თქვენ უფრო ამჩნევთ ვიდრე სხვა პირები თქვენს გარშემო, და ამასთან, იგი ზრდისა და სქესობრივი მომწიფების თანმდევი ბუნებრივი პროცესია.
  5. როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ ღამის პოლუციას?
    – გამოვცვალოთ საწოლის თეთრეული
    – გავრეცხოთ ღამის პიჟამა და ქვედა საცვალი
    – ღამის პოლუცია ზრდისა და სქესობრივი მომწიფების თანმდევი ბუნებრივი პროცესია.
  6. ვის უნდა მიმართოთ თუ მამაკაცის ანატომიასა და სქესობრივი მომწიფების პერიოდისათვის დამახასიათებელი ცვლილებების შესახებ კითხვები გაგიჩნდათ?
    – მშობელს
    – უფროსი ასაკის კომპეტენტურ პირს
    – ექთანს
    – ექიმს

კითხვების ყუთი (10 წთ.)
სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მომდევნო გაკვეთილისათვის დაგეგემეთ.

კითხვები გაკვეთილის შეფასებისათვის

გაკვეთილის მსვლელობისას:

  • დაცული იქნა თუ არა ძირითადი წესები?
  • მოხდა თუ არა ჯგუფური მუშაობისა და საკითხებზე მსჯელობის კარგი პრაქტიკის ჩამოყალიბება?

რა ცვლილებებს შეიტანდით იგივე ჯგუფთან შემდგომში მუშაობის გეგმასა და ფორმატში?
რა ცვლილებებს შეიტანდით სხვა ჯგუფთან იგივე გაკვეთილის გეგმასა და ფორმატში?

მოსწავლეთა შეფასება

გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:

ცოდნა:
  • მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ძირითადი კომპონენტების ამოცნობა?
  • მამაკაცის რეპროდუქციულ ანატომიასთნ დაკავშირებული ტერმინების ათვისება?
  • მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის სხვადასხვა კომპონენტების ძირითადი ფუნქციების აღწერა?
უნარები:
  • მთელი კლასის მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიებისას, მოსმენისა და საუბრის სათანადო უნარების გამოვლენა?
  • სქესობრივი მომწიფების პერიოდში მამაკაცებისათვის დამახასიათებელი სირთულეების მოგვარების გზების ამოცნობა?
  • იმ პირების განსაზღვრა, ვისაც მათ დახმარებისათვის და რჩევებისათვის უნდა მიმართონ?
დამოკიდებულებები:
  • სქესობრივი მომწიფების პერიოდში მიმდინარე ცვლილებების შესახებ ცოდნისა და გაგების დემონსტრირება?