სწავლის შედეგი
მოსწავლეს შეუძლია აღწეროს სქესობრივ ქცევაზე, გენდერულ როლებსა და თანასწორობაზე სოციალური გავლენის – მაგალითად, მედიის ან კულტურის გავლენის შედეგები.
მასალა:
- სამუშაო ფურცლები მოსწავლეებისათვის: „გენდერულ როლთან დაკავშირებული სტერეოტიპები“
- მასალა თვალსაჩინოებისათვის: გენდერული სტერეოტიპები
- სამუშაო ფურცლები მოსწავლეებისათვის: „იყო მამაკაცი – დადებითი და უარყოფითი მხარეები“
- სამუშაო ფურცლები მოსწავლეებისათვის: „იყო ქალი – დადებითი და უარყოფითი მხარეები“
- ბარათები: გენდერული სტერეოტიპები
შესავალი:
გენდერულ როლსა და გენდერულ თანასწორობაზე სოციალური გავლენა კვლევას საჭიროებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ ამოიცნონ ის გზავნილები, რომლებიც მათი საკუთარი ღირებულებების წინააღმდეგ არის მიმართული.
მიდგომები/სტრატეგია:
ა. ძირითადი წესები (5-10 წთ.)
ძირითადი წესების შესახებ შეთანხმება უნდა შედგეს გაკვეთილის დაწყებამდე. იმ კლასებში, სადაც ძირითადი წესები უკვე წინასწარ არის ჩამოყალიბებული და შეთანხმებული, მოკლედ მიმოიხილეთ ისინი, გაკვეთილის წარმატებით წარმართვის მიზნით.
ბ. „მე და ტელევიზია“ საშიანო დავალების მიმოხილვა (10 წთ.)
მოსწავლეებს, რომლებმაც შეასრულეს საშინაო დავალება „მე და ტელევიზია“ შეუძლიათ იმსჯელონ იმ აღმოჩენებზე, რომლებიც მათ ამ საშინაო დავალების შესრულების შედეგად გააკეთეს.
- მოსწავლეებისგან ააგროვეთ სამუშაო ფურცლები „მე და ტელევიზია“ რომლებიც მათ საშინაო დავალების ფორმით უნდა შეესრულებინათ სახლში.
- მასწავლებელს შეუძლია დამატებითი ქულა მიანიჭოს იმ მოსწავლეებს, რომლებმაც საშინაო დავალების შესრულებისას მშობლის ან მეურვის დახმარებით ისარგებლეს.
- შეჯამებისათვის მოსწავლეებს დაუსვით შემდეგი კითხვები:
- რა ძირითადი განსხვავებები აღმოაჩინეთ თქვენი საკუთარი ცხოვრების სტილსა და იმ ტელეპერსონაჟების ცხოვრების სტილს შორის, რომლებსაც თქვენ თვალს ტელეეკრანებზე ადევნებთ? რა საერთოა თქვენი ცხოვრების სტილსა და იმ პერსონაჟების ცხოვრების სტილს შორის, რომლებსაც თქვენ თვალს ტელეეკრანებზე ადევნებთ?
- ესადაგება თქვენს საკუთარ ღირებულებებს ის გზავნილები, რომლებიც სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებულ ასპექტებს ეხება და რომლებსაც თქვენ ტელეეკრანებიდან იღებთ? თუ ესადაგება, როგორ? და თუ არ ესადაგება, რატომ?
- როგორ სერიალს გადაიღებდით თქვენს საკუთარ ცხოვრებაზე?
გ. სტერეოტიპები (10-15 წთ.)
მოსწავლეები მსჯელობენ გავრცელებულ სტერეოტიპებზე.
1. დაურიგეთ მოსწავლეებს სამუშაო ფურცლები: „გენდერულ როლთან დაკავშირებული სტერეოტიპები“.
2. სთხოვეთ მოსწავლეებს შეასრულონ სამუშაო ფურცელზე მოცემული დავალება.
3. სთხოვეთ მოსწავლეებს უპასუხონ შემდეგ კითხვებს:
რა არის სტერეოტიპი?
- სტერეოტიპი წარმოადგენს ადამიანების კონკრეტულ ჯგუფსა ან რაიმე ქმედებაზე გავრცელებულ შეხედულებას, რომელსაც შეიძლება ფლობდეს ნებისმიერი ადამიანი და რომელიც შეიძლება სწორად ან არასწორად ასახავდეს რეალობას. ყველაზე ხშირად ვხვდებით სტერეოტიპებს, რომლებიც უარყოფით შეხედულებებსა და დამოკიდებულებებს შეიცავს ადამიანთა კონკრეტული ჯგუფისა ან რაიმე მოვლენის მიმართ.
- გენდერული სტერეოტიპი წარმოადგენს ხალხში გავრცელებულ შეხედულებებს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს, მოქმედებდეს, აზროვნებდეს, საუბრობდეს ან რას უნდა გრძნობდეს ადამიანი თუ იგი მამაკაცია და როგორ უნდა გამოიყურებოდეს, მოქმედებდეს, აზროვნებდეს, საუბრობდეს ან რას უნდა გრძნობდეს ადამიანი თუ იგი ქალია. არსებობს სტერეოტიპები ე.წ. „მამაკაცური“ და „ქალური“ ქცევის შესახებ.
როგორ იგრძნობდით თავს რომ წარმოადგენდეთ ჯგუფს, რომლის შესახებაც გარკვეული სტერეოტიპები არსებობს? რატომ?
- ჩვეულებრივ, სტერეოტიპების მსხვერპლი დისკომფორტს გრძნობს;
- გარშემომყოფები ისეთად ვერ აღგიქვამენ, როგორიც სინამდვილეში ხარ;
- გარშემომყოფებს შენს შესახებ წარმოდგენა ექმნებათ იმის მიხედვით თუ რას ფიქრობენ სხვები.
4. აჩვენეთ მოსწავლეებს მასალა თვალსაჩინოებისათვის „გენდერული სტერეოტიპები“
5. სთხოვეთ მოსწავლეებს, რომლებიც ამის სურვილს გამოთქვამენ, სათითაოდ, ხმამაღლა წაიკითხონ თითოეული მაგალითი, რომლებშიც საუბარია სტერეოტიპებზე.
6. სთხოვეთ მოსწავლეებს დაასახელონ სხვა გავრცელებული სტერეოტიპების მაგალითები.
7. მოცემული აქტივობის შეჯამების მიზნით, მოსწავლეებს დაუსვით შემდეგი კითხვები:
- როგორ იგრძნობდით თავს სტერეოტიპების მსხვერპლის როლში?
- არსებობს გზები, რომელთა საშუალებითაც შეგვეძლება ამ სტერეოტიპების შეცვლა?
დ. დადებითი და უარყოფითი მხარეები (10 წთ.)
მოსწავლეები იკვლევენ მამაკაცებსა და ქალებს შორის არსებულ სხვაობებს.
- მოსწავლეებს დაურიგეთ სამუშაო ფურცლები: „იყო მამაკაცი – დადებითი და უარყოფითი მხარეები“ და „იყო ქალი – დადებითი და უარყოფითი მხარეები“; ამასთან ნახევარ კლასს წილად უნდა ხვდეს სამუშაო ფურცელი: „იყო მამაკაცი – დადებითი და უარყოფითი მხარეები“, ხოლო დანარჩენ მოსწავლეებს – სამუშაო ფურცელი: „იყო ქალი – დადებითი და უარყოფითი მხარეები“.
- სამუშაო ფურცლებზე მოცემული დავალების შესასრულებლად, სთხოვეთ მოსწავლეებს დამოუკიდებლად მოიფიქრონ დადებითი და უარყოფითი მხარეები და ჩაწერონ ისინი საკუთარ სამუშაო ფურცლებზე. შემდეგ მონახონ მეწყვილე, რომელსაც იგივე სქესის შესახებ აქვს შესრულებული სამუშაო. მოსწავლეთა წყვილებს მიეცით დრო იმისათვის, რათა ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი მოსაზრებები. შემდეგ წყვილებმა უნდა აირჩიონ სხვა წყვილი, რომლებსაც ასევე იგივე სქესის შესახებ აქვთ შესრულებული სამუშაო. მიეცით მოსწავლეთა ჯგუფებს დრო, რათა მათ ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი მოსაზრებები.
- მოცემული აქტივობის შეჯამებისათვის, დაუსვით მოსწავლეებს ქვემოთ მოცემული კითხვები:
- იყო მამაკაცი – რა დადებითი მხარეები შეგიძლიათ დაასახელოთ?
- იყო ქალი – რა დადებითი მხარეები შეგიძლიათ დაასახელოთ?
- იყო მამაკაცი – რა უარყოფითი მხარეები შეგიძლიათ დაასახელოთ?
- იყო ქალი – რა უარყოფითი მხარეები შეგიძლიათ დაასახელოთ?
- რა საერთო აქვთ მამაკაცებსა და ქალებს?
- რა განასხვავებთ ერთმანეთისაგან მამაკაცებსა და ქალებს?
- როგორ ფიქრობთ, რატომ აღიქვამენ ან წარმოაჩენენ განსხვავებულად ქალს და მამაკაცს ან რატომ აქვთ განსხვავებული მოსაზრებები ქალებისა და მამაკაცების შესახებ ადამიანებს, საზოგადოებას და მედია საშუალებებს?
ე. გენდერული სტერეოტიპები (20 წთ.)
მოსწავლეები განიხილავენ თუ რა გავლენას ახდენს გენდერული როლი ადამიანების საკუთარი თავისადმი დამოკიდებულებაზე და, ასევე, სხვების მიმართ დამოკიდებულებაზე. მოსწავლეები ასევე განიხილავენ თუ როგორ იცვლება გენდერული როლი დროთა განმავლობაში.
- მოსწავლეები ექვს ჯგუფად გადაანაწილეთ.
- დაურიგეთ მოსწავლეებს ბარათები: გენდერული სტერეოტიპები.
- სთხოვეთ მოსწავლეთა ჯგუფებს გაეცნონ მათ ბარათზე აღწერილ სიტუაციას და შეეცადონ პასუხი გასცენ შემდეგ კითხვებს:
- როგორი მოიქცევით თქვენ მოცემულ სიტუაციაში?
- როგორ ფიქრობთ, როგორ მოიქცევიან ადამიანები ამავე სიტუაციაში 20 წლის შემდეგ?
- სთხოვეთ მოსწავლეთა თითოეულ ჯგუფს აირჩიონ მომხსენებელი, რომელიც მათ ბარათზე აღწერილ სიტუაციას გააცნობს კლასს და მოკლედ მოახსენებს დანარჩენ მოსწავლეებს მისი ჯგუფის წევრების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ამ სიტუაციასთან დაკავშირებით.
- აქტივობა შეაჯამეთ მოსწავლეებისათვის შემდეგი კითხვების დასმით:
- როგორ ფიქრობთ რა ძირითადი განსხვავება იქნება მსგავს სიტუაციებზე ადამიანების ამჟამინდელ რეაქციასა და იმ რეაქციას შორის, რომელიც ადამიანებს მსგავს სიტუაციებზე ექნებათ 20 წლის შემდეგ?
- რით ახსნით იმას, რომ ერთიდაიგივე სიტუაციაზე ადამიანების რეაქცია იცვლება დროთა განმავლობაში?
- არის სხვაობა ერთადაიგივე სიტუაციაზე ქალებისა და მამაკაცების რეაქციებს შორის? რა არის ამის მიზეზი?
- იცვლება თუ არა გენდერული როლები დროთა განმავლობაში?
- თქვენ რომ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელი იყოთ, რა დამატებითი შესაძლებლობები გექნებოდათ, რაც ახლა არ გაქვთ?
- რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სტერეოტიპები შევცვალოთ?
კითხვების ყუთი (10 წთ.)
სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მომდევნო გაკვეთილისათვის დაგეგემეთ.
კითხვები გაკვეთილის შეფასებისათვის
გაკვეთილის მსვლელობისას:
- დაცული იქნა თუ არა ძირითადი წესები?
- მოხდა თუ არა ჯგუფური მუშაობისა და საკითხებზე მსჯელობის კარგი პრაქტიკის ჩამოყალიბება?
რა ცვლილებებს შეიტანდით იგივე ჯგუფთან შემდგომში მუშაობის გეგმასა და ფორმატში?
რა ცვლილებებს შეიტანდით სხვა ჯგუფთან იგივე გაკვეთილის გეგმასა და ფორმატში?
მოსწავლეთა შეფასება
გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:
ცოდნა:
- განემარტათ რას წარმოადგენს გენდერული სტერეოტიპები?
- ამოეცნოთ გავრცელებული გენდერული სტერეოტიპები?
- ამოეცნოთ ის სხვაობები და მსგავსებები, რომლებიც არსებობს მამაკაცებსა და ქალებს შორის?
უნარები:
- გენდერული როლების ცვლილების აღწერა დროთა განმავლობაში?
- გამოერკვიათ რა გავლენას ახდენს გენდერული როლები ადამიანების საკუთარი თავისადმი და სხვების მიმართ დამოკიდებულებაზე?
- შეემუშავებინათ გენდერული სტერეოტიპების განმტკიცებაზე ორიენტირებულ სიტუაციებზე რეაგირების სტრატეგიები?
დამოკიდებულებები:
- საკუთარ თავზე აეღოთ უარყოფით გენდერულ სტერეოტიპებთან დაპირისპირებისა და მათი შეცვლის პასუხისმგებლობა?