გაკვეთილი III

სწავლის შედეგი

მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს ადამიანის რეპროდუქციული სისტემის ძირითადი კომპონენტები და აღწეროს ამ კომპონენტთა ძირითადი ფუნქციები; მაგალითად განაყოფიერება, ჩასახვა.

მასალა:
  1. პოსტერები: ქალის ანატომია – განსაზღვრებები
  2. სამუშაო ფურცლები მოსწავლეებისათვის: ქალის რეპროდუქციული სისტემა
  3. პასუხები: ქალის რეპროდუქციული სისტემა
შესავალი:

წინამდებარე გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეები იღებენ ინფორმაციას ქალის რეპროდუქციული სისტემის შესახებ.

მიდგომები/სტრატეგია:

ძირითადი წესები (5 წთ.)
ძირითადი წესების შესახებ შეთანხმება უნდა შედგეს გაკვეთილის დაწყებამდე. იმ კლასებში, სადაც ძირითადი წესები უკვე წინასწარ არის ჩამოყალიბებული და შეთანხმებული, მოკლედ მიმოიხილეთ ისინი, გაკვეთილის წარმატებით წარმართვის მიზნით.

ბ.  „ქალის ანატომია“ სამუშაო ფურცლები მოსწავლეებისათვის (30 წთ.)

  1. დაურიგეთ მოსწავლეებს სამუშაო ფურცლები – „ქალის რეპროდუქციული სისტემა“ და უთხარით მათ მიუწერონ ქალის რეპროდუქციული სისტემის კომპონენტებს შესაბამისი ტერმინები.
  2. განიხილეთ მოსწავლეების თითოეული ჯგუფის მიერ შევსებული სამუშაო ფურცლები, ქალის რეპროდუქციული სისტემის პასუხების მოშველიებით; ამავე დროს აუციელებელია გაითვალისწინოთ შემდეგი:

მოსწავლეებს შესაძლებელია ერთმანეთისაგან განსხვავებული შეხედულებები გააჩნდეთ მამაკაცისა და ქალის წინადაცვეთის შესახებ. მამაკაცის წინადაცვეთა ნიშნავს ჩუჩის – ანუ კანის იმ ნაწილის მოკვეთას, რომელიც ასოს თავს ფარავს. ქირურგიული გზით ჩუჩის ნაწილის მოშორება უტარდებათ ახლადდაბადებულ ბიჭებს, ჩვეულებრივ, დაბადებიდან რამოდენიმე დღეში და ეს პროცედურა სავალდებულო არ არის; რაც იმას ნიშნავს, რომ ბიჭის წინადაცვეთის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ მშობლები. ზოგიერთ კულტურაში, პროცედურა უფრო გვიან ასაკში ტარდება. მშობლების გადაწყვეტილება ბიჭის წინადაცვეთის შესახებ, როგორც წესი, ემყარება რელიგიურ ან კულტურულ მოსაზრებებს და ტრადიციების ნაწილს წარმოადგენს. არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ წინადაცვეთა გამართლებულია ჰიგიენის თვალსაზრისით. ბიჭებს, რომლებსაც წინადაცვეთა არ ჩატარებიათ, რეგულარულად სჭირდებათ  ჩუჩის გადაწევა და ასოს თავის გასუფთავება.

ქალების წინადაცვეთა მოიცავს პროცედურებს, რომლებიც გულისხმობს ქალების გარე სასქესო ორგანოების ნაწილობრივ ან სრულ მოკვეთას, ან მათ დამახინჯებას, არასამედიცინო მიზნებისათვის. ქალების წინადაცვეთას არანაირი სარგებელი არ მოაქვს ქალების ჯანმრთელობისათვის, არამედ ვნებს მათ ჯანმრთელობას სხვადასხვა გზით. ქალების წინადაცვეთა გულისხმობს ქალის გარეთა სასქესო ორგანოების ჯანმრთელი ქსოცილების მოკვეთას, რაც გოგონებისა და ქალების ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას აფერხებს. ქალების წინადაცვეთა ზოგ კულტურაში გავრცელებული რიტუალური პრაქტიკაა და მოიცავს რელიგიურ და სოციალურ ფაქტორებს. ქალების წინადაცვეთა მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებების დარღვევად არის აღიარებული, ვინაიდან იგი ქალებისა და გოგონების უფლებებს ზღუდავს. ქალების წინადაცვეთა კულტურული თვალსაზრისით ძალიან სენსიტიურ საკითხებს განეკუთვნება, ამიტომ, ქალების წინადაცვეთაზე საუბრისას, საჭიროა სიფრთხილისა და მაქსიმალური გულისხმიერების გამოჩენა.

გარე სასქესო ორგანოები:

ვულვა

  • წარმოადგენს კანის ნაოჭს საშოს შესავალთან.
  • ვულვა შეიცავს დიდ და მცირე სასირცხო ბაგეებს.
  • იგი იცავს შიდა სასქესო ორგანოებს.
  • სქესობრივი აღგზნების დროს ვულვა იმატებს ზომაში და მკვრივდება.
  • ვულვა მდებარეობს შარდსადინარის ზემოთ.

შარდსადინარი

  • წარმოადგენს მილის ბოლოს, რომელსაც გაივლის შარდი, ორგანიზმიდან გამოდევნის დროს.
  • იგი მდებარეობს კლიტორსა და საშოს შორის.
  • არ წარმოადგენს რეპროდუქციული სისტემის ნაწილს, არამედ არის საშარდე სისტემის ნაწილი.

საშო

  • ლულოვანი ღრუ ორგანო, რომელიც საშვილოსნოს აერთებს ქალის გარე სასქესო ორგანოებთან.
  • მენსტრუალური ციკლის დროს საშვილოსნოდან სისხლი გამოიდევნება საშოს გავლით.
  • ბავშვი დაბადებისას საშვილოსნოდან გამოდის საშოს გავლით.
  • საშოდან არ ხდება შარდის გამოყოფა. შარდის გამოყოფა ხდება შარდსადინარის გარეთა ხვრელიდან, რომელიც საშოს ზევით მდებარეობს.
  • საშოს ხვრელი შემოსაზღვრულია თხელი აპკით, რომელსაც საქალწულე აპკი ეწოდება. საქალწულე აპკი შესაძლებელია შეუმჩნეველიც იყოს.
  • სქესობრივი მომწიფების დაწყებისას გოგონებს აღენიშნებათ საშოდან გამონადენი. ეს გამონადენი შესაძლებელია იყოს მოთეთრო ან გამჭვირვალე, ასევე ხაჭოს მსგავსი ან სრიალა კონსისტენციის. საშოდან გამონადენი იმაზე მიუთითებს, რომ გოგონას ორგანიზმი მომწიფებას იწყებს და მას მალე დაეწყება მენსტრუალური ციკლი. საშოდან გამონადენი ბუნებრივი მოვლენაა და ამგვარად წარმოებს საშოს გასუფთავება. იმ შემთხვევაში, თუ საშოდან გამონადენს მძაფრი სუნი აქვს ან გამონადენის არეში ქავილის შეგრძნება ჩნდება, ეს შესაძლებელია ინფექციის მანიშნებელი იყოს და პაციენტს სამედიცინო მკურნალობა ესაჭიროებოდეს.
საქალწულე აპკი წარმოადგენს თხელ აპკს ანუ ქსოვილს, რომელიც ფარავს საშოს ხვრელს. საქალწულე აპკი გოგონებს დაბადებიდან აქვთ და მათი დარღვევა ხშირად ხდება სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე. სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე, ბევრ შემთხვევაში, საქალწულე აპკის დარღვევას იწვევს ჰიგიენური ტამპონები ან ფიზიკური აქტივობები. საქალწულე აპკის დარღვევის დროს, იქნება ეს სქესობრივი კონტაქტის დროს თუ ჰიგიენური ტამპონის გამოყენებისას, გოგონები დისკომფორტს განიცდიან და შესაძლებელია განვითარდეს მცირე სისხლდენაც.

ანუსი

  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ბოლოში არსებული ხვრელი, საიდანაც ხდება განავლის გამოყოფა.
  • ანუსი არ წარმოადგენს რეპროდუქციული სისტემის ნაწილს, არამედ არის საჭმლის მომნელებელი სისტემის ნაწილი.
შიდა სასქესო ორგანოები:

საშვილოსნოს ყელი

  • არის ორგანო, რომელიც საშვილოსნოს საშოსთან აკავშირებს.

საშვილოსნო

  • ორგანო ქალის ორგანიზმში, სადაც ვითარდება ბავშვი.
  • იგი მოთავსებულია მენჯის ქვედა ნაწილში.
  • იგი ზომით მუჭის ოდენაა.
  • ორსულობის პერიოდში სწორედ საშვილოსნო იზრდება ზომაში და არა მუცელი.
  • მოსწავლეებს სთხოვეთ შეკრან მუჭი და მიიდონ ქვედა მუცლის არეზე. ეს არის ადგილი ქალის სხეულში, სადაც საშვილოსნოა მოთავსებული.
  • საშვილოსნოს შიგნითა კედელზე ხდება სისხლის შრის ფორმირება, რომელიც განაყოფიერებისა და ნაყოფის ჩასახვის შემთხვევაში კვებავს მზარდ ნაყოფს. ამ შრის ჩამოშლა წარმოებს დაახლოებით თვეში ერთხელ, იმ შემთხვევაში, თუ არ ხდება ნაყოფის ჩასახვა.

ფალოპის მილები

  • წარმოადგენს ძაფისებრ და მილისებრ ორგანოს, რომელიც საკვერცხეებს აერთებს საშვილოსნოსთან.
  • ოვულაციის შემდეგ კვერცხუჯრედი ფალოპის ერთ-ერთ მილს გაივლის.
  • კვერცხუჯრედის განაყოფიერება ხდება ფალოპის მილებში.

საკვერცხეები

  • ქალების სხეულში არსებული ჯირკვალი, რომელშიც მოთავსებულია კვერცხუჯრედი.
  • გოგონას დაბადებიდან აქვს ჯირკვალში კვერცხუჯრედები, რომელთა საკვერცხეებიდან გამოყოფა იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან.

შარდის ბუშტი

  • წარმოადგენს თირკმელებში წარმოქმნილი შარდის რეზერვუარს.
  • შარდის ბუშტი არ წარმოადგენს რეპროდუქციული სისტემის ნაწილს, არამედ არის საშარდე სისტემის ნაწილი.
როგორ მუშაობს რეპროდუქციული სისტემა:

კვერცხუჯრედი

  • კვერცხუჯრედი ყალიბდება საკვერცხეებში.
  • კვერცხუჯრედი წარმოადგენს უჯრედს, რომლიდანაც, განაყოფიერების შემთხვევაში (მას შემდგე რაც მოხდება მისი შერწყმა მამაკაცის სპერმატოზოიდთან), ვითარდება ნაყოფი.
  • დაბადებიდან, გოგონას თითოეულ საკვერცხეში დაახლოებით 250,000 კვერცხუჯრედია მოცემული.
  • სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან, თვეში ერთხელ, საკვერცხიდან ხდება თითო კვერცხუჯრედის გამოყოფა. ხანდახან, ერთ ჯერზე საკვერცხიდან ხდება წყვილი კვერცხუჯრედის გამოყოფა.
  • კვერცხუჯრედი ფალოპის მილის გავლით აღწევს საშვილისნოში.
  • იმ შემთხვევაში, თუ კვერცხუჯრედის განაყოფიერება არ ხდება ერთი ან ორი დღის მანძილზე, იგი იშლება.

ოვულაცია

  • მას შემდეგ, რაც საკვერცხეები ჰორმონების გამომუშავებას იწყებენ, ტვინში მდებარე ჰიპოფიზი იღებს სიგნალს და თავის მხრივ აგზავნის სიგნალს საკვერცხეებში, რათა მოხდეს თვეში ერთხელ, ერთი საკვერცხიდან ერთი კვერცხუჯრედის გამოყოფა.
  • ოვულაცია, ჩვეულებრივ, წარმოებს ყოველ თვე, თითო საკვერცხიდან მონაცვლეობით.
  • ოვულაციის დროს გოგონების შეგრძნებები განსხვავდება; ზოგი მათგანი საერთოდ ვერ გრძნობს მათ ორგანიზმში მიმდინარე ამ პროცესს, ზოგი კი მენსტრუალური ტკივილის მსგავსი ტკივილს გრძნობს.

მენსტრუალური ციკლი (მოსწავლეებს თვალსაჩინოებისათვის აჩვენეთ მასალა თვალსაჩინოებისათვის, რომელზეც მენსტრუალური ციკლის ფაზებია გამოსახული)

  • საშვილოსნოს სჭირდება მომზადება იმისათვის, რომ განაყოფიერების შემთხვევაში, მასში მოხდეს ნაყოფის ზრდა და განვითარება.
  • კვერცხუჯრედების მიერ გამომუშავებული ჰორმონების საშუალებით წარმოებს სიგნალის მიწოდება საშვილოსნოში, რათა მის შიგა ზედაპირზე წარმოიქმნას სქელი რბილი შრე, რომელიც ქსოვილისა და სისხლისგან შედგება.
  • აღნიშნული შრე შეიცავს საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროა განაყოფიერებული კვერცხუჯრედის გამოსაკვებად.
  • იმ შემთხვევაში, თუ კვერცხუჯრედის განაყოფიერება არ ხდება ფალოპის მილში, ამგვარი შრე აღარ არის საჭირო ნაყოფის გამოსაკვებად, შესაბამისად, ხდება საშვილოსნოს შიგნით წარმოქმნილი შრის ჩამოშლა.
  • ამგვარი შრის ჩამოშლას 2-დან 7 დღემდე პერიოდი, საშუალოდ კი 5 დღე სჭირდება. ამ პერიოდს მენსტრუალური ციკლის პერიოდი ეწოდება.
  • მას შემდეგ, რაც შრე სრულად ჩამოიშლება, იწყება ახალი შრის შენება.
  • მალევე ხდება საკვერცხიდან კვერცხუჯრედის გამოყოფა, იმ შემთხვევაში, თუ არ აქვს ადგილი განაყოფიერებას, კვერცხუჯრედი და საშვილოსნოში წარმოქმნილი შრეც იშლება. ასე გრძელდება განუწყვეტლივ, სწორედ ამიტომ ეწოდება ამ პერიოდს მენსტრუალური ციკლი.
  • ციკლებს შორის პერიოდი, ჩვეულებრივ, 28 დღეს მოიცავს; თუმცა შესაძლებელია ეს პერიოდი 20-40 დღეს მოიცავდეს. მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან პირველი ორი წლის განმავლობაში, ხშირად, ციკლი რეგულარული არ არის.
  • მენტრუალური ციკლი სქესობრივი მომწიფების თანმდევი ნორმალური და ბუნებრივი პროცესია. ეს გოგონების ცხოვრებაში ფრიად მნიშვნელოვანია და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება აღქმული იქნას როგორც რაიმე ცუდი.
  • ზოგიერთი ქალი მენტრუალური ციკლის დროს მენსტრუალურ ტკივილს გრძნობს, რომლის შემსუბუქებაც შესაძლებელია სათბურათი, მსუბუქი ვარჯიშითა და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ მენსტრუალური ტკივილი აუტანელია, რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
  • მენსტრუაცია დაავადება არ არის. ამ დროს რეკომენდებულია ყოვედღიურ აქტივობებში მონაწილეობა, ფიზიკური კულტურის გაკვეთილებზე ჩართულობა, ტანვარჯიშითა თუ სხვა სპორტით დაკავება.
  • მენსტრუალური ციკლის პერიოდში პირადი ჰიგიენა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვინაიდან თმასა და კანზე ცხიმიანობა მატულობს, და მენსტრუალური სისხლი შესაძლებელია შეხმეს ბოქვენის თმაზე.
  • მენსტრუალური ციკლის დროს, სისხლის შეწოვისათვის ჰიგიენური საფენები ან ტამპონები გამოიყენება. (მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს სქესობრივი მომწიფების პერიოდში საჭირო აღჭურვილობა და აჩვენოს მოსწავლეებს პროდუქტი, რომელიც მენსტრუალური ციკლის პერიოდში უნდა გამოიყენონ.)
  • ტუალეტის ქაღალდის გამოყენებისას გაწმენდა უნდა მოხდეს წინიდან უკან მიმართულებით, ინფექციების თავიდან ასაცილებლად.
ზოგიერთ კულტურაში სპეციალურად აღნიშნავენ გოგონას მენტრუალური ციკლის დაწყებას. გოგონებს სხვადასხვა საჩუქრებს ჩუქნიან და სპეციალურ რიტუალებს ასრულებენ.

გ. საკლასო განხილვა (10 წთ.)
მოსწავლეები იმეორებენ ქალის რეპროდუქციული სისტემის შესახებ გაკვეთილზე ათვისებულ მასალას, იძენენ ქალის ანატომიასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევის უნარებსა და განსაზღვრავენ იმ პირებს, რომლებსაც მათ შეუძლიათ დახმარებისათვის მიმართონ.

  1. რა დადებითი მხარეები აქვს ქალად დაბადებას?
    – დაეხმარეთ მოსწავლეებს სათანადო პასუხები გასცენ დასმულ კითხვას.
  2. როგორ უნდა მიხვდეს გოგონა, რომ მას მალე მენსტრუალური ციკლი დაეწყება?
    – მენსტრუალური ციკლი შესაძლებელია 8 წლის ასაკიდან 16 წლის ასაკამდე ნებისმიერ დროს დაიწყოს. ყველა გოგონას საკუთარი ბიოლოგიური საათი აქვს.
    – ჩვეულებრივ, მენტრუალური ციკლი იწყება დაახლოებით 2 წლის შემდეგ, რაც გოგონას მკერდი იწყებს განვითარებას და მალევე, მას შემდეგ რაც გათმიანება იწყება იღლიის ფოსოში და ბოქვენის არეში.
    – საშოდან გამონადენი არის ნიშანი იმისა, რომ გოგონას მალე მენსტრუალური ციკლი დაეწყება.
  3. რა დისკომფორტი შეიძლება შეექმნას გოგონას მენსტრუალური ციკლის დროს?
    –  მენსტრუაციული ტკივილი
    – სისხლი
    – განსხვავებული სუნი
    – პრემენსტრუალური სინდრომი (პმს)
  4. როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებულ სირთულეებს?
    – გამოიყენეთ ჰიგიენური საფენები. ხელმისაწვდომია სხვადასხვა ზომის ჰიგიენური საფენები. რეკომენდებულია არაარომატიზებული ჰიგიენური საფენების გამოყენება.
    – ჰიგიენური საფენები ხშირად იცვალეთ (ყოველ 3-4 საათში ერთხელ).\
    – ჰიგიენური ტამპონის პირველად გამოყენებამდე გაესაუბრეთ უფროსი ასაკის კომპეტენტურ პირს და წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია. ჰიგიენური ტამპონის გამოცვლა საჭიროა ყოველ 3-4 საათში ერთხელ.
    – ჰიგიენურ საფენებსა და ტამპონებთან ხელით შეხების შემდეგ დაიბანეთ ხელები.
    – მენსტრუალური ტკივილის დროს გამოიყენეთ ისეთი საშუალებები, როგორიცაა სათბურა ან მსუბუქი ვარჯიში. თუ მუდმივად გაწუხებთ ძლიერი მენტრუალური ტკივილები, რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
    – პრემენსტრუალური სინდრომი შესაძლებელია დაგეწყოთ ნებისმიერ დროს, მენსტრუალური ციკლის დაწყებამდე ორი კვირის პერიოდში. პრემენსტრუალური სინდრომის დროს გოგონები ხშირად უჩივიან განწყობის ცვლილებას, ადვილად გაღიზიანებადობას, მკერდის მომატებულ მგრძნობელობას და მუცლის შებერილობას. ვარჯიში და კოფეინისა და მარილის მიღებისაგან თავის შეკავება დაგეხმარებათ პრემენსტრუალური სინდრომის სიმპტომების შერბილებაში.
  5. ვის უნდა მიმართოთ თუ ქალის ანატომიასა და სქესობრივი მომწიფების პერიოდისათვის დამახასიათებელი ცვლილებების –შესახებ კითხვები გაგიჩნდათ?
    – მშობელს
    – უფროსი ასაკის კომპეტენტურ პირს
    – ექთანს
    – ექიმს

კითხვების ყუთი (10 წთ.)
სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მომდევნო გაკვეთილისათვის დაგეგემეთ.

კითხვები გაკვეთილის შეფასებისათვის

გაკვეთილის მსვლელობისას:

  • დაცული იქნა თუ არა ძირითადი წესები?
  • მოხდა თუ არა ჯგუფური მუშაობისა და საკითხებზე მსჯელობის კარგი პრაქტიკის ჩამოყალიბება?

რა ცვლილებებს შეიტანდით იგივე ჯგუფთან შემდგომში მუშაობის გეგმასა და ფორმატში?
რა ცვლილებებს შეიტანდით სხვა ჯგუფთან იგივე გაკვეთილის გეგმასა და ფორმატში?

მოსწავლეთა შეფასება

გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:

ცოდნა:
  • ქალის რეპროდუქციული სისტემის ძირითადი კომპონენტების ამოცნობა?
  • ქალის რეპროდუქციულ ანატომიასთნ დაკავშირებული ტერმინების ათვისება?
  • ქალის რეპროდუქციული სისტემის სხვადასხვა კომპონენტების ძირითადი ფუნქციების აღწერა?
უნარები:
  • მთელი კლასის მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიებისას, მოსმენისა და საუბრის სათანადო უნარების გამოვლენა?
  • სქესობრივი მომწიფების პერიოდში ქალისათვის დამახასიათებელი სირთულეების მოგვარების გზების ამოცნობა?
  • იმ პირების განსაზღვრა, ვისაც მათ დახმარებისათვის და რჩევებისათვის უნდა მიმართონ?
დამოკიდებულებები:
  • სქესობრივი მომწიფების პერიოდში მიმდინარე ცვლილებების შესახებ ცოდნისა და გაგების დემონსტრირება?