გაკვეთილი I-ნაყოფის განვითარება

სწავლის შედეგი

მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და აღწეროს ჩასახვიდან დაბადებამდე ადამიანის განვითარებისა ეტაპები და ფაქტორები, რომლებიც ამ პერიოდში ნაყოფის განვითარებაზე ახდენს გავლენას.

მასალა:
  1. სამუშაო ფურცლები მოსწავლეებისათვის: „ჩემი დაბადების ისტორია“
შესავალი:

ადამიანის ჩასახვისა და დაბადების სასწაულის უკეთ გასაგებად, აუცილებელია მამაკაცისა და ქალის ანატომიის ცოდნა. წინამდებარე გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეები იმეორებენ ადამიანის ანატომიასთან დაკავშირებულ მასალას, რომელიც მათ მე-5 კლასში განიხილეს, და იღებენ ინფორმაციას განაყოფიერებისა და ჩასახვის პროცესის შესახებ.

მიდგომები/სტრატეგია:

ძირითადი წესები (5 წთ.)
ძირითადი წესების შესახებ შეთანხმება უნდა შედგეს გაკვეთილის დაწყებამდე. იმ კლასებში, სადაც ძირითადი წესები უკვე წინასწარ არის ჩამოყალიბებული და შეთანხმებული, მოკლედ მიმოიხილეთ ისინი, გაკვეთილის წარმატებით წარმართვის მიზნით.

ბ. რეპროდუქციული სისტემების მიმოხილვა (10-15 წთ.)
მოსწავლეები ახდენენ მამაკაცისა და ქალის რეპროდუქციული ანატომიის შესახებ ძირითადი ცოდნის დემონსტრირებას.
მიეცით მოსწავლეებს შესაძლებლობა გაიხსენონ გავლილი მასალა შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემით:

რა იცით მენტრუალური ციკლის შესახებ?

  • მენსტრუალური ციკლი გოგონებში შესაძლებელია დაიწყოს ნებისმიერ დროს 8 წლის ასაკიდან 16 წლის ასაკამდე პერიოდში.
  • მენსტრუალური ციკლის პერიოდში პირად ჰიგიენაზე ზრუნვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება (ჰიგიენური საფენების გამოყენება და ა.შ.)
  • მენსტრუალურ ციკლს შესაძლებელია თან ახლდეს მენსტრუალური ტკივილები, რომელთა შემსუბუქებაც შესაძლებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვით, მაგალითად ვარჯიშით ან სათბურას გამოყენებით. ძლიერი მენსტრუალური ტკივილების დროს ექიმმა შესაძლებელია მედიკამენტებით მკურნალობა გამოუწეროს პაციენტს.

რა იცით სპერმის წარმოქმნის შესახებ?

  • სპერმატოზოიდების მომწიფება მამაკაცის ორგანიზმში წარმოებს დაახლოებით 15-16 წლის ასაკში.
  • მამაკაცის ორგანიზმში სპერმის წარმოქმნა და ეაკულაცია პირველად ხდება დაახლოებით 12-14 წლის ასაკში.
  • „ღამის პოლუცია“ ნიშნავს ეაკულაციას ძილის დროს. იგი ბუნებრივი და ნორმალურია და შესაძლებელია აღენიშნებოდეს ზოგ მოზარდ ბიჭს და ზოგს არა.

რისი მანიშნებელია გოგონებში მენსტრუალური ციკლის დაწყება და ბიჭებში სპერმის მომწიფება?

  • გოგონებში მენსტრუალური ციკლის დაწყება და ბიჭებში სპერმის მომწიფება იმის მანიშნებელია, რომ მათ შეუძლიათ შვილები იყოლიონ.
  • მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ოვულაცია გოგონებში მენსტრუალური პერიოდის დაწყებამდე ხდება, და შესაბამისად, გოგონა შესაძლებელია პირველი მენტრუალური პერიოდის დაწყებამდე დაორსულდეს.

მიუხედავად იმისა, რომ მოზარდს შეუძლია ბავშვის გაჩენა, მას შემდეგ, რაც გოგონებს მენტრუალური ციკლი ეწყებათ და ბიჭების ორგანიზმში სპერმის მომწიფება იწყება, რატომ არჩევს მოზარდების უმრავლესობა მომავლისთვის გადადოს ბავშვის გაჩენა?

  • მოზარდთა უმრავლესობა არ არის ემოციურად, ფინანსურად და განათლების თვალსაზრისით მზად იმისათვის რომ გახდეს მშობელი.

დ. დაბადების ისტორიები (10 წთ.)
მოსწავლეები საკუთარი დაბადების ისტორიას იკვლევენ და პარალელურად ნაყოფის განვითარების შესახებ იღებენ ინფორმაციას.

  1. მოსწავლეებს დაურიგეთ სამუშაო ფურცლები „ჩემი დაბადების ისტორია“, რომლებიც მათ საშინაო დავალების სახით ეძლევათ შესასრულებლად.
  2. აუხსენით მოსწავლეებს, რომ მათ შეუძლიათ ამ საშინაო დავალების შესრულებისას დახმარებისათვის მიმართონ საკუთარ მშობლებს ან მეურვეებს.
  3. განსაზღვრეთ დრო, რომელსაც შემდეგ გაკვეთილზე მოსწავლეების საშინაო დავალების განხილვას დაუთმობთ.

მოსწავლეებს შესაძლებელია ერთმანეთისაგან განსხვავებული შეხედულებები გააჩნდეთ მამაკაცისა და ქალის წინადაცვეთის შესახებ. მამაკაცის წინადაცვეთა ნიშნავს ჩუჩის – ანუ კანის იმ ნაწილის მოკვეთას, რომელიც ასოს თავს ფარავს. ქირურგიული გზით ჩუჩის ნაწილის მოშორება უტარდებათ ახლადდაბადებულ ბიჭებს, ჩვეულებრივ, დაბადებიდან რამოდენიმე დღეში და ეს პროცედურა სავალდებულო არ არის; რაც იმას ნიშნავს, რომ ბიჭის წინადაცვეთის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ მშობლები. ზოგიერთ კულტურაში, პროცედურა უფრო გვიან ასაკში ტარდება. მშობლების გადაწყვეტილება ბიჭის წინადაცვეთის შესახებ, როგორც წესი, ემყარება რელიგიურ ან კულტურულ მოსაზრებებს და ტრადიციების ნაწილს წარმოადგენს.ქალების წინადაცვეთა მოიცავს პროცედურებს, რომლებიც გულისხმობს ქალების გარე სასქესო ორგანოების ნაწილობრივ ან სრულ მოკვეთას, ან მათ დამახინჯებას, არასამედიცინო მიზნებისათვის. ქალების წინადაცვეთას არანაირი სარგებელი არ მოაქვს ქალების ჯანმრთელობისათვის, არამედ ვნებს მათ ჯანმრთელობას სხვადასხვა გზით. ქალების წინადაცვეთა გულისხმობს ქალის გარეთა სასქესო ორგანოების ჯანმრთელი ქსოვილების მოკვეთას, რაც გოგონებისა და ქალების ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას აფერხებს. ქალების წინადაცვეთა ზოგ კულტურაში გავრცელებული რიტუალური პრაქტიკაა და მოიცავს რელიგიურ და სოციალურ ფაქტორებს. ქალების წინადაცვეთა კულტურული თვალსაზრისით ძალიან სენსიტიურ საკითხებს განეკუთვნება, ამიტომ, ქალების წინადაცვეთაზე საუბრისას, საჭიროა სიფრთხილისა და მაქსიმალური გულისხმიერების გამოჩენა. ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდს:  http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs241/en/index.html

კითხვების ყუთი (10 წთ.)
სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მომდევნო გაკვეთილისათვის დაგეგემეთ.

საშინაო დავალება
მოსწავლეები მათთვის დარიგებულ სამუშაო ფურცლებს ავსებენ შინ, საშინაო დავალების ფორმით.

საჭიროა გვახსოვდეს, რომ ყველა მოსწავლე არ ცხოვრობს „ტრადიციულ“ ოჯახში და ყველა მათგანს არ აქვს თანაბარი შესაძლებლობა ღიად და გულახდილად ესაუბროს საკუთარი „ოჯახის“ წევრებს. მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდებულია მოსწავლეებმა მოცემული აქტივობა მათზე მზრუნველ მშობელთან ან მეურვესთან ერთად შეასრულონ, ზოგიერთ მოსწავლეს შესაძლოა ამის საშუალება არ ჰქონდეს. გულისხმიერება გამოიჩინეთ  საკუთარი მოსწავლეების საჭიროებების მიმართ.
კითხვები გაკვეთილის შეფასებისათვის

გაკვეთილის მსვლელობისას:

  1. დაცული იქნა თუ არა ძირითადი წესები?
  2. მოხდა თუ არა ჯგუფური მუშაობისა და საკითხებზე მსჯელობის კარგი პრაქტიკის ჩამოყალიბება?

რა ცვლილებებს შეიტანდით იგივე ჯგუფთან შემდგომში მუშაობის გეგმასა და ფორმატში?
რა ცვლილებებს შეიტანდით სხვა ჯგუფთან იგივე გაკვეთილის გეგმასა და ფორმატში?

მოსწავლეთა შეფასება

გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:

ცოდნა:
  • ქალისა და მამაკაცის ანატომიური აგებულების კომპონენტების იდენტიფიცირება?
  • თითოეული კომპონენტის ძირითადი ფუნქციების აღწერა?
უნარები:
  • ერთობლივი მუშაობის დროს მიმოეხილათ პროცესები, რომლებიც მენსტრუალურ ციკლსა და სპერმის წარმოქმნას უკავშირდება?
  • მთელი კლასის მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიებისას, მოსმენისა და საუბრის სათანადო უნარების გამოვლენა?
დამოკიდებულებები:
  • გაეცნობიერებინათ, რომ გოგონებში მენტრუალური ციკლის დაწყებისა და ბიჭებში სპერმის წარმოქმნის შესაძლო შედეგი არის ორსულობა?