გაკვეთილი II – სქესობრივი მომწიფება

სწავლის შედეგი

მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს ადამიანის რეპროდუქციული სისტემის ძირითადი კომპონენტები და აღწეროს ამ კომპონენტთა ძირითადი ფუნქციები; მაგალითად განაყოფიერება, ჩასახვა.

მასალა:

სამუშაო ფურცლები მოსწავლეებისათვის:  ანატომია და ფიზიოლოგია: კროსვორდი.

შესავალი:

სქესობრივი მომწიფების პერიოდში მიმდინარე ცვლილებების უკეთ გასაგებად აუცილებელია მამაკაცის და ქალის ანატომიის ცოდნა. წინამდებარე გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეები იმეორებენ სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებულ მასალას, რომელიც მათ მე-4 კლასში განიხილეს, და სწავლობენ მამაკაცისა და ქალის რეპროდუქციული სისტემების ძირითად კომპონენტებს.

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე არასწორ ტერმინს ან სლენგს იყენებს, საჭიროა მივუთითოთ რომ გამოყენებული იქნა არასწორი ტერმინი ან სლენგი და შემდეგ მოსწავლეებს მივაწოდოთ სწორი ტერმინოლოგია, მაგალითად, როგორიცაა „მკერდი“ „სასქესო ასო“ და ა.შ.
მიდგომები/სტრატეგია:

ძირითადი წესები (5-10 წთ.)
ძირითადი წესების შესახებ შეთანხმება უნდა შედგეს გაკვეთილის დაწყებამდე. იმ კლასებში, სადაც ძირითადი წესები უკვე წინასწარ არის ჩამოყალიბებული და შეთანხმებული, მოკლედ მიმოიხილეთ ისინი, გაკვეთილის წარმატებით წარმართვის მიზნით.

ბ. სქესობრივი მომწიფების პერიოდისათვის დამახასიათებელი ცვლილებების მიმოხილვა
მოსწავლეები ახდენენ მამაკაცებსა და ქალებში სქესობრივი მომწიფების პერიოდში მიმდინარე ცვლილებების შესახებ ძირითადი ცოდნის დემონსტრირებას. აღნიშნული აქტივობა ემსახურება მე-4 კლასში გავლილი მასალის გამეორებას.

  1. დიდი ფორმატის ცალ-ცალკე ფურცლებზე, რომლებსაც შემდეგ კედელზე გაააკრავთ, ან დაფაზე  დაწერეთ შემდეგი კითხვები:
    – რას გულისხმობს სქესობრივი მომწიფება?|
    – რა ასაკში ეწყებათ ბიჭებს სქესობრივი მომწიფება?
    – რა ასაკში ეწყებათ გოგონებს სქესობრივი მომწიფება?
    – რა ცვლილებები ახასიათებს სქესობრივი მომწიფების პერიოდს, რომლებსაც მხოლოდ ბიჭები განიცდიან?
    – რა ცვლილებები ახასიათებს სქესობრივი მომწიფების პერიოდს, რომლებსაც მხოლოდ გოგონები განიცდიან?
    – რა ცვლილებები ახასიათებს სქესობრივი მომწიფების პერიოდს, რომლებსაც როგორც ბიჭები ასევე გოგონებიც თანაბრად განიცდიან?
  2. სთხოვეთ მოსწავლეებს სკუთარი პასუხები ჩამოწერონ ყოველი კითხვის ქვეშ. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეებს უჭირთ პასუხების გაცემა, სთხოვეთ მათ გაიხსენონ მე-4 კლასში გავლილი მასალა.
  3. მოკლედ შეაჯამეთ კითხვებზე მოსწავლეების პასუხები და დარწმუნდით, რომ პასუხები სრული და სწორია.
მასწავლებლებს შეუძლიათ მოსწავლეებს აჩვენონ ვიდეო, რომელშიც ზოგადად იქნება მიმოხილული თუ რას წარმოადგენს სქესობრივი მომწიფება. ვიდეოს ჩვენების დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს სთხოვეთ დიდი ფორმატის ფურცლებზე ან დაფაზე დაწერილ კითხვებზე პასუხებს დაამატონ კომენტარები, ინფორმაციის სრულყოფის მიზნით.
რას გულისხმობს სქესობრივი მომწიფება?
  • სქესობრივი მომწიფება ზრდის თანმდევი პროცესია და გულისხმობს ბავშვობის ასაკიდან მოზარდობის ასაკში გადასვლას.
რა ასაკში ეწყებათ ბიჭებს სქესობრივი მომწიფება?
  • ბიჭების შემთხვევაში, სქესობრივი მომწიფების პროცესი შესაძლებელია დაიწყოს ნებისმიერ დროს 10 წლიდან 18 წლამდე ასაკში.
  • ყველა ადამიანი ერთმანეთისაგან განსხვავდება და სქესობრივი მომწიფების პროცესსაც სხვადასხვა ასაკში გადის, საკუთარი ბიოლოგიური საათის შესაბამისად.
რა ასაკში ეწყებათ გოგონებს სქესობრივი მომწიფება?
  • გოგონების შემთხვევაში, სქესობრივი მომწიფების პროცესი შესაძლებელია დაიწყოს ნებისმიერ დროს 8 წლიდან 16 წლამდე ასაკში.
  • ყველა ადამიანი ერთმანეთისაგან განსხვავდება და სქესობრივი მომწიფების პროცესსაც სხვადასხვა ასაკში გადის, საკუთარი ბიოლოგიური საათის შესაბამისად.
რა ცვლილებები ახასიათებს სქესობრივი მომწიფების პერიოდს, რომლებსაც მხოლოდ ბიჭები განიცდიან?

ცვლილებები, რომლებსაც სქესობრივი მომწიფების პერიოდში მხოლოდ ბიჭები განიცდიან, მოიცავს:

  • მხრების გაგანიერება
  • სახეზე თმის ზრდა
  • სპერმის წარმოქმნა
  • სასქესო ასოს და სათესლეების ზრდა
  • ღამის პოლუცია (სასქესო ასოდან სპერმის უნებლიე გამოყოფა)
  • უნებლიე ერექცია (სასქესო ასოს გამაგრება)
  • სასქესო ასოდან სპერმის გამოყოფა (ეაკულაცია)
მოსწავლეებს შესაძლებელია განსხვავებული მოსაზრებები გააჩნდეთ ღამის პოლუციის (სასქესო ასოდან სპერმის უნებლიე გამოყოფის) შესახებ. მნიშვნელოვანია გაგებითა და თანაგრძნობით მოვეკიდოთ მათ შეხედულებებს, მაგრამ, ამავე დროს უნდა დავარწმუნოთ მოსწავლეები, რომ ღამის პოლუცია აბსოლუტურად ბუნებრივი და ნორმალური მოვლენაა სქესობრივი მომწიფების პროცესში.
რა ცვლილებები ახასიათებს სქესობრივი მომწიფების პერიოდს, რომლებსაც მხოლოდ გოგონები განიცდიან?

ცვლილებები, რომლებსაც სქესობრივი მომწიფების პერიოდში მხოლოდ გოგონები განიცდიან, მოიცავს:

  • თეძოების გაგანიერება
  • საკვერცხიდან მომწიფებული კვერცხუჯრედის გამოთავისუფლება (ოვულაცია)
  • მენსტრუალური ციკლი
  • გამონადენი საშოდან
რა ცვლილებები ახასიათებს სქესობრივი მომწიფების პერიოდს, რომლებსაც როგორც ბიჭები ასევე გოგონებიც თანაბრად განიცდიან?

ცვლილებები, რომლებსაც სქესობრივი მომწიფების პერიოდში განიცდიან როგორც ბიჭები ასევე გოგონები, მოიცავს:

  • სიმაღლეში სწრაფი ზრდა
  • კანზე ცხიმიანობის მატება
  • აკნე (გამონაყარი კანზე)
  • ხმის ცვლილება
  • თმის ზრდა იღლიის ფოსოში და სასაქესო ორგანოების არეში (ბოქვენის თმა)
  • საოფლე ჯირკვლების განვითარება
  • მკერდის ზრდა (მკერდის ჯირკვლის ქსოვილის ზრდა უკავშირდება ორგანიზმში ჰორმონ ესტროგენის მატებას. მამაკაცის ორგანიზმში, ჩვეულებრივ, ესტროგენების გამომუშავება ხდება თირკმელზედა ჯირკვლისა და სათესლე ჯირკვლებში. სქესობრივი მომწიფების პერიოდში, ორიდან დაახლოებით ერთ ბიჭს აღენიშნება მკერდის ჯირკვლების დროებითი ზრდა)
  • განწყობის უცაბედი ცვლილება
  • ხშირად ფიქრობთ სქესობრივ ურთიერთობებზე
  • ჩნდება სქესობრივი ლტოლვა
  • შესაძლებელია გაჩნდეს პარტნიორი გოგონას ან პარტნიორი ბიჭის ყოლის სურვილი
  • მეგობრობა უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს
  • დროდადრო მარტოობისა და დაბნეულობის შეგრძნება
  • ჩნდება ძლიერი სურვილი სხვებს მოსწონდე და მათთვის მისაღები იყო
  • მეტი დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა
  • მომავალზე ფიქრი
  • საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა

დ. ანატომია და ფიზიოლოგია – კროსვორდი 
(5 წთ. გაკვეთილის მსვლელობისას; 30 წთ. საშინაო დავალების შესასრულებლად; 5 წთ. შემდგომი გაკვეთილის მსვლელობისას)

მოცემული სავარჯიშო (კროსვორდი) შესაძლებელია მოსწავლეებს შესასრულებლად მისცეთ მე-2, მე-3 ან მე-4 გაკვეთილების ბოლოს, მასალის გამეორების მიზნით.

მოსწავლეები იწყებენ იმ დამხმარე ქსელის შექმნას, რომელიც მათ სქესობრივი მომწიფების პერიოდთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვაში დაეხმარება, რა დროსაც ისინი აგრეთვე ეცნობიან ადამიანის რეპროდუქციული სისტემის ძირითად კომპონენტებს.

  1. მოსწავლეებს დაურიგეთ სამუშაო ფურცლები „ანატომია და ფიზიოლოგია: კროსვორდი“. აღნიშნული ფურცლები მოსწავლეებს ეძლევათ შესავსებად, საშინაო დავალების სახით. მოსწავლეებს აუხსენით, რომ ამ დავალების შესრულების დროს მათ მიზნს წარმოადგენს კროსვორდის რაც შეიძლება სრულყოფილად შევსება.
  2. მოსწავლეებს შეუძლიათ კროსვორდის შევსებაში მშობელი ან მეურვე დაიხმარონ. მათ მშობელს ან მეურვეს, რომლებიც მოსწავლეებს კროსვორდის შევსებაში ეხმარებიან, უნდა სთხოვონ ხელი მოაწერონ სამუშაო ფურცლის თავში, იმის დასტურად, რომ მათ დახმარება გაუწიეს მოსწავლეს.
  3. აღნიშნული დავალების განხილვა უნდა მოხდეს შემდეგ გაკვეთილზე.
კითხვების ყუთი (10 წთ.)

სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მომდევნო გაკვეთილისათვის დაგეგემეთ.

საშინაო დავალება

მოსწავლეები ავსებენ მათთვის დარიგებულ სამუშაო ფურცელს „ანატომია და ფიზიოლოგია: კროსვორდი“.

საჭიროა გვახსოვდეს, რომ ყველა მოსწავლე არ ცხოვრობს „ტრადიციულ“ ოჯახში და ყველა მათგანს არ აქვს თანაბარი შესაძლებლობა ღიად და გულახდილად ესაუბროს საკუთარი „ოჯახის“ წევრებს. მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდებულია მოსწავლეებმა მოცემული აქტივობა მათზე მზრუნველ მშობელთან ან მეურვესთან ერთად შეასრულონ, ზოგიერთ მოსწავლეს შესაძლოა ამის საშუალება არ ჰქონდეს. გულისხმიერება გამოიჩინეთ  საკუთარი მოსწავლეების საჭიროებების მიმართ.
კითხვები გაკვეთილის შეფასებისათვის

გაკვეთილის მსვლელობისას:

  • დაცული იქნა თუ არა ძირითადი წესები?
  • მოხდა თუ არა ჯგუფური მუშაობისა და საკითხებზე მსჯელობის კარგი პრაქტიკის ჩამოყალიბება?

რა ცვლილებებს შეიტანდით იგივე ჯგუფთან შემდგომში მუშაობის გეგმასა და ფორმატში?
რა ცვლილებებს შეიტანდით სხვა ჯგუფთან იგივე გაკვეთილის გეგმასა და ფორმატში?

მოსწავლეთა შეფასება

გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:

ცოდნა:
  • იმ ცვლილებების აღწერა, რომლებიც სქესობრივი მომწიფების პერიოდს უკავშირდება?
  • რეპროდუქციულ ანატომიასთნ დაკავშირებული ტერმინების ათვისება?
უნარები:
  • მთელი კლასის მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიებისას, მოსმენისა და საუბრის სათანადო უნარების გამოვლენა?
დამოკიდებულებები:
  • კომფორტულად ეგრძნოთ თავი სქესობრივ საკითხებთან დაკავშირებული ტერმინების გამოყენებისას გაკვეთილის დროს?