ათაშანგი (სიფილისი)

სიფილისი ინფექციური დაავადებაა, რომელიც აზიანებს კანს, ლორწოვან გარსებს, შინაგან ორგანოებს, ნერვულ სისტემას.

ათაშანგის გამომწვევია მიკროორგანიზმი მკრთალი ტრეპონემა, რომელიც ქსოვილებში იჭრება, მრავლდება და მთელ ორგანიზმში ვრცელდება. განასხვავებენ ათაშანგის მიმდინარეობის 3 სტადიას: საწყისს ანუ პირველს, მეორეს და მესამეს.

სიფილისით ინფიცირება ძირითადად სქესობრივი კონტაქტის შედეგად ხდება, თუმცა მისი გადაცემა შესაძლებელია საყოფაცხოვრებო გზით და გამონაყართან ახლომდებარე ქსოვილებთან ფიზიკური კონტაქტითაც. ეს წყლულები ადამიანს სხეულის ნებისმიერ ადგილზე შეიძლება ჰქონდეს. ასევე, ათაშანგი გადადის სისხლთან კონტაქტით და დედისგან ნაყოფზე.
ათაშანგის განუკურნებელმა საწყისმა და მეორე სტადიებმა აივი შესაძლოა კიდევ უფრო გადამდები გახადოს. ათაშანგით დაავადებული უფრო ადვილად შეიძლება დაავადდეს აივ-ით.

  • ათაშანგით (საწყისი სტადია) ინფიცირების მომენტიდან განსაზღვრული ხნის შემდეგ ტრეპონემის შეჭრის ადგილას (სასქესო ორგანოებზე ან სხვაგან) წარმოიქმნება წყლულები (შანკრები), რასაც თან სდევს ახლომდებარე ლიმფური კვანძების გადიდება. თვითონ წყლული ერთია, უმტკივნეულო და მკვრივფუძიანი. შანკრების განკურნება ადვილია.

    დაავადების მიმდინარეობის მომდევნო სტადიაზე ჩნდება სხვადასხვა ზომისა და ფორმის მრავლობითი გამონაყარი, განსაკუთრებით – ხელისგულებსა და ფეხისგულებზე, ლორწოვანზე. გამონაყარი პერიოდულად ქრება და შემდეგ ისევ ჩნდება. დამახასიათებელია აგრეთვე მაღალი სიცხე, კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, ხმაური ყურებში. წყლულები ძლიერ გადამდებია.

    ათაშანგის მეორე სტადია, ჩვეულებრივ, ინფიცირებიდან ექვსი თვის განმავლობაში ვითარდება. ამ სტადიაზე შინაგანი ორგანოები და ნერვული სისტემა არ ზიანდება.

    III სტადიაზე (რომელიც ინფიცირებიდან 10 ან მეტი წლის შემდეგ შეიძლება ჩამოყალიბდეს) დაავადების მიმდინარეობა უფრო რთულდება, ჩნდება ხორკლისმაგვარი წარმონაქმნები, ვითარდება ნეიროსიფილისი, რომელიც პროგრესირებს და ზურგის ტვინის ღრმა ცვლილებებს იწვევს. ზიანდება გულ-სისხლძარღვთა სისტემაც.

  • ათაშანგის დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია ლაბორატორიული კვლევა. საკვლევ მასალას იღებენ დაზიანებული უბნიდან ან ლიმფური კვანძიდან და სპეციალური მიკროსკოპის საშუალებით იკვლევენ. აუცილებელია სისხლის სეროლოგიური გამოკვლევაც.

    აივ ინფიცირებულთა ათაშანგზე შემოწმების შედეგები ნაკლებად სანდოა. თუ არსებობს ეჭვი ტვინის დაზიანებაზე, შესაძლოა საჭირო გახდეს ზურგის ტვინის პუნქცია, რათა შეფასდეს დაავადების ხარისხი. ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწყვეტილება საჭირო ანალიზების თაობაზე ექიმმა სპეციალისტმა უნდა მიიღოს, პაციენტმა კი არ დაიზაროს მათი ჩატარება.

  • ათაშანგს ანტიბიოტიკებით მკურნალობენ. საბოლოო განკურნებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია მკურნალობის კურსის ბოლომდე მიყვანა. გარდა ამისა, ჯობია მკურნალობის კურსის დასრულებამდე სქესობრივი კონტაქტისგან თავის შეკავება, რათა თავიდან იქნას აცილებული დაავადების სხვებისთვის გადადება ან რეინფიცირება. ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც ნებისმიერი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის გამოვლენისას, აუცილებელია სქესობრივი პარტნიორის სრულყოფილი მკურნალობა.

    სისხლის საკონტროლო ანალიზები კეთდება მკურნალობის დასრულებიდან 1, 2, 3, 6 და 12 თვის შემდეგ, რათა დადასტურდეს დაავადებისგან სრულად განკურნება.