გაკვეთილების მსვლელობისას საჭირო ქცევის ძირითადი წესები

სქესობრივი ჯანმრთელობის პროგრამის სწავლება უკეთ ხორციელდება ისეთ კლასში, სადაც არსებობს ურთიერთნდობა, დაცულია უსაფრთხოება და შექმნილია კომფორტული გარემო. ქცევის ძირითადი წესები (რომელიც ფაქტობრივად ნიშნავს ჯგუფის წევრებს შორის შეთანხმებულ წესებს) დაგეხმარებათ ამგვარი გარემოს შექმნაში საწყის ეტაპზე. ეფექტური წესები უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს:

  • უნდა იყოს თქვენი მოსწავლეების ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისი
  • ისინი უნდა იქნას შემუშავებული ერთობლივად და მათ ჯგუფის ყველა წევრი უნდა ეთანხმებოდეს
  • ისინი მკაფიოდ უნდა იქნას განმარტებული, რათა მოსწავლეებს ნათელი წარმოდგენა შეექმნათ მათ შესახებ
  • საჭიროა ამ წესების საკლასო ოთახში, თვალსაჩინო ადგილზე, პოსტერის ფორმით განთავსება
  • საჭიროა მათი განხილვა საწყის ეტაპზე და ამ წესებით ხელმძღვანელობა სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხების სწავლების პერიოდში
ძირითადი წესების ჩამონათვალი შეადგინეთ თქვენს მოსწავლეებთან ერთად

ძირითადი წესები უფრო ეფექტურად მუშაობს, როდესაც მათი ჩამონათვალის შემუშავებაში მოსწავლეები არიან ჩართული. ჩამონათვალი არ უნდა იყოს გრძელი. შეგიძლიათ მასში შეიყვანოთ 5-დან 10 წესამდე, რომლებიც საკმაოდ ზოგადი ხასიათის იქნება და მოიცვას იმ ძირითად გზავნილებს, რომლებიც გსურთ რომ თქვენმა მოსწავლეებმა დაიმახსოვრონ. ქვემოთ მოცემულია წესები ნიმუშისათვის, რომლებითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ თქვენი კლასისთვის წესების ჩემონათვალის შედგენისას:

  • დაუშვებელია ერთმანეთის გაკრიტიკება
  • პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს
  • დაუშვებელია პირადი ხასიათის კითხვები
  • შეგვიძლია არ ვუპასუხოთ კითხვას
  • შეგვიძლია დავსვათ კითხვები
  • უნდა გამოვიყენოთ სწორი და კორექტული ტერმინები
  • საჭიროა მოვუსმინოთ როცა სხვები საუბრობენ
  • კლასში განხილული საკითხები კონფიდენციალურია
  • შეგვიძლია გამოვთქვათ ჩვენი განსხვავებული მოსაზრება
  • საჭიროა პატივი ვცეთ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას
  • ფაქიზად და გაგებით უნდა მოვეპყრათ მრავალფეროვნებას, თავი უნდა შევიკავოთ დაუდევარი და უპასუხისმგებლო შენიშვნების გაკეთებისაგან
  • გართობა დასაშვებია
სწავლების მეთოდები

მოსწავლეების ჩართულობა უზრუნველყოფილია მაშინ, როდესაც სწავლების მეთოდები ემსახურება აქტიურ და გამოცდილებაზე ორიენტირებულ სწავლას. სხვა საგნებში არსებული სასწავლო პროგრამების მსგავსად, სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხების სწავლებისას, მცირერიცხოვან ჯგუფებში მუშაობა, საერთო საკლასო განხილვები და ვიდეომასალის ჩვენება სასწავლო პროგრამას უფრო საინტერესოს გახდის მოსწავლეებისათვის. ამგვარად შედგენილი სასწავლო პროგრამა დაეხმარება მოსწავლეებს სასწავლო მასალის შინაარსის ათვისებაში და იმის გაანალიზებაში თუ როგორ უკავშირდება სასწავლო მასალის შინაარსი მათ საკუთარ მოსაზრებებს, ღირებულებებსა და გამოცდილებას. ამგვარი აქტივობები ხშირად მოსწავლეების წახალისებას იწვევს, რათა ისინი აქტიურად ჩაებან დისკუსიებში და დასვან ბევრი შეკითხვა. გაკვეთილის დროს არ უნდა დაგავიწყდეთ შეახსენოთ თქვენს მოსწავლეებს, რომ აუცილებელია ძირითადი წესების დაცვა.