გაკვეთილი IV – სქესობრივი მომწიფება

სწავლის შედეგი

მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს ადამიანის რეპროდუქციული სისტემის ძირითადი კომპონენტები და აღწეროს ამ კომპონენტთა ძირითადი ფუნქციები; მაგალითად განაყოფიერება, ჩასახვა.

მასალა:
  1. სამუშაო ფურცლები მოსწავლეებისათვის: „ძალიან მნიშვნელოვანი მოგზაურობა“
  2. სამუშაო ფურცლები მოსწავლეებისათვის: ჩასახვის მექანიზმი – აქტივობა “Y”
  3. სამუშაო ფურცლები მოსწავლეებისათვის: ჩასახვის მექანიზმი – აქტივობა “Y” – პასუხები
  4. მასალა თვალსაჩინოებისათვის: განაყოფიერება
  5. მასალა თვალსაჩინოებისათვის: იმპლანტაცია
  6. მასალა თვალსაჩინოებისათვის: სპერმის წარმოქმნა.
შესავალი:

წინამდებარე გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეები აჯამებენ საკუთარ ცოდნას ანატომიისა და ფიზიოლოგიის სფეროდან მასალის შესახებ, რომელიც მათ წინა გაკვეთილებზე აითვისეს და დეტალურად სწავლობენ განაყოფიერებისა და ჩასახვის პროცესს.

მიდგომები/სტრატეგია:

ა. ძირითადი წესები (5 წთ.)

ძირითადი წესების შესახებ შეთანხმება უნდა შედგეს გაკვეთილის დაწყებამდე. იმ კლასებში, სადაც ძირითადი წესები უკვე წინასწარ არის ჩამოყალიბებული და შეთანხმებული, მოკლედ მიმოიხილეთ ისინი, გაკვეთილის წარმატებით წარმართვის მიზნით.

ბ.  ჩასახვა/განაყოფიერება (15 წთ.)
მოცემულ მონათხრობში აღწერილია სპერმატოზოიდის წარმოქმნის, ოვულაციისა და ჩასახვის მექანიზმი; აღწერილია განაყოფიერებისა და იმპლანტაციის პროცესი და დეტალურად არის აღწერილი ამ პროცესის თითოეული ეტაპი.

  1. დაურიგეთ მოსწავლეებს სამუშაო ფურცლები – „ძალიან მნიშვნელოვანი მოგზაურობა“.
  2. სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარ ფურცლებზე დაწერილ ტექსტს ადევნონ თვალი, თქვენი მოსმენის პარალელურად.

გ. საკლასო განხილვა
ქვემოთ მოცემული კითხვები დაეხმარება თქვენს მოსწავლეებს განიმტკიცონ საკუთარი ცოდნა ჩასახვის, განაყოფიერებისა და იმპლანტაციის  პროცესების შესახებ.

შესაძლებელია გადაწყვიტოთ, მონათხრობის წაკითხვის დროს, თვალსაჩინოებისათვის, მოსწავლეებს აჩვენოთ ან დაურიგოთ ფურცლები, რომლებზეც გამოსახულია სპერმატოზოიდის წარმოქმნის პროცესი, იმპლანტაციისა და განაყოფიერების პროცესები.
  1. რა ეწოდება პროცესს, რომლის დროსაც წარმოებს კვარცხუჯრედის გამოყოფა საკვერცხიდან?
    – ამ პროცესს ეწოდება ოვულაცია და იგი გოგონების ორგანიზმში იწყება მომწიფების ასაკიდან.
  2. რა ხდება ეაკულაციის დროს?
    – ეაკულაციის დროს სათესლე სითხესთან შერეული სპერმატოზოიდების გამოყოფა წარმოებს სასქესო ასოს თავიდან.
    – ეაკულაცია ხდება სქესობრივი აქტის დროს, მასტურბაციის დროს, ან ძილის დროს, ამ უკანასკნელს ეწოდება ღამის პოლუცია.
  3. მას შემდეგ, რაც სპერმატოზოიდები ფალოპის მილში კვერცხუჯრედთან მიაღწევენ, ყველა მათგანი ცდილობს შეაღწიოს გარსში, რომელიც კვერცხუჯრედს აკრავს გარშემო. რა ეწოდება პროცესს, როდესაც ერთი სპერმატოზოიდი გაარღვევს გარსს და უერთდება კვარცხუჯრედს?
    – ამ პროცესს განაყოფიერება ეწოდება, და ამით სრულდება ჩასახვის პროცესის პირველი ეტაპი.
  4. რა ეწოდება პროცესს, როდესაც ერთმანეთთან შერწყმული სპერმატოზოიდი და კვერცხუჯრედი საშვილოსნოში შეაწევენ და საშვილოსნოს კედელს ეკვრიან?
    – ამ პროცესს იმპლანტაცია ეწოდება.
    – იმპლანტაცია ჩასახვის პროცესის ბოლო ეტაპია.
  5. ვის უნდა მიმართოთ თუ აღნიშნული საკითხების შესახებ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ?
    – მშობელს
    – უფროსი ასაკის კომპეტენტურ პირს
    – მასწავლებელს ან სკოლის ფსიქოლოგს
    – ექიმს ან ექთანს

დ. ჩასახვის ეტაპები (15 წთ.)
მოსწავლეები ავლენენ ცოდნას ადამიანის რეპროდუქციული სისტემის კომპონენტებისა და ჩასახვის პროცესის შესახებ.

  1. ამოჭერით თითოეული ბარათი, რომელზეც ჩასახვის თითოეული ეტაპია მოცემული და ბარათები ერთმანეთში აურიეთ.
  2. დაურიგეთ მოსწავლეებს სამუშაო ფურცელი “Y” და ბარათები და სთხოვეთ მათ “Y” სქემაზე დააწყონ ბარათები შესაბამისი ეტაპების თანამიმდევრობის გათვალისწინებით.
  3. პასუხების გამოყენებით, შეამოწმეთ მოსწავლეთა ნამუშევრები და დარწმუნდით, რომ ყველა ბარათი შესაბამის ადგილზეა მოთავსებული.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ამ აქტივობის ჩატარებას მთლიან კლასთან მუშაობის ფორმატში გადაწყვეტთ, მაშინ საჭიროა გაადიდოთ  “Y” სამუშაო ფურცელი და ბარათებიც შესაბამისად, დიდი ფორმატის ფურცლებზე ამობეჭდოთ.

კითხვების ყუთი (10 წთ.)
სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მომდევნო გაკვეთილისათვის დაგეგემეთ.

კითხვები გაკვეთილის შეფასებისათვის

გაკვეთილის მსვლელობისას:

  • დაცული იქნა თუ არა ძირითადი წესები?
  • მოხდა თუ არა ჯგუფური მუშაობისა და საკითხებზე მსჯელობის კარგი პრაქტიკის ჩამოყალიბება?

რა ცვლილებებს შეიტანდით იგივე ჯგუფთან შემდგომში მუშაობის გეგმასა და ფორმატში?
რა ცვლილებებს შეიტანდით სხვა ჯგუფთან იგივე გაკვეთილის გეგმასა და ფორმატში?

მოსწავლეთა შეფასება

გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:

ცოდნა:
  • ჩასახვის პროცესის აღწერა?
  • სათანადო ტერმინოლოგიის გამოყენებით, განაყოფიერებისა და იმპლანტაციის ეტაპების განსაზღვრა?
უნარები:
  • მთელი კლასის მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიებისას, მოსმენისა და საუბრის სათანადო უნარების გამოვლენა?
  • იმ პირების განსაზღვრა, ვისაც მათ დახმარებისათვის და რჩევებისათვის უნდა მიმართონ?
დამოკიდებულებები:
  • გააზრება იმისა, რომ სქესობრივი მომწიფების პროცესში ხდება მამაკაცისა და ქალის რეპროდუქციული სისტემების მომზადება რეპროდუქციის ფუნქციის (ჩასახვის) შესრულებისათვის?
  • გააზრება იმისა რომ ოვულაციისა და სპერმატოზოიდების წარმოქმნის შედეგი შესაძლოა იყოს ორსულობა?