პროექტის შესახებ

საქართველოში ჩატარებული რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევების შედეგებმა (მათ შორის 2002წ და 2008წ ჩატარებული მოზარდთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევები) ცხადყო, რომ ჩვენს ქვეყანაში რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე სანდო და ადეკვატური ინფორმაციის წყაროების სერიოზული დეფიციტი აღინიშნება. ამავდროულად, ამგვარი ინფორმაცია სჭირდებათ როგორც ბავშვებს, მოზარდებს და ახალგაზრდებს, ასევე მათ მშობლებს, პედაგოგებს, ვინაიდან პიროვნების ნორმალური და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია ყველა იმ კითხვაზე სწორი და დაბალანსებული პასუხის გაცემა, რომლებიც სხვადასხვა ასაკში უჩნდებათ ბავშვებსა და მოზარდებს. ინფორმაციის ნაკლებობა ან არასწორი ინფორმაცია უმეტესწილად დაუცველს ხდის მომავალ თაობას იმ საფრთხეებისა და გამოწვევების მიმართ, რაც მათი ზრდისა და პიროვნული ჩამოყალიბების პროცესში ასე ხშირია.

სწორედ ამიტომ “ასოციაცია ჰერა XXI”-მ მიიღო გადაწყვეტილება შექმნას საიტი, სადაც დაინტერესებულ პირთათვის განთავსდება მასალები ყველა იმ ძირითად საკითხზე, რაც აუცილებელია მომავალი თაობების ჯანსაღი და ჰარმონიული განვითარებისათვის. აღსანიშნავია, რომ მასალები ორიგინალურია, მათ შემუშავებაში მონაწილეობდნენ პროფესიონალები (ექიმები, ფსიქოლოგები, პედაგოგები და ა.შ.) და ეს მასალები ადაპტირებულია ჩვენი ქვეყნის ისტორიულ-კულტურული ფასეულობების გათვალისწინებით.

საიტიდან სასარგებლო ინფორმაცია შეიძლება მიიღონ მოზარდებმაც, თუმცა ძირითადად საიტი მაინც მასწავლებლებისთვისაა გათვალისწინებული და აწვდის მათ ამომწურავ ინფორმაციას მოსწავლეთა ზრდა-განვითარებასთან დაკავშირებით, ასევე, სასარგებლო რჩევებს სხვადასხვა ასაკში მათთან სწორი კომუნიკაციისთვის, შესაძლო პრობლემების (სამედიცინო, ფსიქოლოგიური, ქცევითი და ა.შ.) და მათი მოგვარების შესაძლო გზებთან დაკავშირებით.

მიზნები, ასაკობრივი ჯგუფები და სტრუქტურა

განვითარების მიზნები

თავდაპირველი და განახლებული ცნებების, თემებისა და სწავლების მიზნებისა და ამოცანების ჩამოყალიბება ნაკარნახევი იყო 12 ქვეყანაში არსებული სასწავლო პროგრამების (კურიკულუმების) გადასინჯვით, რომელიც სპეციალური დაკვეთით გახორციელდა; (UNESCO, 2017c); მტკიცებულებათა გადასინჯვით (UNESCO, 2009; UNESCO, 2016c); სქესობრივი განათლების შესახებ არსებული რეგიონული და ეროვნული სახელმძღვანელო პრინციპებითა და სტანდარტებით (იხ. დანართი VII); სათანადო მონაცემთა ბაზებიდან და ვებგვერდებიდან მოპოვებული ინფორმაციით; სპეციალისტებთან, მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან სიღრმისეული ინტერვიუების შედეგებით (იხ. დანართი VI); და 2009 და 2016 წლებში, მსოფლიო დონეზე გამართული, ტექნიკური ხასიათის კონსულტაციებით, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილი ექსპერტების მონაწილეობით მიმდინარეობდა (იხ. დანართი III). ძირითადი ცნებების, თემებისა და  სწავლების საილუსტრაციო მიზნებისა და ამოცანების ჩამოყალიბება შესაძლებელი გახდა იმ წვლილის წყალობით, რომელიც მოცემული მიმართულებით გახორციელდა გაეროს აივ/შიდსის პრევენციის ერთობლივი პროგრამის (UNAIDS), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ. აღნიშნული ძირითადი ცნებები, თემები და სწავლების საილუსტრაციო მიზნები და ამოცანები საფუძვლიანად იქნა შესწავლილი და განხილული სრულყოფილი სქესობრივი განათლების საკონსულტაციო ჯგუფის მიერ (იხ. დანართი II).

წინამდებარე ნაწილში მოცემულ სახელმძღვანელო პრინციპებს საფუძვლად უდევს ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომა, რომელიც ემსახურება ისეთი ღირებულებების წინა პლანზე წამოწევას, როგორებიცაა: ჩართულობა, პატივისცემა, თანასწორობა, თანაგრძნობა, პასუხისმგებლობა და ურთიერთგაგება, რომლებიც ადამიანის საყოველთაო უფლებების განუყრელ ნაწილს წარმოადგენს. იგი ასევე ემყარება საყოველთაო თანხმობას მასზედ, რომ გენდერული თანასწორობა არსებითი მნიშვნელობის მატარებელია ახალგაზრდების სექსუალური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში და ბოლოს, მოცემული პრინციპები ემსახურება მოსწავლეებზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობას, რომლის ფარგლებშიც სწავლების ორიენტირს მოსწავლეები წარმოადგენენ.

ძირითადი ცნებების, თემებისა და სწავლების მიზნებისა და ამოცანების მიზანს წარმოადგენს ბავშვებისა და ახალგაზრდების აღჭურვა იმ ცოდნით, დამოკიდებულებებითა და უნარებით, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს იმოქმედონ საკუთარი ჯანმრთელობის დაცვის, კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და ღირსების შენარჩუნების მიმართულებით; ამავე დროს, გაითვალისწინონ ის თუ რა გავლენას ახდენს მათი არჩევანი სხვების კეთილდღეობაზე; კარგად გაიაზრონ საკუთარი უფლებები და იმოქმედონ ამ უფლებების ფარგლებში პატივი სცენ სხვათა უფლებებს, რისი მიღწევაც შესაძლებელია:

  • ახალგაზრდებისათვის მეცნიერულად დასაბუთებული, ეტაპობრივი, ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისი, გენდერულად მგრძნობიარე, კულტურის თვალსაზრისით რელევანტური და ნებისმიერ გარემოში გამოყენებადი ცოდნის მიწოდებით, სექსუალობის შემეცნებით-ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სოციალური ასპექტების შესახებ;
  • ახალგაზრდებისათვის ისეთი გარემოს შექმნით, რომელიც მათ მისცემს საშუალებას შეისწავლონ და გამოიკვლიონ ის ღირებულებები, დამოკიდებულებები და სოციალური და კულტურული ნორმები და უფლებები, რომლებიც გავლენას ახდენს და ზემოქმედებს მათ სექსუალურ და სოციალურ ურთიერთობებზე;
  • ახალგაზრდების მიერ სიცოცხლისათვის აუცილებელი უნარების ათვისების ხელშეწყობით.

ასაკობრივი ჯგუფები

მოცემული ნაწილი დაყოფილია რვა ძირითადი ცნების შესაბამისად, რომლებიც მოცემულია ქვევით, და რომლებიც გადანაწილებულია ოთხ ასაკობრივ ჯგუფზე (5-8 წლის ასაკი; 9-12 წლის ასაკი; 12-15 წლის ასაკი და 15-18+ წლის ასაკი) და განკუთვნილია დაწყებითი და საშუალო განათლების სკოლებში სწავლებისათვის. სწავლის მიზნები და ამოცანები ლოგიკურად არის გადანაწილებული და მცირე ასაკობრივ ჯგუფებში გულისხმობს მოცემულ ცნებებზე ძირითადი ინფორმაციის მიწოდებას, ნაკლებად შემეცნებით ამოცანებსა და ნაკლებად რთულ აქტივობებს. რაც შეეხება მეორე და მესამე (9-12 წლის ასაკისა და 12-15 წლის ასაკის) ასაკობრივ ჯგუფებს, მათთვის მისაწოდებელ მასალასა და ამოცანებს შორის სხვაობა სირთულის თვალსაზრისით ნაკლებია, რათა მასალა ესადაგებოდეს იმ სხვადასხვა ასაკის მოსწავლეს, რომლებიც შესაძლოა ერთ კლასში ირიცხებოდნენ. ბოლო, 15-18+ წლის ასაკობრივი ჯგუფისათვის განკუთვნილი მასალა ითვალისწინებს იმას, რომ საშუალო განათლების საფეხურზე მყოფი ზოგიერთი მოსწავლე შესაძლებელია 18 წელზე უფროსი ასაკის იყოს, შესაბამისად, ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის შერჩეული თემები და სწავლების მიზნები და ამოცანები ასევე შესაძლებელია გამოყენებული იქნას მოზრდილი ასაკის ახალგაზრდებთან, უმაღლესი განათლების დაწესებულებებში წარმოებული განათლების ფარგლებში.  ვინაიდან ბევრ ახალგაზრდას არ აქვს მიღებული სქესობრივი განათლება დაწყებითი და საშუალო განათლების ფარგლებში, უმაღლესი განათლების სასწავლებლებში მათ შესაძლებელია მიეწოდოთ სქესობრივი განათლება, მოცემულ სახელმძღვანელოში შესული პრინციპების შესაბამისად. მოცემული სახელმძღვანელო პრინციპები შესაძლებელია მორგებული იქნას სკოლის გარეთ ისეთ გარემოში გამოსაყენებლად,  სადაც სქესობრივი განათლების მიწოდება განხორციელდება იმ ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის, რომლებსაც ამ განათლების მიღების შესაძლებლობა არ აქვთ სკოლებში, ვინაიდან ისინი არ ირიცხებიან სკოლებში.

ზემოთ ჩამოთვლილ ასაკობრივ ჯგუფებში განხილული ნებისმიერი ინფორმაცია შესაბამისობაში უნდა იყოს ამ ჯგუფებში შემავალი მოსწავლეების შემეცნებით შესაძლებლობებთან და, ასევე, უნდა ითვალისწინებდეს იმ ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობებს, რომლებსაც ინტელექტუალური ჩამორჩენილობა და სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები ახასიათებთ. ზოგიერთ ქვეყანაში, მასწავლებლებისათვის უცხო არ არის ისეთ კლასში სწავლება, რომელსაც სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები ესწრებიან. ზოგიერთი პირი სკოლაში გვიან შედის და, შესაბამისად, განვითარების განსხვავებულ დონეზე იმყოფება და გააჩნია განსხვავებული ცოდნა, დამოკიდებულებები და უნარები, ვიდრე იმ კლასის მოსწავლეების ძირითად ნაწილს, რომლებთან ერთადაც ეს პირი კლასში ირიცხება, რისი გათვალისწინებაც აუცილებელია. გარდა ამისა, რეგიონებს შორის და რეგიონებს შიგნით, ქვეყნებს შორის და ქვეყნებს შიგნით და, ასევე, თემებს შორისაც, მკვეთრად განსხვავდება ბავშვებისა და ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული საჭიროებები და პრობლემები და, ასევე, განსხვავებულია ის ასაკიც, რა ასაკშიც ახალგაზრდები სქესობრივ ცხოვრებას იწყებენ. აქედან გამომდინარე, მოცემულ კონტექსტში, ასაკისთვის შესაბამისი სწავლების მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინება იქნება საჭირო, სქესობრივი განათლების სასწავლო გეგმისა და პროგრამის შემუშავებისას და მასალების შერჩევისას; და ასევე, მასწავლებლის მიერ საჭიროა გაცნობიერებული იქნას ის, რომ ერთი და იგივე კლასში მოსწავლეებს შესაძლებელია ერთმანეთისაგან განსხვავებული სქესობრივი ცხოვრების გამოცდილება ჰქონდეთ. შესაბამისად, საჭიროა სწავლების მიზნებისა და ამოცანების მორგება მოსწავლეთა საჭიროებებზე და, გარდა ამისა, სწავლების მიზნები და ამოცანები უნდა ეფუძნებოდეს ხელმისაწვდომ მონაცემებსა და მტკიცებულებებს და არა მასწავლებლის შეხედულებას იმის თაობაზე თუ რა თემისა თუ საკითხის განხილვა შეუქმნის მას დისკომფორტს ბავშვებთან და ახალგაზრდებთან სექსუალობის შესახებ საუბრისას.  სქესობრივი განათლების შესახებ არსებულ ლიტერატურასა და კვლევის მასალებში ყურადღება გამახვილებულია სენსიტიური საკითხების განხილვის საჭიროებაზე, იმ გამოწვევების მიუხედავად, რომლებიც ამგვარი საკითხების განხილვას უკავშირდება. ვინაიდან სექსუალობა განსხვავდება სხვა სასკოლო საგნებისაგან და შესაძლებელია აღძრას მძაფრი ემოციები (UNESCO, 2016b), არსებითად მნიშვნელოვანია ბავშვები ადრეული ასაკიდანვე ეჩვეოდნენ საკუთარ სხეულთან, შეგრძნებებთან და ურთიერთობებთან დაკავშირებულ თემებზე საუბარს, შესაბამისი ენის გამოყენებით.

სტრუქტურა

ქვევით მოცემულია რვა ძირითადი ცნება, რომლებიც თანაბრად მნიშვნელოვანია, ურთიერთშემავსებელია და განკუთვნილია პარალელურ რეჟიმში სწავლებისათვის.

რაც შეეხება თემებს, ისინი მეორდება მრავალჯერ და თანდათან რთულდება, წარმოებს რა ახალი ინფორმაციის მიწოდება უკვე ათვისებული ინფორმაციის საფუძველზე, სპირალური სასწავლო გეგმის პრინციპის გამოყენებით.

 

 

 

ურთიერთობები
     ღირებულებები, უფლებები, კულტურა და სექსუალობა
   სქესის გაცნობიერება
ძალადობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  ჯანმრთელობისა და კეთიდღეობისათვის საჭირო უნარები
ადამიანის ორგანიზმი და მისი განვითარება
სექსუალობა და სექსუალური ქცევა
სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა

 

 

თითოეული ცნება დაყოფილია ორიდან ხუთ თემად, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, თითოეული მათგანისათვის ჩამოყალიბებულია კონკრეტული ძირითადი იდეები და სწავლების მიზნები და ამოცანები, რომლებიც კონკრეტული ცოდნის შეძენასა და კონკრეტული დამოკიდებულებებისა და უნარების განვითარებას.

ცოდნა მოსწავლეთათვის უმნიშვნელოვანეს საფუძველს წარმოადგენს, ხოლო დამოკიდებულებები ეხმარება ახალგაზრდებს შეიცნონ საკუთარი თავი, საკუთარი სექსუალობა და სამყარო. ამავე დროს, უნარები, როგორიცაა კომუნიკაციის უნარი, მოსმენის უნარი, უარის თქმის უნარი, გადაწყვეტილების მიღების უნარი და მოლაპარაკების წარმოების უნარი, ასევე პიროვნებათაშორისი ურთიერთობები, კრიტიკული აზროვნება, საკუთარი თავისადმი რწმენის გამომუშავება, თანაგრძნობა, სანდო ინფორმაციისა და მომსახურების მოძიება და მათზე წვდომის მოპოვება, სტიგმატიზაციასა და დისკრიმინაციასთან გამკლავება და ადამიანის უფლებების დაცვა, მოსწავლეებს ეხმარება სწორი ნაბიჯების გადადგმაში.

სწავლა-სწავლების აღნიშნული სამი კომპონენტი, რომლებიც საილუსტრაციო სასწავლო მიზნებსა და ამოცანებშია ჩამოყალიბებული – ცოდნა, დამოკიდებულებები და უნარები – არ არის აუცილებელი ზედმიწევნით ზუსტად იყოს დაცული, არამედ ისინი უნდა წარმოადგენდეს  განმეორებითი და თანდათან დახვეწადი პროცესის შედეგს, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა აღჭურვას სწავლისა და გამეორების უამრავი შესაძლებლობით და რომელიც ძირითადი იდეის გახორციელებას ემსახურება. სწავლის მიზნები და ამოცანები, რომლებიც წინამდებარე თავშია შესული, ილუსტრაციული ხასიათისაა და არა სავალდებულო ხასიათის და, რა თქმა უნდა, არ არის ამომწურავი, როგორც თემატური ასევე ამ კომპონენტებს შორის ურთიერთკავშირის მიმართულებით. სწავლა-სწავლების მოცემული სამი კომპონენტის კომბინაცია უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების შესაძლებლობებით აღჭურვის თვალსაზრისით და სრულყოფილი სქესობრივი განათლების ეფექტური გახორციელების თვალსაზრისით. სასწავლო პროგრამის შემუშავებული პირებისათვის, შესაბამისად, რეკომენდებულია, მოცემული სამი კომპონენტის თვალსაზრისით, სწავლის მიზნებსა და ამოცანებში კონკრეტული წონასწორობის შენარჩუნება, ვინაიდან, მოცემულ სახელმძღვანელოში სისტემატურად არ არის წარმოდგენილი ყველა თემის შესაბამისი სწავლის კონკრეტული  მიზანი და ამოცანა.

წინამდებარე თავში, ილუსტრაციისათვის მოცემული სწავლის მიზნები და ამოცანები შესაძლებელია გამოყენებული იქნას როგორც საფუძველი ან მასალა, რომელზეც სასწავლო პროგრამის შემუშავებაზე პასუხისმგებელი პირები ადგილობრივ კონტექსტზე და/ან არსებულ ეროვნულ თუ რეგიონულ სტანდარტებსა და ჩარჩოზე მორგებულ და გაზომვად სწავლის მიზნებსა და ამოცანებს ჩამოაყალიბებენ. მოცემული სახელმძღვანელო პრინციპები არ წარმოადგენს სავალდებულო პრინციპებს, ისინი ეფუძნება საყოველთაოდ აღიარებულ მტკიცებულებებსა და პრაქტიკას და ითვალისწინებს იმ კონტექსტთა მრავალფეროვნებას, რომლეთა ფარგლებშიც ხორციელდება ახალგაზრდებისათვის სქესობრივი განათლების მიწოდება. შედეგად, მასში მოცემულია კონკრეტული საკითხები და თემები, რომლებიც სავსებით მისაღები შეიძლება აღმოჩნდეს ზოგიერთი ქვეყნისათვის, თუმცა იგივე საკითხები და თემები შესაძლებელია მიუღებელი აღმოჩნდეს სხვა ქვეყნებისთვის; შესაბამისად, თითოეული ქვეყანა უფლებამოსილია თავად მიიღოს გადაწყვეტილებები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა, ჩართულობა და დისკრიმინაციის დაუშვებლობა.

ადგილობრივად არსებული საჭიროებებისა და ქვეყნისა ან რეგიონისათვის დამახასიათებელი იმ თავისებურებების გათვალისწინებით, როგორიცაა, სოციალური და კულტურული ნორმები და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, მოცემული სწავლის მიზნებსა და ამოცანებზე აგებული გაკვეთილების მორგება და ადაპტირება შესაძლებელია, სასწავლო პროგრამაში მათი უფრო ადრე, ე.ი. უფრო მცირეწლოვან მოსწავლეებთან, ან მოგვიანებით, ე.ი. შედარებით უფროსი ასაკის მოსწავლეებთან ჩართვის მიზნით. თუმცა, ექსპერტთა უმრავლესობა თანხმდება მასზედ, რომ ბავშვებსა და ახალგაზრდებს რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან და რაც შეიძლება სრულყოფილად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია სექსუალობისა და სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ, რასაც ასევე აღიარებს განვითარების ფსიქოლოგია და რაც შესულია  ევროპაში სქესობრივი განათლების სტანდარტებში (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი და ჯანდაცვის სფეროში განათლების გერმანიის ფედერალური ცენტრი, 2010 წ.). გარდა ამისა, მოცემული სწავლის მიზნები და ამოცანების თანამიმდევრობისას დაცულია შემეცნების თვალსაზრისით მარტივიდან რთულისკენ სვლა, მოსწავლეთა ასაკისა და განვითარების დონის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სასწავლო პროგრამის შეტანა წარმოებს შედარებით უფროსი ასაკის მოსწავლეებთან, აუცილებელი იქნება მათთან იმ თემებისა და სწავლის მიზენბისა და ამოცანების გავლა, რომლებიც უფრო მცირე ასაკის მოსწავლეებისათვის არის განკუთვნილი, რათა უზრუნველყოფილი იქნას მოსწავლეებისათვის იმ ფუნდამენტური ცოდნის გადაცემა, რომელიც უნარებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბების საფუძველს წარმოადგენს.