ლექსიკონი

There are currently 69 names in this directory
აბორტი
აბორტი არის სამედიცინო ჩარევა, რომელიც ტარდება ორსულობის შეწყვეტის მიზნით. კანონმდებლობით, აბორტის ჩატარება შესაძლებელია 12 კვირამდე ვადის ორსულობისას. 12 კვირაზე მეტი ვადის ორსულობის დროს აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების შემთხვევაში, რომელიც განიხილება ინდივიდუალურად, კომისიური წესით. ორსულობას, რომლის შეწყვეტაც თავისთავად ხდება, ეწოდება სპონტანური აბორტი ან ე.წ. მუცლის მოშლა. ადამიანები უამრავი განსხვავებული პირადი და ჯანმრთელობის მიზეზებით იკეთებენ აბორტს.

ამენორეა
მენსტრუაციული ციკლის არარსებობა. ამენორეაზე საუბრობენ, როდესაც გოგონას 16 წლის ან უფრო მეტი ასაკისათვის ჯერ კიდევ არ დასწყებია მენსტრუაცია ან ქალს, რომელსაც მანამდე რეგულარული ციკლი ჰქონდა, მენსტრუაცია 6 თვეზე მეტი ხნით უწყდება.

ადამიანის პაპილომა ვირუსი
გენიტალური აპვ ინფექცია არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, რომელსაც ადამიანის პაპილომავირუსი იწვევს. ეს ვირუსების ჯგუფია, რომელიც 100-ზე მეტ სხვადასხვა შტამსა და ტიპს აერთიანებს. ამ ვირუსთაგან 30-ზე მეტი ონკოგენურია. ეს ვირუსები ქალისა და მამაკაცის გენიტალური არეების, მათ შორის – პენისის, საშოს და მისი გარე მიდამოების (ანუსის კანის, საშვილოსნოს ყელისა და სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის) ინფიცირებას ახდენენ.

ადამიანის უფლებები
ადამიანისგან, როგორც გონიერი არსებისგან, გაუსხვისებელი უფლებები, რომელთა აღიარება და დაცვა სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა. ადამიანის ძირითადი უფლებებია ყველაზე მთავარი, სასიცოცხლო მნიშვნელობის უფლებები, რომელთა გარეშე არ შეიძლება იარსებოს საზოგადობის არცერთმა წევრმა. ადამიანის უფლებები უნივერსალურია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ისინი ვრცელდება ყველაზე სქესის, ასაკის, ოჯახური მდგომარეობის, სექსუალური იდენტობისა და ქცევის, გენდერული იდენტობის, რასის, ეთნიკურობის, ნაციონალური ან სოციალური წარმომავლობის, პოლიტიკური რწმენის, მოქალაქეობის, რელიგიური აღმსარებლობის, სოციალური და ეკონომიკური სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ფიზიკური და მენტალური შესაძლებლობებისა და ჯანმრთელობის სტატუსის მიუხედავად

ათაშანგი, სიფილისი
სიფილისი ინფექციური დაავადებაა, რომელიც აზიანებს კანს, ლორწოვან გარსებს, შინაგან ორგანოებს, ნერვულ სისტემას. ათაშანგის გამომწვევია მიკროორგანიზმი მკრთალი ტრეპონემა, რომელიც ქსოვილებში იჭრება, მრავლდება და მთელ ორგანიზმში ვრცელდება. სიფილისით ინფიცირება ძირითადად სქესობრივი კონტაქტის შედეგად ხდება, თუმცა მისი გადაცემა შესაძლებელია საყოფაცხოვრებო გზით და გამონაყართან ახლომდებარე ქსოვილებთან ფიზიკური კონტაქტითაც. ეს წყლულები ადამიანს სხეულის ნებისმიერ ადგილზე შეიძლება ჰქონდეს. ასევე, ათაშანგი გადადის სისხლთან კონტაქტით და დედისგან ნაყოფზე.

აივ ინფექცია
აივ-ი არის ვირუსი, რომელიც იწვევს შეძენილი იმუნო დეფიციტის სინდრომის (შიდსის) ჩამოყალიბებას აივ ინფექცია ნელ-ნელა ანადგურებს იმუნურ სისტემას იმ უჯრედებში შეღწევით და განადგურებით, რომელიც აკონტროლებს და აძლიერებს იმუნურ სისტემას. დაინფიცირებიდან დიდი ხნის (როგორც წესი 3-7 წლის) შემდეგ, ყალიბდება იმუნოდეფიციტი. როდესაც ადამიანს აქვს იმუნო დეფიციტი, ორგანიზმს უჭირს დაიცვას თავი სხვადასხვა ინფექციისგან და გარკვეული სიმსივნური დაავადებებისგან, რომლებიც ცნობილია როგორც „ოპორტუნისტული დაავადებები“. იმუნო დეფიციტის განვითარების კონტროლი შესაძლებელია და ამ დაავადებების უარყოფითი შედეგები შეიძლება შემსუბუქდეს შესაბამისი მკურნალობით.

ბულინგი
ბულინგი (დაშინება) გულისხმობს ფიზიკურ ან სოციალურ ძალას, რომელიც იწვევს ზიანს, შიშს ან მწუხარებას, როგორიცაა ემოციური ზიანი, ან ანადგურებს ადამიანის რეპუტაციას.

გენდერი
სქესთა შორის ურთიერთობის სოციალური ასპექტი, რომელიც გამოხატულია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და გულისხმობს სოციალიზაციით განპირობებულ შეხედულებებს ამა თუ იმ სქესზე.

გონორეა
გონორეა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა. მისი გამომწვევია გონოკოკი (Neisseria gonorrhoeae). გონორეის სიმპტომები, ჩვეულებრივ, ინფიცირებიდან 2-10 დღის განმავლობაში მჟღავნდება. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც კლინიკური ნიშნები თავს არ იჩენს ან უმნიშვნელოდ არის გამოხატული. სიმპტომები მამაკაცებში: სასქესო ასოდან მოყვითალო ან მონაცრისფრო გამონადენი; ტკივილი და წვა შარდვისას; ზოგჯერ – სასქესო ორგანოების შეშუპება და ტკივილი. სიმპტომები ქალებში: წვის შეგრძნება შარდვისას; ჩირქოვანი გამონადენი საშოდან.

გენიტალია
ადამიანის სასქესო ორგანოები. სხეულის ის ნაწილები, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს სქესს და მნიშვნელოვანია სექსუალური სიამოვნებისა და რეპროდუქციისათვის.

გადაუდებელი კონტრაცეფცია
გამოიყენება დაუცველი სქესობრივი აქტიდან 5 დღის მანძილზე. შეიცავს ერთ ჰორმონს (გესტაგენს). აფერხებს ოვულაციას, და აჩერებს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრებას ენდომეტრიუმზე (საშვილოსნოს შიდა კედელზე)

გაუპატიურება
გაუპატიურება ნიშნავს, როდესაც ადამიანს თავისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულებენ დაამყაროს სქესობრივი კონტაქტი;

გენდერული თანასწორობა
გენდერული თანასწორობა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვან ელემენტს, რომელიც გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანასწორ უფლება-მოვალეობებს, პასუხისმგებლობას და თანასწორუფლებიან მონაწილეობას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში; გენდერული თანასწორობის მიღწევის აუცილებლობა აღიარებულია სახელმწიფო დონეზე.

გენდერული იდენტობა
ადამიანის კაცად, ქალად, ორივედ ან არცერთად ყოფნის შინაგანი შეგრძნება, განურჩევლად დაბადების სქესისა. გარდა გენდერული იდენტობის ბინალური აღქმისა გენდერი არაბინარული ტერმინია, რომელიც აერთიანებს იმ გენდერულ იდენტობებს, რომლებიც არ ჯდება მამაკაცისა და ქალის ბინარულ სისტემაში. ტერმინი მოიცავს აგენდერებს, ბიგენდერებს, გენდერქვიარებს, გენდერფლუიდებს და პანგენდერებს.

გენიტალური ჰერპესი
გენიტალურ (სასქესო ორგანოების მიდამოს) ჰერპესს I და II ტიპის ვირუსები იწვევს და ვლინდება გენიტალური ან ანალური (სწორი ნაწლავის მიდამოს) წყლულებით, რასაც ზოგ შემთხვევაში თან სდევს მაღალი სიცხე, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი. გამონაყარის განვითარებამდე შეიძლება გაჩნდეს ქავილის ან წვის შეგრძნება.

დიაფრაგმა
ბარიერული კონტრაცეფციის მეთოდი. დიაფრაგმა ბარიერული დრეკადი რეზინის საშუალებაა, იგი თავსდება საშოში და ფარავს საშვილოსნოს ყელს, იცავს მასში სპერმატოზოიდების მოხვედრისგან.

დისკრიმინაცია
განსხვავება, გამორიცხვა, შეზღუდვა ან უპირატესობის მინიჭება რაიმე ნიშნით, როგორიცაა რასა, კანის ფერი, სქესი, ენა, რელიგია, პოლიტიკური ან სხვა მრწამსი, ეროვნება ან სოციალური წარმომავლება, საკუთრება, დაბადება ან სხვა გარემოება, და რომლის მიზანია ან იწვევს თანასწორ საფუძველზე ყველა ადამიანის მიერ ყველა უფლებისა და თავისუფლების აღიარების, სარგებლობის ან გამოყენების გაუქმებას ან გაუარესებას .ეს არის განსხვავება, გამორიცხვა, შეზღუდვა ან უპირატესობის მინიჭება რაიმე ნიშნით და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ძირითად პრინციპს.

დისმენორეა
ტკივილი მენსტრუაციის დროს.

ელექტრო ვაკუუმ-ასპირაცია
მინი აბორტის მეთოდი. ელექტრო ვაკუუმ-ასპირაციის დროს გამოიყენება ელექტრო ვაკუუმის ტუმბო/ელექტრო შემწოვი, რომელიც გათვლილია სხვადასხვა ზომის პლასტიკურ კანულაზე, 12-16 მმ დიამეტრის დიაპაზონით.

ვაზექტომია
მამაკაცის სტერილიზაცია. ქირურგიული მეთოდი. ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ შეუძლებელია შვილოსნობა.

ვაკუუმ ასპირაცია
(მინი აბორტი - ქირურგიული) ვაკუუმ-ასპირაცია არის ქირურგიული აბორტის მეთოდი, რომლის დროს საშვილოსნოს ღრუს შიგთავსის ევაკუაცია პლასტიკური ან მეტალის ასპირაციული კანულით ხდება, რომელიც ვაკუუმის წყაროსთან არის დაკავშირებული;

თემი
ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ რაღაც საერთო მახასიათებლები. მათ შორის: შეხედულებები, საჭიროებები, საცხოვრებელი და სამუშაო გარემოპირობები და იდენტობა. არსებობს სხვადასხვა ტიპის თემები. ადამიანებს, როგორც თემის წევრებს, აკისრიათ პასუხისმგებლობები იმაზე, თუ როგორ ეპყრობიან ერთმანეთს.

თავშეკავება
ეს არის სექსზე უარის თქმა. ეს მნიშვნელოვანი არჩევანია იმ მოზარდებისათვის, რომლებიც არ არიან მზად სექსუალური კავშირისათვის და ორსულობის, დაინფიცირებისა და ემოციური სირთულეების რისკისათვის. ეს მეთოდი მოუწოდებს თვითდისციპლინისა და ერთმანეთის სურვილების პატივისცემისაკენ. პასუხისმგებლობა ორივე მხარეს აკისრია.

იდენტობა
იდენტობა: თავისთავადობის შეგრძნება, რომელიც ბავშვს უყალიბდება ზრდის პროცესში, „მე“–ს შედარებით მყარი, უწყვეტი განცდა საკუთარი თავისა; ესაა ინდივიდის თვითცნობიერების მნიშვნელოვანი კომპონენტი – წარმოდგენების სისტემა საკუთარ თავსა და თვისებებზე, უნარებზე, გარეგნობაზე, სოციალურ ღირებულებაზე. სხვების მიერ აღქმული ვინმეს გარეგნობა ან ქცევა ყოველთვის არ ემთხვევა ინდივიდის იდენტობის გრძნობას. ადამიანებს, როგორც წესი ერთზე მეტი მახასიათებლით გამოხატავენ საკუთარ იდენტობას. მაგალითად, ადამიანმა შესაძლოა საკუთრი თავი აღიქვას როგორც: ბიჭი და სტუდენტი. იდენტობა შესაძლოა თემის წევრობიდან მოდიოდეს. ის, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები საკუთარ თავს, შესაძლოა დროთა განმავლობაში შეიცვალოს. „იდენტობა“ აგრეთვე მიემართება სახელმწიფოს მიერ ადამიანის ფორმალურ აღიარებას, როგორც სახელის ქონა, დაბადების თარიღის რეგისტრირება და ეროვნება.

იმპლანტი
სუბდერმული პროგესტაგენული იმპლანტები კონტრაცეფციის ჰორმონალური მეთოდია. პატარა დრეკადი ჩხირი, რომელიც თავსდება კანქვეშ, ასქელებს საშვილოსნოს ყელის ლორწოს და ხელს უშლის სპერატოზოიდების გადაადგილებას საშვილოსნოს ყელში და მის კვერცხუჯრედამდე მიღწევას.

კონდომი
მამაკაცისა და ქალის კონდომები კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდებს მიეკუთვნება ორსულობისგან თავის დაცვის საშუალებაა. ისინი ხელს უშლიან კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შეხვედრას. კონდომი ასევე იცავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგანაც

კალენდარული მეთოდი
დაორსულების თვალსაზრისით სარისკო დღეების განსაზღვრა, (არაფერტილური და ფერტილური დღეები) და ფერტილურ დღეებში სქესობრივ კონტაქტზე უარის თქმა.

კიბერბულინგი
კიბერბულინგი მოიცავს ინტერნეტის, სოციალური მედია საშუალებების და სხვა ინტერაქტიული ტექნოლოგიების ან სმარტფონების გამოყენებას, იმისათვის რომ დააშინონ, გააჩუმონ ან გაავრცელონ ჭორები ვინმეზე.

კომბინირებული აბები
კონტრაცეფციული აბები. ძირითადი მექანიზმი, რომლითაც მოქმედებს კომბინირებული აბი, მდგომარეობს საკვერცხეების მიერ კვერცხუჯრედის ყოველთვიური გამომუშავების (ოვულაციის) შეჩერებაში.

კონტრაცეფცია
ორსულობის თავიდან აცილება ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებით

ლაქტაციური ამენორეის მეთოდი
ჩვილის სწორად ძუძუთი კვების დროს პირველი 6 თვის განმავლობაში წყდება კვერცხუჯრედის მომწიფების გამომწვევი ჰორმონების გამომუშავება, რაც იცავს დაორსულებისგან.

მენარქე
პირველ მენსტრუაცია (ბერძ. მენ – თვე, არცჰე – დასაწყისი) . ის საშუალოდ 12-13 წლის ასაკში იწყება. მენარქეს მოსვლის ასაკი უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული მათ შორის მემკვიდრეობაზე; ორგანიზმის ფიზიკურ განვითარებაზე; კვებაზე; გადატანილ დაავადებებზე; სოციალურ და საყოფაცხოვრებო პირობებზე; სპორტულ დატვირთვასა და სპორტის სახეობაზე.

მინი-პილი
ჰორმონული კონტრაცეფციული პროგესტაგენული (პროგესტერონის ტიპის) აბები (პა) შეიცავს ჰორმონის მხოლოდ ერთ სახეობას – პროგესტაგენს. აღნიშნული აბები კომბინირებული აბებისაგან განსხვავებით არ შეცავს ესტროგენს, რის გამოც შესაძლებელია მათი გამოყენება მეძუძური ქალებისათვის, რადგან არ აფერხებს რძის გამომუშავებას და დედის რძეში მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობით გადადის.

მანუალური ვაკუუმ ასპირაცია
მინი აბორტის მეთოდი. მანუალური ვაკუუმ ასპირაციის დროს ვაკუუმი იქმნება ხელით მოქმედებაში მოყვანილი პლასტიკური ასპირატორით ან შპრიცით, რომლის მოცულობა არის 60 მლ

მასტურბაცია
სექსუალური სიამოვნების მიღწევას სასქესო ორგანოს სტიმულირების გზით, მასტურბაცია ეწოდება.

მედიკამენტური აბორტი
ორსულობის შეწყვეტის მიზნით გამოიყენება ფარმაკოლოგიური საშუალებები. ამ დროს ქალი იღებს სპეციალურ პრეპარატებს. ეს პრეპარატი ორსულობის ჰორმონის ანტაგონისტია, ამ ჰორმონის მოქმედების შეწყვეტა იწვევს ემბრიონის სიკვდილს და მის მოწყვეტას. შემდეგ ღებულობს მეორე პრეპარატს, რომელიც იწვევს საშვილოსნოს რიტმულ შეკუმშვას რასაც თან სდევს ემბრიონის გამოძევება საშვილოსნოდან. აბორტის მედიკამენტური სახე ითვლება უფრო იოლ, დამზოგველ და თანამედროვე მეთოდად.

მენსტრუაცია
მენსტრუაცია (იგივე თვიური) ქალის სქესობრივი მომწიფების მაუწყებელია და გამოიხატება თვეში ერთხელ საშოდან სისხლიანი გამონადენით. გამონადენი, გარდა სისხლისა, საშვილოსნოდან გამოყოფილ ლორწოვან ქსოვილსაც შეიცავს. თვიური, ჩვეულებრივ, 4-5 დღე გრძელდება, თუმცა 3-7-დღიანი ხანგრძლივობაც ნორმალურად მიიჩნევა.

მენსტრუაციული ციკლი
მენსტრუაციული ციკლური პროცესია, რომლის დროსაც საკვერცხეების მიერ გამოყოფილი ჰორმონების დონის ცვლილებათა ფონზე საშვილოსნოსშიდა გარსში გარდაქმნები ხდება. თვეში ერთხელ ის ჩამოიფცქვნება და წარმოიქმნება სისხლიანი გამონადენი, რასაც მენსტრუაცია ეწოდება.

მეტრორაგია
ძლიერი ვაგინალური სისხლდენა მენსტრუაციათა შორის პერიოდებში

ოვულაცია
ოვულაცია - საკვერცხიდან მწიფე კვერცხუჯრედის გამოტყორცნაა. კვერცხუჯრედის მომწიფებასთან ერთად გამონადენი უფრო სუფთა და თხევადი ხდება, შესაძლოა მოუხარშავ თეთრი კვერცხის ფერი იყოს. ხშირად ამგვარი გამონადენი წებოვანია. სწორედ ის ეხმარება სპერმატოზოიდებს კვერცხუჯრედამდე მიღწევაში. ამ პერიოდში ქალის სექსუალური მოთხოვნილებაც იზრდება. ოვულაციის პერიოდში ქალს, გოგონას შეუძლია დაორსულება. სწორედ ამიტომაც მას ნაყოფიერი დღეების პერიოდსაც უწოდებენ.

ოჯახის დაგეგმვა
ოჯახის დაგეგმვა ნიშნავს, რომ წყვილებსა და ცალკეულ პირებს ჰქონდეთ საშუალება იყოლიონ სასურველი შვილები მაშინ, როცა ამას თვად, დამოუკიდებლად გადაწყვეტენ, ასევე ჰქონდეთ სათანადო ინფორმაცია, რათა გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი

პლასტირი
კონტრაცეფციული პლასტირი არის მცირე ზომის თხელი პლასტირი, რომელიც მაგრდება კანზე გამოყოფს ჰორმონებს (ესტროგენს და პროგესტაგენს) და ხელს უშლის ოვულაციას. სქელდება საშვილოსნოს ყელის ლორწო, რაც ართულებს სპერმატოზოიდების გადაადგილების საშვილოსნოს ყელში.

პროგესტაგენული საინექციიო კონტრაცეფცია
ჰორმონალური კონტრაცეფციის მეთოდი. ინექციის სახით შეყვანილი საშუალება ნელა გამოათავისუფლებს ჰორმონს პროგესტაგენს, რაც აფერხებს ოვულაციას საინექციო ფორმა კეთდება 2-3 თვეში ერთხელ.

რეპროდუქციული ჯანმრთელობა
რეპროდუქციული ჯანმრთელობა ნიშნავს, რეპროდუქციულ სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას მთელი სიცოცხლის მანძილზე. რეპროდუქციული ჯანმრთლეობა გულისხმობს, ნებისმიერი ადამიანის შესაძლებლობას, იქონიოს სრულყოფილი სქესობრივი ცხოვრება და იყოლიოს შთამომავლობა მისთვის სასურველ დროს. ყველა ქალსა და მამაკაცს აქვს უფლება ჰქონდეს ხელმისაწვდომი კვალიფიციური ინფორმაცია მათთვის მისაღებ უსაფრთხო ფერტილობის რეგულაციის მეთოდებზე, რათა გააკეთონ თავისუფალი ინფორმირებული არჩევანი.

სტიგმა
ინდივიდის მკაცრი სოციალური შეზღუდვა პიროვნულ მახასიათებლების გამო. მან აგრეთვე შესაძლოა იჩინოს თავი მაშინ, როდესაც ინდივიდის შეხედულებები და საქციელი არ შეესაბამება სოციუმის ნორმებს. მაგალითად, ზოგიერთ ადგილებში, ადამიანები სტიგმის მსხვერპლნი ხდებიან საკუთარი წონის, სექსუალური ქცევის, რელიგიის ან ჯანმრთელობის სტატუსის გამო.

სექსიზმი
სექსიზმი: სქესობრივი ნიშნით ადამიანთა დისკრიმინაციის იდეოლოგია და პრაქტიკა. იგი მოიცავს იმ სოციალურ სტერეოტიპებს, რწმენებსა და წარმოდგენებს, რომელიც ერთი სქესის მეორეზე დომინირებას აწესებს და გენდერული უთანასწორობის საფუძველს ქმნის.

საშვილოსნოს მილების ოკლუზია
კონტრაცეფციის ქირურგიული მეთოდი. საშვილოსნოს მილების ლიგაცია წარმოადგენს ჩასახვის საწინააღმდეგო მუდმივ მეთოდს. კეთდება ქირურგიული ჩარევა ფალოპის მილების დასაკეტად (მილები, რომლითაც კვერცხუჯრედი მოძრაობს). ეს ხელს უშლის კვერცხუჯრედისა და სპერმის თანხვედრას. თუ სპერმა ვერ მიაღწევს კვერცხუჯრედამდე, შეუძლებელია დაორსულება.

საშვილოსნოს ღრუს კიურეტაჟი
ქირურგიული აბორტი - დილატაცია და კიურეტაჟი არის მექანიკური გამაფართოებლების ან ფარმაკოლოგიური საშუალებებით საშვილოსნოს ყელის გაფართოებისა და ბასრი მეტალის კიურეტის გამოყენებით საშვილოსნოს კედლების გამოფხეკის პროცედურა. დილატაცია და ევაკუაცია არის საშვილოსნოს ყელის გაფართოება და ჩასახვის პროდუქტის ევაკუაცია ელექტროვაკუუმ-ასპირაციითა და აბორტცანგის მეშვეობით.

საშვილოსნოსშიგა საშუალება (სპირალი)
საშვილოსნოს ღრუში მოთავსებული სპირალი ხელს უშლის სპერმატოზოიდების გადაადგილებას, კვერცხუჯრედის მომწიფების პროცესს და კვერცხუჯრედის მიმაგრებას საშვილოსნოს კედელზე.

სექსუალობა
სექსუალობა მოიცავს ადამიანის მიერ საკუთარი სექსუალობის აღქმას, სექსუალურ მიმზიდველობას, სექსუალურობას ადამიანის ქცევის, ჩაცმულობისა და ურთიერთობის წარმართვის თვალსაზრისით. ის მნიშვნელოვნად განსაზღვრავს პიროვნულობას და იმას, თუ როგორ განვითარდება პიროვნება. იგი მოიცავს მამაკაცისა თუ ქალისათვის დამახასიათებელ გრძნობებს, ფიქრებს და ქცევას, მიმზიდველობას და შეყვარებულობას, ისეთ ურთიერთობას, რომელიც გულისხმობს სექსუალურ ინტიმს და ფიზიკურ სქესობრივ კავშირს. ადამიანის სექსუალობას განსაზღვრავს ის ფასეულობები და მაგალითები, რომლებსაც იგი ბავშვობასა და ახალგაზრდობაში ითვისებს. გარდა ამისა, ადამიანზე გავლენას ახდენს გარემო და საზოგადოება.

სექსუალური ორიენტაცია
ადამიანის ემოციური და სექსუალური მიზიდულობა სხვა ადამიანების მიმართ. ეს შეიძლება იყოს ცვალებადი და ასახოს ან არ ასახოს სექსუალური ქცევები.

სოციალური მოლოდინები
მოლოდინი იმისა, თუ როგორ უნდა მოიქცეს ან იაზროვნოს თემის წევრმა. ზრდასრულობისას, ადამიანმა შესაძლოა გაბატონებული ნორმები აღიქვას, როგორც ბუნებრივად და ნორმალურად. თუმცაღა, ნორმები განსხვავებულია სხვადასხვა დროსა და ადგილებში. გაბატონებული ნორმები ხშირად აიძულებენ ადამიანებს დაემორჩილონ სოციალურ მოლოდინებს. ისინი ზეგავლენას ახდენენ მათ ქცევასა და დამოკიდებულებებზე. ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ან აზროვნებენ ნორმებისაგან განსხვავებულად, შესაძლოა წარმოდგენილნი იყვნენ, როგორც უმცირესობა და არა დამოუკიდებელ პირი.

სპერმიციდი
კონტრაცეფციის მეთოდი. სპერმიციდები ქიმიური ნივთიარებაა, რომელიც ანადგურებს სპერმატოზოიდებს. ეფექტურობის გასაძლიერებლად დიაფრაგმასა და სპერმიციდებს ერთად იყენებენ.

სტერეოტიპი
გარკვეული სოციალური ჯგუფის შესახებ ინდივიდის ცოდნა, რწმენები და მოლოდინები. ადამიანების ან იდეების ძალზე გამარტივებული, განზოგადებული და ხშირად გაუთვითცნობიერებელი აღქმა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს წინასწარ შექმნილი ნეგატიური აზრი და დისკრიმინაცია.

სქესის სელექცია
სქესის შერჩევა გულისხმობს ორსულობისას სპეციალურ გამოკვლევას ნაყოფის სქესის დასადგენად და არჩევანის გაკეთების მიზნით - გაიკეთო აბორტი თუ შეინარჩუნო ნაყოფი.

სქესობრივი განათლება
სქესობრივი განათლების სწავლება ნიშნავს იმის უზრუნველყოფას, რომ თქვენ მოზარდ შვილს აქვს ცოდნა, უნარი და შესაძლებლობა დაიცვას მისი და სხვების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები ეწოდება ინფექციებს, რომლებიც სქესობრივი კავშირისას გადადის, მათ შორის ვაგინალური, ანალური და ორალური ურთიერთობისას. განსხვავებულმა მიკროორგანიზმებმა შესაძლოა გამოიწვიოს სგგი. სქესობრივი კონტაქტისას შესაძლოა გადადებული იქნეს იმგვარი პარაზიტები, როგორებიცაა ბოქვენის თმის პარაზიტი და მუნი. სგგი არის უფრო დიდი ჯგუფის ინფექციების ნაწილი, რომელსაც ეწოდება რეპროდუქციული ტრაქტის ინფექციები - რტი.

სქესობრივი მომწიფება
როდესაც ბავშვები აღწევენ მოზარდობის ასაკს, მათი სხეული იწყებს გარკვეული ჰორმონების გამომუშავებას, რაც მათი სხეულებისა და ემოციების ცვლას იწვევს. ცვლილების ამ პერიოდს ეწოდება სქესობრივი მომწიფება. სქესობრივი სიმწიფე ზოგიერთისათვის უფრო ადრე, ზოგისთვის - უფრო გვიან დგება.

სქესობრივი ჯანმრთელობა
სქესობრივი ჯანმრთელობა არის ადამიანის სომატური, ემოციური, ინტელექტუალური და სოციალური მახასიათებლების (თვისებების) ინტეგრირება მის სექსუალურ ქცევაში. ის ადამიანის ცხოვრების მიმდინარეობაზე დადებითად აისახება და, აძლიერებს მის ინდივიდუალურობას, კომუნიკაბელურობასა და სიყვარულის უნარს.

ტრიქომონოზი
ტრიქომონოზი სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციათა რიცხვს მიეკუთვნება და დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შედეგად ვრცელდება. დაავადებას იწვევს შოლტიანი უმარტივესი – ვაგინალური ტრიქომონა. სიმპტომები: ყვითელი, სუნიანი გამონადენი; წვა და ქავილი სასქესო ორგანოების მიდამოში; წვა შარდვის დროს და ხშირი შარდვა; გაღიზიანებადობა; მტკივნეული სქესობრივი აქტი. წელის ტკივილი. ასეთი სიმპტომატიკა ქალებს ახასიათებთ.

ურეაპლაზმა/მიკოპლაზმა
ურეაპლაზმაც და მიკოპლაზმაც შარდსასქესო სისტემის ანთებითი პროცესების გამომწვევი აგენტებია. ისინი ვრცელდება: სქესობრივი გზით; დედისგან ნაყოფზე (ორსულობისას); ქსოვილების ტრანსპლანტაციის (გადანერგვის) შედეგად. სიმპტომებია: წვა შარდვისას; შარდვის მუდმივი მოთხოვნილების შეგრძნება; ძლიერი დისკომფორტი შარდის ბუშტის გავსებისას; ქალებში – ვაგინალური ქავილი, უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენი; მამაკაცებში – ლორწოვანი, მუქი ფერის გამონადენი შარდის გამომყოფი სადინარიდან (განსაკუთრებით – დილაობით). თუმცა ხშირად ეს ინფექციები უსიმპტომოდაც მიმდინარეობს.

ფასეულობა
სიტყვა "ფასეულობას" სხვადასხვა მნიშვნელობა გააჩნია. ერთი მნიშვნელობა გულისხმობს საგნის ან ნივთის რეალურ ღირებულებას. სხვა შემთხვევაში, ეს მცნება მოიცავს ფასეულობათა უფრო პირად ასპექტს, როგორიცაა მაგალითად, ამა თუ იმ რწმენისა და იდეის მნიშვნელობა ადამიანისათვის. საგნები, იდეები, რწმენა ან პრინციპები, რომლებიც მნიშვნელოვანია ადამიანისათვის, ქმნის მის ფასეულობათა სისტემას.

ქლამიდიოზი
ქლამიდიოზს გავრცელების თვალსაზრისით მეორე ადგილი უკავია სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციათა შორის. ქლამიდიოზით მსოფლიოში ყოველწლიურად 90 მლნ ადამიანი ინფიცირდება, რომელთა მესამედი ქალია. ქლამიდიოზის გამომწვევია მიკროორგანიზმი ქლამიდია ტრაქომატისი (ჩჰლამყდია ტრაცჰომატის). დაუცველი სქესობრივი კავშირის შემთხვევაში იგი ნებისმიერი სქესობრივი კონტაქტის შედეგად შეიძლება გავრცელდეს. გარდა სქესობრივი გზისა, ინფექციის გადაცემა შესაძლებელია მშობიარობისას დედისგან ნაყოფზე, რაც შემდგომ ბავშვის თვალისა და სასუნთქი გზების ინფექციური პროცესების განვითარებას იწვევს.

ღირებულებები
შეხედულებების ბმული, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის მიერ რაიმეს სწორად ან არასწორად აღქმას. ღირებულებები განსხვავდება ინდივიდების, ოჯახებისა და კულტურების მიხედვით. თუმცაღა, ზოგიერთი ღირებულება თითქმის უნივერსალურადაა აღიარებული, როგორც ეთიკური ჰუმანური ქცევა.

შეწყვეტილი სქესობრივი აქტი
ორსულობისგან თავდაცვის ტრადიციული მეთოდი. ამ მეთოდის გამოყენებისას საშოდან ასოს გამოღება უნდა მოხდეს ეაკულაციამდე (სპერმის გამოთავისუფლება).

ციტომეგალოვირუსი
ცმვ შედის ჰერპესვირუსების ოჯახში, ადამიანისგან ადამიანს ცმვ სხეულის სითხეებთან (შარდი, ნერწყვი, დედის რძე, სისხლი, ცრემლი, სპერმა და ვაგინალური სითხეები) ახლო კონტაქტის შედეგად გადაედება. სიმპტომები: სისუსტე; მაღალი სიცხე; ყელის ტკივილი; დაღლილობის შეგრძნება; ლიმფური ჯირკვლების შეშუპება.

ძალადობა
ძალის აშკარა ან ფარული გამოყენება ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფისაგან ისეთი რამის მისაღწევად, რაზედაც ისინი თავისი ნებით არ თანხმდებიან.არსებობს პირდაპირი და არაპირდაპირი (ანუ სტრუქტურული) ძალადობა. პირდაპირი ძალადობა ნიშნავს ფიზიკურ ძალადობას, ფიზიკური ძალის ან ძალაუფლების წინასწარგამიზნულ გამოყენებას მიმართულს საკუთარი თავის, სხვა ადამიანის ან საზოგადოების წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც ადგილი აქვს (ან არსებობს ამის დიდი ალბათობა) სიკვდილს, სხეულის დაზიანებას, ფსიქოლოგიურ ტრავმას, ნორმალური განვითარებიდან გადახრას ან სხვადასხვა სახის ზარალს. არაპირდაპირი ძალადობა კი ნიშნავს სიღატაკეს, ექსპლუატაციას, სოციალურ უსამართლობას, დემოკრატიის უქონლობას და ა.შ

ჰერპესი
ჰერპესის გამომწვევია მარტივი ჰერპესის ვირუსი (HSV). ვირუსი გადაედება გამონაყართან და ლორწოვან გარსთან კონტაქტის გზით, ანუ კოცნისა და სქესობრივი კონტაქტის დროს. ჰერპესი შეიძლება გადაედოს გამონაყარის არარსებობის დროსაც. ჰერპესი მჟღავნდება მტკივნეული წყლულებითა და ბუშტუკოვანი გამონაყარით პირის ღრუში, ტუჩებზე, გარეთა სასქესო ორგანოების ან სწორი ნაწლავის (ანუსის) გარშემო.

ჰეპატიტი
ჰეპატიტი ლათინური სიტყვაა (ჰეპატიტის) და ღვიძლის ანთებას ნიშნავს. ჰეპატიტი ვირუსული დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ვირუსი იწვევს. ამჟამად ცნობილია ჰეპატიტის გამომწვევი რამდენიმე ვირუსი. A B და C ჰეპატიტები.