ინტერაქცია სწავლის ძლიერი ინსტრუმენტია. თანამშრომლობის, პრობლემის გადაჭრის, მოლაპარაკებების წარმოებისა და კრიტიკული აზროვნების უნარები, რომლებიც მცირერიცხოვან ჯგუფებში მუშაობისთვის არის საჭირო, ეხმარება მოსწავლეებს სქესობრივი ჯანმრთელობისათვის საჭირო უნარების გამომუშავებაში.
მცირერიცხოვან ჯგუფებში მუშაობის დადებითი მხარეები
როდესაც მოსწავლეები მცირერიცხოვან ჯგუფებში მუშაობენ, მათ უჩნდებათ საკუთარი მოსაზრებები, რომლებსაც ისინი ჯგუფის სხვა წევრებს უზიარებენ, შედეგად ისინი ერკვევიან საკითხებში და ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ იდეებსა და შეხედულებებს. მოსწავლეები უფრო სწრაფად ითვისებენ მასალას, უკეთ იმახსოვრებენ ათვისებულ მასალას და მათი დამოკიდებულება გაკვეთილისადმი უფრო პოზიტიურია.
რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს:
- სქესობრივი ჯანმრთელობის მიმართ მოსწავლეების დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას
- მოსწავლეებში თავდაჯერებულობის ხარისხის ზრდას
- მოსწავლეების ინტელექტის ამაღლებას
- მოსწავლეების პიროვნულ და სოციალურ განვითარებას
ეთოდი
არ არსებობს ე.წ. „სწორი“ მეთოდი, რომელიც ესადაგება სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხების სწავლების დროს მოსწავლეების მცირერიცხოვან ჯგუფებში გახორციელებულ აქტივობებს. მასწავლებელმა თავად უნდა შეარჩიოს მოდელი და მეთოდი, რომელიც მორგებული იქნება მისი სწავლების სტილზე, მის მოსწავლეების საჭიროებებსა და გაკვეთილის შინაარსზე. დასაწყისში ზოგიერთი ძირითადი მიდგომის გამოყენება საშუალებას მოგცემთ უფრო ეფექტური გახადოთ მცირერიცხოვანი ჯგუფების მუშაობის დროს გამოყენებული აქტივობები. პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება
მოსწავლეებმა, ჯგუფის წევრებთან მუშაობისას, უნდა გამოიყენონ თანამშრომლობის პრინციპი და მათ საერთო მიზანი უნდა აერთიანებდეთ. საწყის ეტაპზე, მასწავლებელს შესაძლებელია დასჭირდეს მათი გამხნევება, რათა მოსწავლეებმა უხერხულობის გრძნობის გარეშე შეძლონ მათთვის მიცემული თემის განხილვა. საზოგადოებასთან ურთიერთობის ჩვევები
მცირერიცხოვან ჯგუფებში მუშაობა გულისხმობს იმას, რომ მოსწავლეებმა უნდა მოუსმინონ ერთმანეთს, დაუსვან ერთმანეთს კითხვები, განმარტებები გააკეთონ კონკრეტულ საკითხებზე და დაიცვან და არგუმენტებით გაამყარონ საკუთარი მოსაზრებები. აღნიშნული უნარებისა და ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას ემსახურება მთელი წლის მანძილზე თქვენი მუშაობა მოსწავლეებთან, როდესაც თქვენ ცდილობთ საკუთარი მაგალითითა და მოსწავლეებისათვის მითითებების მიცემით მათ გამოუმუშავოთ:
- მოსმენის უნარი, როდესაც სხვები საუბრობენ
- მხედველობითი კონტაქტის დამყარება მოსაუბრესთან და პოზიტიური ჟესტებისა და მიმიკების (სხეულის ენის) გამოყენება
- სხვების გამხნევება და სხვებისადმი პატივისცემის გამოხატვა
- დაბალ ხმაზე საუბარი, მტრული განწყობის დემონსტრირების გარეშე
სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხების სწავლების დროს, აღნიშნული უნარები დამატებით მნიშვნელობას იძენს. ვინაიდან მოსწავლეები შეიძლება შეეცადონ სასწავლო მასალის შინაარის გამო საკუთარი გაღიზიანება საზოგადოებასთან ურთიერთობისას საჭირო ქცევის ნორმების დარღვევით გამოხატონ. ნათელი და მკაფიო წესები დაეხმარება მოსწავლეებს მართებულად გამოიყენონ საზოგადოებასთან ურთიერთობის ჩვევები, მცირერიცხოვან ჯგუფებში მუშაობის დროს.
ჯგუფური მუშაობის წარმართვა
სხვა საგნების მსგავსად, სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით მოსწავლეებს განსხვავებული რეაქციები ექნებათ. მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ ის, რომ მოსწავლეები თავს დაცულად გრძნობდნენ, როდესაც სხვებს საკუთარ იდეებსა და მოსაზრებებს უზიარებენ, და ასევე მნიშვნელოვანია კორექტულობა გამოიჩინონ, როდესაც არ ეთანხმებიან სხვის მოსაზრებას, ისე, რომ არ შეურაცხყონ ის ვისაც არ ეთანხმებიან. გაამახვილეთ ყურადღება ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეების მიერ გამოვლენილ პოზიტიურ დამოკიდებულებებზე, რომლებიც მათ საერთო მიზნის მიღწევაში დაეხმარა. ამგვარად ჯგუფური მუშაობის პრინციპი მათთვის უფრო ნათელი ხდება და ეს ეხმარება მოსწავლეებს გაიუმჯობესონ თანამშრომლობითი სწავლის უნარი და სქესობრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უნარები.
აქტივობების ტიპები მცირერიცხოვან ჯგუფებში მუშაობისათვის
მეწყვილესათვის მოსაზრების გაზიარება: მოსწავლეები მუშაობენ დამოუკიდებლად და ფურცელზე დააქვთ მათთვის მიცემულ თემასთან დაკავშირებული საკუთარი იდეები და მოსაზრებები; შემდეგ ამ იდეებსა და მოსაზრებებს ისინი საკუთარ მეწყვილეს უზიარებენ. მეწყვილეები ერთმანეთს უსვამენ კითხვებს, რათა დარწმუნდნენ, რომ სწორად გაიგეს მეწყვილის მოსაზრება.
სწავლა თანამშრომლობის საფუძველზე: მოსწავლეები დაყავით ჯგუფებად. მოსწავლეთა ჯგუფებს განსხვავებული თემები მიეცით განსახილველად. თითოეული ჯგუფის ყველა წევრი ვალდებულია კარგად გაერკვეს ჯგუფისათვის მიცემულ თემასთან დაკავშირებულ საკითხებში, მოსწავლეთა ჯგუფებისათვის მიცემული დროის განმავლობაში. დროის ამოწურვის შემდეგ, მოსწავლეები თავიდან გადაანაწილეთ ჯგუფებში, ამასთან, ყოველ ახალ ჯგუფში წარმოდგენილი უნდა იყოს ყოველი თავდაპირველი ჯგუფის თითო წარმომადგენლი. თავდაპირველი ჯგუფების წარმომადგენლები ახალი ჯგუფის წევრებს უზიარებენ მათ თავდაპირველ ჯგუფში განხილულ საკითხებს.
ჯგუფური კვლევა: მოსწავლეები ჯგუფურად მუშაობენ მცირე პროექტზე – მოსწავლეებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ პროექტის თემის შერჩევაში.
აზრის გამოთქმა ჯგუფის წინაშე: მოსწავლეებს ეძლევათ თემა და რამოდენიმე წუთი ამ თემის შესახებ საკუთარი მოსაზრების ჩამოსაყალიბებლად. ამის შემდეგ თითოეულ მოსწავლეს ეძლევა გარკვეული დრო, რომლის განმავლობაშიც იგი საკუთარ მოსაზრებებს უზიარებს ჯგუფის წევრებს. ყველა მოსწავლეს საკუთარი მოსაზრებების ჯგუფის წევრებისთვის გასაზიარებლად ეძლევა თანაბარი დრო, რომელიც მათ მკაცრად უნდა დაიცვან. მას შემდეგ, რაც ჯგუფის ყველა წევრი დაასრულებს საკუთარ გამოსვლას ჯგუფის წინაში, ჯგუფის წევრებს ეძლევათ საშუალება ერთობლივად განიხილონ მოცემული საკითხი. ერთობლივი განხილვის დროს ჯგუფის წევრებმა კომენტარი უნდა გააკეთონ მხოლოდ ჯგუფის სხვა წევრის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე და არ შეეცადონ საკუთარი თავდაპირველი მოსაზრების გავრცობას.
მცირერიცხოვანი ჯგუფებიდან მრავალრიცხოვან ჯგუფებამდე: მოსწავლეები წყვილდებიან. მოსწავლეთა ყველა წყვილს ეძლევა ერთი და იგივე მასალა, რომელიც სქესობრივ ჯანმრთელობის კონკრეტულ თემას ან საკითხს უკავშირდება. მოსწავლეთა წყვილები ეცნობიან მათთვის მიცემულ მასალას და შემდეგ მოსწავლეთა სხვა წყვილთან ერთად განიხილავენ მათთვის მიცემული კონკრეტული თემის გარშემო მათ მოსაზრებებს შორის არსებულ სხვაობებსა და მსგავსებებს. შემდეგ ოთხი მოსწავლისგან შემდგარი ჯგუფი სხვა ოთხეულთან ერთად განიხილავს იგივე თემას, იგივე პრინციპით.
მოსწავლეთა მცირერიცხოვან ჯგუფებთან მუშაობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები
- დაუსახეთ მოსწავლეთა ჯგუფებს მკაფიო მიზანი ან მიზნები.
- მოსწავლეთა ჯგუფებისათვის მიცემული დავალება უნდა იყოს კონკრეტული და დეტალურად გაწერილი.
- განსაზღვრეთ მოსწავლეთა ჯგუფების თითოეული წევრის ფუნქცია (ხელმძღვანელი, ჩანაწერების წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი, მომხსენებელი, ჯგუფის მუშაობის მონიტორინგზე პასუხისმგებელი პირი და ა.შ.)
- ჯგუფის წევრები ერთმანეთზე უნდა იყვნენ დამოკიდებული – მიზნის მიღწევაში ჯგუფის თითოეულმა წევრმა საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს.
- გამოუყავით ჯგუფს ადგილი, სადაც მისი წევრები შეძლებენ ერთმანეთთან პირისპირ ურთიერთობას ისე, რომ სხვა მოსწავლეთა ჯგუფებმა მუშაობაში მათ ხელი არ შეუშალონ.
- ჯგუფური აქტივობების დროს თვალი ადევნეთ მოსწავლეთა ჯგუფების მუშაობის პროცესს, რათა დარწმუნდეთ, რომ მოსწავლეები მათთვის მიცემულ დავალებას ასრულებენ და სვლებს სწორი მიმართულებით ახორციელებენ.
- წაახალისეთ მოსწავლეების წვლილი მუშაობის პროცესში და შეახსენეთ მათ ძირითადი წესები.
- თითოეული ჯგუფური სამუშაოს შემდეგ მოსწავლეებს მიეცით გარკვეული დრო, რათა მათ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვან მოცემულ თემაზე და კარგად გაიაზრონ ათვისებული მასალა.