სწავლის შედეგი
მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს ადამიანის რეპროდუქციული სისტემის კომპონენტები და აღწეროს ამ კომპონენტთა ძირითადი ფუნქციები.
ა. ძირითადი წესები (5-10 წთ.)
ძირითადი წესების შესახებ შეთანხმება უნდა შედგეს გაკვეთილის დაწყებამდე. იმ კლასებში, სადაც ძირითადი წესები უკვე წინასწარ არის ჩამოყალიბებული და შეთანხმებული, მოკლედ მიმოიხილეთ ისინი, გაკვეთილის წარმატებით წარმართვის მიზნით.
ბ. რეპროდუქციის ეტაპები (20-40 წთ.)
მოსწავლეები ახდენენ საკუთარი ცოდნის დემონსტრირებას მამაკაცისა და ქალის რეპროდუქციული ფიზიოლოგიის შესახებ. აღნიშნული აქტივობა ემსახურება მე-5 კლასში შესწავლილი მასალის – ადამიანის რეპროდუქციული ჯანმრთელობა – გამეორებას.
- იატაკზე ცარცით ან ლენტით დახაზეთ “Y” (დარწმუნდით, რომ აქტივობის შემდეგ შეძლებთ იატაკზე დატანილი ნახაზის წაშლას ან მოცილებას). “Y”-ის თავში, ერთ ბოლო აღნიშნეთ როგორც „მამაკაცი“ და მეორე ბოლო – როგორც „ქალი“; ხოლო “Y”-ის ქვედა მხარეს დაიტანეთ აღნიშვნა: „ჩასახვა, განაყოფიერება და ორსულობა“, როგორც ეს ქვევით მოცემულ სურათზეა წარმოდგენილი:
- დაურიგეთ მოსწავლეებს ბარათები და სთხოვეთ მათ განლაგდნენ იატაკზე დახაზული “Y”-ის კონტურების გასწვრივ, მათი ბარათების შესაბამისად. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები საკუთარ ადგილს იპოვიან, სთხოვეთ მათ დასხდნენ “Y”-ის კონტურების გასწვრივ.
3. მოსწავლეებთან ერთად განიხილეთ ბარათები, იხელმძღვანელეთ თვალსაჩინოებისათვის განკუთვნილი მასალით – მენტრუალური ციკლი, სპერმის წარმოქმნა, ჩასხვა და იმპლანტაცია.
მამაკაცის ღერძი (სპერმის წარმოქმნა)
- სპერმტოზოიდები წარმოიქმნება სათესლე ჯირკვლებში
- სპერმატოზოიდების მომწიფება წარმოებს ეპიდიდიმისში
- სპერმატოზოიდები გაივლის თესლის გამომტან სადინარს
- სპერმატოზოიდის შერევა ხდება სათესლე სითხესთან, რის შედეგადაც ვიღებთ სპერმას
- სპერმა გამოიტყორცნება სასქესო ასოდან (ეაკულაცია)
ქალის ღერძი (მენსტრუალური ციკლი)
- ხდება საშვილოსნოს შიგა კედელზე არსებული შრის ჩამოშლა (მენტრუალური პერიოდის პირველი დღე)
- საშვილოსნოს შიგა კედელი იკრებს სისხლს
- ხდება ოვულაცია (საკვერცხედან კვერცხუჯრედის გამოყოფა)
- კვერცხუჯრედი გადადის ფალოპის მილში
- კვერცხუჯრედი შედის საშვილოსნოში
- იმ შემთხვევაში, თუ კვერცხუჯრედი არ არის განაყოფიერებული, იგი იშლება
- ხდება საშვილოსნოს შიგა კედელზე არსებული შრის ჩამოშლა (მენტრუალური პერიოდის პირველი დღე)
განაყოფიერების, ჩასახვისა და იმპლანტაციის ღერძი
- სპერმა აღწევს საშოში
- სპერმა გადაადგილდება საშოს ღრუში
- სპერმა ერწყმის კვერცხუჯრედს ფალოპის მილში (განაყოფიერება)
- განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ფალოპის მილის გავლით ხვდება საშვილოსნოში
- განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ეკვრის საშვილოსნოს შიგა კედელზე წარმოქმნილ შრეს
- განაყოფიერებული კვერცხუჯრედი იკვებება საშვილოსნოს კედელზე არსებული იმ შრით, რომელშიც იგი არის მოთავსებული
- განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ცხრა თვეში მომწიფებულ ნაყოფად იქცევა, რომელიც მზად არის დაიბადოს.
4. მოცემული აქტივობის შესაჯამებლად, დაუსვით მოსწავლეებს შემდეგი კითხვები:
რა დამატებით ინფორმაციას ფლობთ მენსტრუალური ციკლის შესახებ?
- იგი გოგონებს შესაძლებელია დაეწყოს 8-დან 16 წლამდე ასაკში ნებისმიერ დროს.
- ჩვეულებრივ, ყოველი მენტრუალური პერიოდის დროს ცალი საკვერცხედან წარმოებს ერთი კვერცხუჯრედის გამოყოფა. იმ შემთხვევაში, თუ ერთზე მეტი კვერცხუჯრედის გამოყოფა ხდება და ეს კვერცხუჯრედები ნაყოფიერდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ქალი ტყუპებზე იქნება ორსულად (მის საშვილოსნოში ერთდროულად ორი ან მეტი ნაყოფი იწყებს განვითარებას). როდესაც ტყუპების ჩასახვა ხდება სხვადასხვა კვერცხუჯრედის განაყოფიერების შედეგად, ამგვარ ტყუპებს არაიდენტური ტყუპები ეწოდება. იდენტური ტყუპები ჩნდება იმ შემთხვევაში, თუ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ჯერ ორად იყოფა და შემდეგ ხდება მათი ცალ-ცალკე გაყოფა და ემბრიონად ჩამოყალიბება.
- კვერცხუჯრედი ქალის ორგანიზმში ოვულაციის შემდეგ 12-14 საათის განმავლობაში „ცოცხლობს“.
- მენსტრუალური ციკლის პერიოდში პირად ჰიგიენაზე ზრუნვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება (ჰიგიენური საფენების გამოყენება და ა.შ.).
- მენსტრუალურ ციკლს შესაძლებელია თან ახლდეს მენსტრუალური ტკივილები, რომელთა შემსუბუქებაც შესაძლებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვით, მაგალითად, ვარჯიშით ან სათბურას გამოყენებით. ძლიერი მენსტრუალური ტკივილების დროს ექიმმა შესაძლებელია მედიკამენტებით მკურნალობა გამოუწეროს პაციენტს.
კიდევ რა იცით სპერმის წარმოქმნის შესახებ?
- სპერმატოზოიდების მომწიფება მამაკაცის ორგანიზმში წარმოებს დაახლოებით 15-16 წლის ასაკში.
- მამაკაცის ორგანიზმში სპერმის წარმოქმნა და ეაკულაცია პირველად ხდება დაახლოებით 12-14 წლის ასაკში.
- „ღამის პოლუცია“ ნიშნავს ეაკულაციას ძილის დროს. იგი ბუნებრივი და ნორმალურია და შესაძლებელია აღენიშნებოდეს ზოგ მოზარდ ბიჭს და ზოგს არა.
- სპერმატოზოიდი ქალის ორგანიზმში ეაკულაციიდან დაახლოებით 3-7 დღე „ცოცხლობს“.
დაორსულება ყოველი სქესობრივი კავშირის შედეგად არის შესაძლებელი?
- არა. ორსულობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება სპერმატოზოიდის მიერ კვერცხუჯრედის განაყოფიერება, და იმ შემთხვევაში, თუ განაყოფიერებული უჯრედი საშვილოსნოს კედელზე მიმაგრდება.
- ამას ადგილი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სქესობრივი კავშირი მყარდება ოვულაციის პერიოდში.
- ქალებში დაორსულების ალბათობა იზრდება, როდესაც სქესობრივი კავშირი მყარდება მენსტრუალურ ციკლებს შორის პერიოდში. თითოეულ ქალს მენსტრუალური ციკლის ინდივიდუალური პერიოდი აქვს, შესაბამისად, რთულია იმ პერიოდის გამოთვლა, როდესაც მაღალია დაორსულების ალბათობა.
რისი მანიშნებელია გოგონებში მენსტრუალური ციკლის დაწყება და ბიჭებში სპერმის მომწიფება?
- გოგონებში მენსტრუალური ციკლის დაწყება და ბიჭებში სპერმის მომწიფება იმის მანიშნებელია, რომ მათ შეუძლიათ შვილები იყოლიონ.
- მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ოვულაცია გოგონებში მენსტრუალური პერიოდის დაწყებამდე ხდება, და შესაბამისად, გოგონა შესაძლებელია პირველი მენტრუალური პერიოდის დაწყებამდე დაორსულდეს.
მიუხედავად იმისა, რომ მოზარდს შეუძლია ბავშვის გაჩენა, მას შემდეგ, რაც გოგონებს მენტრუალური ციკლი ეწყებათ და ბიჭების ორგანიზმში სპერმის მომწიფება იწყება, რატომ არჩევს მოზარდების უმრავლესობა მომავლისთვის გადადოს ბავშვის გაჩენა?
- მოზარდთა უმრავლესობა არ არის ემოციურად, ფინანსურად და განათლების თვალსაზრისით მზად იმისათვის რომ გახდეს მშობელი.
- ადრეულ ასაკში ორსულობას, როგორც დედის ასევე ბავშვის შემთხვევაში, რიგი ჯანრთელობის პრობლემები უკავშირდება, მაგალითად როგორიცაა მცირე წონის მქონე ნაყოფი.
გ. „როდესაც შენი ასაკის ვიყავი…“
(5 წთ. გაკვეთილის მსვლელობისას; 30 წთ. საშინაო დავალების შესასრულებლად; 5 წთ. შემდგომი გაკვეთილის მსვლელობისას)
მოსწავლეები იწყებენ იმ დამხმარე ქსელის შექმნას, რომელიც მათ სქესობრივი მომწიფების პერიოდთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვაში დაეხმარება.
- მოსწავლეებს დაურიგეთ სამუშაო ფურცლები „როდესაც შენი ასაკის ვიყავი…“. აღნიშნული ფურცლები მოსწავლეებს ეძლევათ შესავსებად, საშინაო დავალების სახით.
- მოსწავლეებს შეუძლიათ მათთვის დარიგებული სამუშაო ფურცლების შევსებაში მშობელი ან მეურვე დაიხმარონ.
- საშუალება მიეცით მოსწავლეებს იმუშაონ წყვილებში ან მცირერიცხოვან ჯგუფებში, რათა მოიფიქრონ კითხვები, რომლებიც მათ სურთ დაუსვან მათი ოჯახის უფროსი ასაკის წარმომადგენელს, მათი მოზარდობის დროინდელი გამოცდილებების შესახებ, და სთხოვეთ მათ ამ კითხვებიდან შეარჩიონ სამი საუკეთესო კითხვა, რომლებიც მათ უნდა დაუსვან საკუთარი ოჯახის უფროსი ასაკის წარმომადგენელს. თუ დრო ამის საშუალებას იძლევა, მოსწავლეების ჯგუფებს შეუძლიათ მათ მიერ მოფიქრებული კითხვები დანაჩენ მოსწავლეებს გაუზიარონ.
- გამოყავით დრო შემდეგ გაკვეთილზე, მოსწავლეების მიერ შესრულებული საშინაო დავალების განხილვისათვის.
კითხვების ყუთი (10 წთ.)
სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მომდევნო გაკვეთილისათვის დაგეგემეთ.
საშინაო დავალება
მოსწავლეები მათთვის დარიგებულ სამუშაო ფურცლებს: „როდესაც შენი ასაკის ვიყავი…“ ავსებენ შინ, საშინაო დავალების ფორმით.
კითხვები გაკვეთილის შეფასებისათვის
გაკვეთილის მსვლელობისას:
- დაცული იქნა თუ არა ძირითადი წესები?
- მოხდა თუ არა ჯგუფური მუშაობისა და საკითხებზე მსჯელობის კარგი პრაქტიკის ჩამოყალიბება?
რა ცვლილებებს შეიტანდით იგივე ჯგუფთან შემდგომში მუშაობის გეგმასა და ფორმატში?
რა ცვლილებებს შეიტანდით სხვა ჯგუფთან იგივე გაკვეთილის გეგმასა და ფორმატში?
მოსწავლეთა შეფასება
გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:
ცოდნა:
- ადამიანის რეპროდუქციული სისტემის ძირითადი კომპონენტების ამოცნობა?
- სპერმის წარმოქმნის პროცესის აღწერა?
- მენსტრუალური ციკლის პროცესის აღწერა?
- აღწერა იმისა, თუ რა შემთხვევაში დგება ორსულობა?
უნარები:
- მთელი კლასის მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიებისას, მოსმენისა და საუბრის სათანადო უნარების გამოვლენა?
დამოკიდებულებები:
- გაეცნობიერებინათ, რომ მენსტრუალური ციკლი და სპერმის წარმოქმნა არის ნიშნები იმისა, რომ ადამიანის ორგანიზმი მზად არის რეპროდუქციისათვის?
- გაეცნობიერებინათ, რომ მენსტრუალური ციკლი და სპერმის წარმოქმნა არის სქესობრივი მომწიფების თანმდევი, ჯანმრთელი ორგანიზმისათვის დამახასიათებელი პროცესები?