სქესობრივი მომწიფების პერიოდში საჭირო ინსტრუმენტები
სქესობრივი მომწიფების პერიოდში საჭირო ინსტრუმენტები შესაძლებელია გამოყენებული იქნას როგორც ინსტრუმენტი, სქესობრივი მომწიფებისა და პირად ჰიგიენის შესახებ სწავლების დროს. საჭირო ატრიბუტების ნაკრების მოპოვება შეგიძლიათ სკოლის ექთნის დახმარებით ან შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ქვემოთ მოცემული ჩამონათვალით და თავად შეაგროვოთ საჭირო აღჭურვილობა, ან გამოიყენოთ თითოეული პროდუქტის შესაბამისი ფოტო. ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალშია შესული, მოცემულია ილუსტრირებისათვის, ნიმუშის სახით; სწავლების პროცესში შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვა მსგავსი პროდუქტები ან პროდუქტთა ილუსტრაციები.
როგორ გამოვიყენოთ სქესობრივი მომწიფების ასაკში საჭირო ინსტრუმენტები
სწავლების პროცესში სქესობრივი მომწიფების ასაკში საჭირო ატრიბუტების ნაკრების გამოყენებისათვის, დაიჭირეთ თადარიგი და მოიმარაგეთ თითოეული ატრიბუტი თვალსაჩინოებისათვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ ქვევით თითოეული ატრიბუტის შესახებ მოცემული განმარტებებით, რომლებშიც ახსნილია ატრიბუტის დანიშნულება და ის, თუ როგორ უნდა იქნას გამოყენებული იგი, სქესობრივი მომწიფების ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებთან გასამკლავებლად.
- ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალში შესული ყველა ატრიბუტი არ არის ყველა კლასისა და ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეთათვის თანაბრად შესაბამისი.
გაკვეთილის გეგმა და შესაბამისი აქტივობების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ გვერდზე:
ატრიბუტები და მათი დახასიათება
კრიტიკულ დღეებისათვის განკუთვნილი ატრიბუტები (ჰიგიენური საფენები, ჰიგიენური საფენები „ფრთებით“, ყოველდღიური საფენები, ტამპონები)
- გამოიყენება მენსტრუაციის დროს.
- კრიტიკულ დღეებისათვის განკუთვნილი სათადარიგო ატრიბუტები შეგიძლიათ შეინახოთ თქვენს სკოლის კარადაში ან ატაროთ ჩანთით.
- ჰიგიენური საფენებისა და ტამპონების შეძენა, როგორც წესი, შესაძლებელია სკოლებშიც.
- კრიტიკულ დღეებისათვის განკუთვნილი სათადარიგო ატრიბუტების შეძენა შესაძლებელია აფთიაქებსა და შერეული ტიპის მაღაზიებსა და მარკეტებში.
- სურნელოვანი ჰიგიენური საფენებისა და ტამპონების გამოყენება არ არის რეკომენდებული სპეციალისტების მიერ.
- არასდროს ჩააგდოთ გამოყენებული საფენი და ტამპონი უნიტაზში. გამოყენებული საფენი ან ტამპონი მოათავსეთ სანაგვე ურნაში.
ჰიგიენური საფენები მაგრდება ქვედა საცვალზე და იწოვს მენტრუაციის დროს საშოდან გამოდევნილ სისხლს.
- ჰიგიენური საფენები სხვადასხვა ფორმისა და ზომისაა.
- ჰიგიენური საფენები მაგრდება ქვედა საცვალის შიდა ზედაპირზე წებოვანი ზოლით. იმ შემთხვევაში, თუ ჰიგიენურ საფენს აქვს ე.წ. „ფრთები“, იგი ფრთებით საცვალზე კიდევ უფრო საიმედოდ მაგრდება.
- ჰიგიენური საფენები ხშირად უნდა გამოიცვალოთ და გამოყენებული საფენები გარკვეული წესის დაცვით (ტუალეტის ქაღალდში გახვეული) ჩააგდოთ ნაგვის ურნაში.
ყოველდღიური ჰიგიენური საფენები უფრო მცირე ზომის არის და გამოიყენება მცირე რაოდენობით მენტრუაციული გამონადენისა ან საშოდან გამონადენის შეწოვის მიზნით.
ჰიგიენური ტამპონი წარმოადგენს სითხის შემწოვ ტამპონს, რომელიც საშოს შიგნით თავსდება, და სისხლს მანამდე შეიწოვს, სანამ იგი სხეულიდან გარეთ გამოაღწევს. ჰიგიენური ტამპონის ორი ძირითადი ტიპი არსებობს, აპლიკატორიანი და აპლიკატორის გარეშე. ჰიგიენური ტამპონის გამოყენება არ არის რეკომენდებული 13 წლის ასაკამდე. ჰიგიენური ტამპონი ხშირად უნდა ცვალოთ (4-6 საათში ერთხელ). ჰიგიენური ტამპონი შესაძლებელია იყოს აღჭურვილი პლასტმასის ან მუყაოს აპლიკატორით, ან არ იყოს აღჭურვილი აპლიკატორით.
- რეკომენდებულია რაც შეიძლება ნაკლები შეწოვის უნარის მქონე ჰიგიენური ტამპონის გამოყენება; თუ ჰიგიენური ტამპონი 3-4 საათის შემდეგ არ არის სრულად გაჟღენთილი, შემდეგ ჯერზე, გირჩევთ, კიდევ უფრო ნაკლები შეწოვის უნარის მქონე ჰიგიენური ტამპონის გამოყენებას.
- ჰიგიენური ტამპონები ხშირად უნდა იცვალოთ: ჩვეულებრივ ყოველ 4 საათში ერთხელ – დღის განმავლობაში და არაუმეტეს ყოველ 6-8 საათში ერთხელ – ღამის განმავლობაში. აუცილებლად გაეცანით ინსტრუქციას ყოველი ახალი პროდუქტის შეძენისას.
- გამოყენებული ჰიგიენური ტამპონი გაახვიეთ ტუალეტის ქაღალდში და მოათავსეთ ნაგვის ურნაში.
- გაეცანით ინსტრუქციას ჰიგიენური ტამპონის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ. ჰიგიენური ტამპონის არასწორად გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ტოქსიკური შოკის სინდრომი, რაც საკმაოდ იშვიათ, თუმცა მძიმე შედეგებით მიმდინარე სინდრომებს განეკუთვნება. რჩევისთვის მიმართეთ უფროსი ასაკის კომპეტენტურ პირს.
კითხვები, რომლებიც შესაძლებელია დასვან მოზარდებმა:
- ოყნა – ოყნის საშუალებითა და წყლისა ან სხვა სითხის ჭავლის გამოყენებით საშოს გამორეცხვა არ არის საჭირო და არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ამ პროცედურამ შესაძლებელია გამოიწვიოს ორგანიზმში ინფექციის მოხვედრა. საშოს, საშოდან გამონადენის საშუალებით, თვითგასუფთავების ბუნებრივი ფუნქცია გააჩნია.
- დეოდორანტი – სპრეი ქალებისათვის – სუნამოს ან დეოდორანტის გამოყენება ინტიმური ჰიგიენისთვის არ არის საჭირო და არ არის რეკომენდებული, ვინაიდან მან შესაძლებელია გამოიწვიოს ორგანიზმში ინფეციის მოხვედრა. საკმარისია გარეთა სასქესო ორგანოების, სასირცხო ბაგეებისა და მიმდებარე არის წყლითა და რბილი საპნით ყოველდღიური დაბანა.
- სოკოვანი ინფექცია – სოკოვანი ინფექცია არის საშოს ინფექცია. თუ იგრძნობთ ქავილს, ტკივილს ან შენიშნავთ რომ საშოდან გამონადენი უჩვეულოა, საჭიროა ამის შესახებ გაესაუბროთ მშობელს ან უფროსი ასაკის კომპეტენტურ პირს. არსებობს სოკოვანი ინფექციისაგან განკურნების საშუალებები.
აკნეს საწინააღმდეგო მალამო
- ზოგიერთ ლოსიონსა და მალამოს შემადგენლობაში შედის სამედიცინო პრეპარატები, რომლებიც ეფექტურია მცირე ზომის აკნესათვის ტიპური გამონაყარისა და შავთავიანი წერტილოვანი გამონაყარის პრევენციისა და მოშორებისათვის.
- აკნეს საწინააღმდეგო მალამოების შეძენა შესაძლებელია აფთიაქებში.
- აუცილებელია დაიცვათ ინსტრუქციაში მოცემული მითითებები.
- ზოგ შემთხვევაში აკნე საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს, რა დროსაც საჭიროა ექიმთან ვიზიტი, რომელსაც შეუძლია უფრო ძლიერმოქმედი მალამო ან მედიკამენტური მკურნალობა დაუნიშნოს პაციენტს.
აქტიური ცხოვრების წესი
ფიზიკური და რეკრეაციული აქტივობები, როგორიცაა სპორტი, ფეხით სიარული და მეგობრებთან და ამხანაგებთან ერთად გარეთ გართობა, აუმჯობესებს როგორც ფიზიკურ ასევე გონებრივ მდგომარეობას.
დამცავი ტრუსი სპორტსმენებისათვის
გამოიყენება როგორც მამაკაცის სასქესო ასოს დამცავი, კონტაქტური სპორტით დაკავების დროს (მაგ, ჰოკეი, ფეხბურთი).
ბიუსტჰალტერი
- გოგონები ბიუსტჰალტერს, რომელიც ფარავს, იჭერს და ზევით წევს ქალის მკერდს, ატარებენ იმისათვის, რომ კომფორტულად იგრძნონ თავი და გათავისუფლდნენ უხერხულობის შეგრძნებისაგან, მას შემდეგ რაც მათი მკერდი ზრდას იწყებს. ზოგიერთი გოგონა ირჩევს ყოველდღიურად ატაროს ბიუსტჰალტერი.
- ზოგიერთ ვაჟს აღენიშნება მკერდის ზრდა, მაგრამ ვაჟებში, ძირითადად, ეს მხოლოდ დროებითი ცვლილებაა, რომელიც დაახლოებით ერთი წლის ან ცოტა მეტი პერიდოს განმავლობაში გრძელდება.
თმის ჯაგრისი და სავარცხელი
- თმის ჯაგრისი ან სავარცხელი გამოიყენება თმის მოსაწესრიგებლად, დასავარცხნად ან თმისთვის ფორმის მისაცემად.
- ზოგიერთი ადამიანი უფრო მეტ დროს უთმობს თმებისათვის გარკვეული ფორმის მიცემას, მას შემდეგ რაც საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა მათთვის მნიშვნელოვანი ხდება.