გაკვეთილი III-ნაყოფის განვითარება

სწავლის შედეგი

მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და აღწეროს ჩასახვიდან დაბადებამდე ადამიანის განვითარებისა ეტაპები და ფაქტორები, რომლებიც ამ პერიოდში ნაყოფის განვითარებაზე ახდენს გავლენას.

მასალა:
  1. სამუშაო ფურცლები მოსწავლეებისათვის: ნაყოფის განვითარების ეტაპების მიმოხილვა
  2. პასუხები: ნაყოფის განვითარების ეტაპების მიმოხილვა
  3. მასალა თვალსაჩინოებისათვის: ნაყოფის სათანადო განვითარების ხელშეწყობა.
შესავალი:

მოსწავლეები განიხილავენ იმ ფაქტორებს, რომლებმაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ნაყოფის განვითარებაზე, ჩასახვიდან დაბადებამდე პერიოდში.

მიდგომები/სტრატეგია:

ა. ძირითადი წესები (5 წთ.)
ძირითადი წესების შესახებ შეთანხმება უნდა შედგეს გაკვეთილის დაწყებამდე. იმ კლასებში, სადაც ძირითადი წესები უკვე წინასწარ არის ჩამოყალიბებული და შეთანხმებული, მოკლედ მიმოიხილეთ ისინი, გაკვეთილის წარმატებით წარმართვის მიზნით.

ბ. ნაყოფის განვითარების ეტაპების მიმოხილვა (5-10 წთ.)
მოსწავლეები დამოუკიდებლად მიმოიხილავენ ნაყოფის განვითარების ეტაპებს.

  1. დაურიგეთ მოსწავლეებს სამუშაო ფურცლები „ნაყოფის განვითარების ეტაპების მიმოხილვა“.
  2. სთხოვეთ მოსწავლეებს დანომრონ ეტაპები სწორი თანამიმდევრობის დაცვით.
  3. მოსწავლეთა ნამუშევრები შეამოწმეთ „ნაყოფის განვითარების ეტაპების მიმოხილვის“ პასუხების გამოყენებით.
  4. ათვისებული მასალის შესაჯამებლად, მოსწავლეებს დაუსვით შემდეგი კითხვა:
    ნაყოფის განვითარების ეტაპებს შორის არის ისეთი ეტაპი, რომელიც თქვენი თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია? რომელი მათგანია ყველაზე მნიშვნელოვანი და რატომ?

გ. ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს ნაყოფის განვითარებაზე (10-15 წთ.)
მოსწავლეები განიხილავენ დაბადებამდე ნაყოფის ჯანმრთელობის მნიშვნელობას.

  1. რამ შეიძლება გავლენა იქონიოს ბავშვის განვითარებაზე მუცლად ყოფნის დროს?
    თამბაქოს მოხმარება (როდესაც დედა არის მწეველი ან მას მწეველთა გარემოცვაში უწევს ყოფნა), ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება, დედის კვება, დედის ზრუნვა საკუთარ თავზე.
  2. რა უნდა გააკეთოს დედამ, რომ საკუთარ მომავალ შვილს ნაყოფის განვითარებისათვის საუკეთესო პირობები შეუქმნას?
    – თავი შეიკავოს თამბაქოს მოხმარებისაგან, ან თამბაქოს მომხმარებელთა წრეში ყოფნისაგან.
    – თავი შეიკავოს ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებისაგან.
    – გაიაროს ექიმთან კონსულტაცია, ორსულობის დასაწყისში და მთელი ორსულობის განმავლობაში. ბევრი ქალი გადის ექიმთან კონსულტაციას ორსულობამდეც, რათა დარწმუნდნენ რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ შეუშლის მათ ორსულობასა და ნაყოფის სათანადო განვითარებას.
    – მიიღონ ჯანსაღი საკვები და დაიცვან ჯანსაღი კვების რეჟიმი.
    – ბევრი დაისვენონ და ამავე დროს დაკავდნენ ფიზიკური ვარჯიშით.
  3. რა უნდა გააკეთოს ბავშვის მამამ იმისათვის, რომ მომავალ შვილს ნაყოფის განვითარებისათვის საუკეთესო პირობები შეუქმნას?
    – ჯანსაღი ცხოვრების მაგალითი აჩვენოს მომავალ დედას (მაგალითად თამბაქოს მოხმარებისაგან თავის შეკავება).
    – მოამზადოს ჯანსაღი საკვები.
    – დაეხმაროს მომავალ დედას სახლის საქმეში, რათა მას მეტი დრო ჰქონდეს დასასვენებლად.
    – დაესწროს მომავალი დედის ექიმთან ვიზიტებს და მასთან ერთად იაროს სხვა შეხვედრებზეც.
  4. რა უნდა გააკეთონ გარშემომყოფებმა იმისათვის, რომ ჯერ არ დაბადებულ ბავშვს ნაყოფის განვითარებისათვის საუკეთესო პირობები შეუქმნან?
    – ჯანსაღი ცხოვრების მაგალითი აჩვენონ მომავალ დედას (მაგალითად თამბაქოს მოხმარებისაგან თავის შეკავება).
    – დაეხმარონ მომავალ დედას სახლის საქმეში, რათა მას მეტი დრო ჰქონდეს დასასვენებლად.
    – გაუღონ მას კარი, მოეხმარონ მომავალ დედას ტვირთის ზიდვაში, დაუთმონ მას ადგილი საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
  5. ვისი დახმარებით შეუძლია ისარგებლოს მომავალ დედას?
    – ექიმის
    – საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ექთნის
    – მეანის
    – სპეციალური პროგრამების (ჯანსაღი კვების შესახებ, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების წინააღმდეგ და ა.შ.)
ზოგიერთი მოსწავლე შესაძლებელია დააბნიოს განვითარების პროცესში მყოფი ნაყოფის სურათმა და, შესაძლებელია, მათ დამატებითი მაგალითები დასჭირდეთ მასალის უკეთ გასაგებად. ამის გამო, მოსწავლეებისათვის მასალის მიწოდების დროს, რეკომენდებულია მარტივი ენისა და მარტივი სურათების გამოყენება.
მასწავლებლის მიერ ორსულობისა და ბავშვის გაჩენის შესახებ მოსწავლეებისათვის მიწოდებული მასალის აღქმა განსხვავებული შესაძლებლობების მოსწავლეების მიერ დამოკიდებულია ამ მოსწავლეთა გონებრივი განვითარების დონეზე.
იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც გარკვეულ რისკ-ჯგუფებს წარმოადგენენ და აგრეთვე განსხვავებული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისათვის, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ ზიანს, რომელიც ნაყოფს ადგება ალკოჰოლის, ნარკოტიკების, ან თამბაქოს მოხმარებითა და აგრეთვე არაჯანსაღი კვებით. თქვენ შეგიძლიათ მოსწავლეებს აჩვენოთ დედის მუცელში მყოფი ნაყოფის სურათი და შემოხაზოთ ნაყოფის ის ორგანოები, რომლებიც შესაძლებელია დაზიანდეს თითოეული მავნე ჩვევის შედეგად, ნაყოფის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე.

დ. ნაყოფის სათანადო განვითარების ხელშეწყობა (20-25 წთ.)
მოსწავლეები ამზადებენ პოსტერებს ან ბროშურებს სხვადასხვა აუდიტორიისათვის, რომლებშიც ისინი იძლევიან რჩევებს ნაყოფის სათანადო განვითარებასთან დაკავშირებით.

  1. მოსწავლეებს გააცანით მასალა თვალსაჩინოებისათვის „ნაყოფის სათანადო განვითარების ხელშეწყობა“.
  2. აუხსენით მოსწავლეებს, რომ მათ უნდა მოამზადონ მასალა (პოსტერი, ბროშურა ან პრეზენტაცია), რომელშიც ნაყოფის სათანადო განვითარებასთან დაკავშირებული რჩევები იქნება მოცემული.
  3. მოსწავლეების მიერ მომზადებული მასალა საკლასო ოთახში გამოფინეთ.
  4. მოსწავლეების მიერ ათვისებული მასალა შეაჯამეთ მათთვის შემდეგი კითხვების დასმით:
    – ვისთვისაა განკუთვნილი თქვენ მიერ მომზადებული მასალა?
    – ჩვენი საკლასო ოთახის გარდა, სად შეიძლება განთავსდეს თქვენ მიერ მომზადებული მასალა?
  5. მოსწავლეებს ურიგდებათ სამუშაო ფურცლები: „აივ და შიდსი და ჰეპატიტი A, B და C“ რომლებიც მათ საშიანო დავალების ფორმით უნდა შეასრულონ მშობლისა ან მეურვის დახმარებით.
ზოგიერთ მოსწავლეს შესაძლებელია ჰყავდეს დედა ან ოჯახის სხვა წევრი, რომელიც ორსულად არის, მაგრამ არ იმყოფება ტრადიციულ ქორწინებაში. ამასთან, შესაძლებელია ზოგი ქალი საზოგადოებაში არ იყოს მიღებული ამის გამო. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საჭიროების შემთხვევაში, მომავალმა დედებმა სათანადო ინსტიტუტებს მიმართონ.
ზოგიერთ კულტურაში არსებობს სპეციალური რიტუალები და ტრადიციები, რომლებიც ქალის ორსულობას უკავშირდება. სხვადასხვა უარყოფითი გავლენებისაგან მომავალი დედების დაცვისათვის, ბევრ კულტურაში არსებობს სპეციალური პრაქტიკა, რიტუალები თუ შეწირულებები. ხალხში გავრცელებული ამგვარი პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიპოვოთ და მიაწოდოთ თქვენს მოსწავლეებს.

კითხვების ყუთი (10 წთ.)
სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მომდევნო გაკვეთილისათვის დაგეგემეთ.

საშინაო დავალება
მოსწავლეებს დაავალეთ კლასში ათვისებული მასალა გაუზიარონ საკუთარი ოჯახის უფროსი თაობის წარმომადგენლებს.

საჭიროა გვახსოვდეს, რომ ყველა მოსწავლე არ ცხოვრობს „ტრადიციულ“ ოჯახში და ყველა მათგანს არ აქვს თანაბარი შესაძლებლობა ღიად და გულახდილად ესაუბროს საკუთარი „ოჯახის“ წევრებს. მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდებულია მოსწავლეებმა მოცემული აქტივობა მათზე მზრუნველ მშობელთან ან მეურვესთან ერთად შეასრულონ, ზოგიერთ მოსწავლეს შესაძლოა ამის საშუალება არ ჰქონდეს. გულისხმიერება გამოიჩინეთ  საკუთარი მოსწავლეების საჭიროებების მიმართ.
კითხვები გაკვეთილის შეფასებისათვის

გაკვეთილის მსვლელობისას:

  1. დაცული იქნა თუ არა ძირითადი წესები?
  2. მოხდა თუ არა ჯგუფური მუშაობისა და საკითხებზე მსჯელობის კარგი პრაქტიკის ჩამოყალიბება?

რა ცვლილებებს შეიტანდით იგივე ჯგუფთან შემდგომში მუშაობის გეგმასა და ფორმატში?
რა ცვლილებებს შეიტანდით სხვა ჯგუფთან იგივე გაკვეთილის გეგმასა და ფორმატში?

მოსწავლეთა შეფასება

გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:

ცოდნა:
  • იმ ფაქტორების იდენტიფიცირება, რომლებიც გავლენას ახდენს ნაყოფის განვითარებაზე?
  • ნაყოფის სათანადო განვითარების ხელშეწყობის გზების აღწერა?
უნარები:
  • მასალის შექმნა, რომელშიც ხაზგასმულია ნაყოფის სათანადო განვითარების მნიშვნელობა?
  • მთელი კლასის მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიებისას, მოსმენისა და საუბრის სათანადო უნარების გამოვლენა?
დამოკიდებულებები:
  • გაეცნობიერებინათ, რომ ბევრი ადამიანია გარშემო, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ მომავალ დედას იმაში, რომ ნაყოფი იყოს ჯანმრთელი?
  • გაეცნობიერებინათ, რომ მათ შეუძლიათ საკუთარი წვლილი შეიტანონ ნაყოფის სათანადო განვითარების საქმეში?