სწავლის შედეგი
მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეაფასოს რისკ-ფაქტორები, რომლებიც სისხლის გზით გადამდებ ინფექციებს უკავშირდება – აივ, შიდსი, B და C ჰეპატიტი; მაგ. შპრიცის მრავალჯერადად გამოყენება სხვადასხვა ადამიანთან, პირსინგი, ტატუ, იმ ადამიანის დახმარება ვისაც სისხლი სდის, სქესობრივი კავშირები.
მასალა:
- სამუშაო ფურცელი მოსწავლეებისათვის: სისხლის გზით გადამდები ინფექციები: მითი თუ რეალობა
- პასუხები: სისხლის გზით გადამდები ინფექციები: მითი თუ რეალობა
- სამუშაო ფურცელი მოსწავლეებისათვის: აივ, შიდსი, B და C ჰეპატიტი.
შესავალი:
აივ, შიდსი, B და C ჰეპატიტი განეკუთვნება სისხლის გზით გადამდებ ინფექციებს, რომელთა პრევენციაც შესაძლებელია. პრევენცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ვფლობთ ინფორმაციას რისკ-ფაქტორებისა და დამცავი ღონისძიებების შესახებ. წინამდებარე გაკვეთილი ემსახურება მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდებას სისხლის გზით გადამდები ინფექციების შესახებ და, შესაბამისად, მათ აღჭურვას იმ ცოდნითა და ინსტრუმენტებით, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია აივ-ით, შიდსით, B და C ჰეპატიტით ინფიცირების რისკის შემცირება.
მიდგომები/სტრატეგია:
ა. ძირითადი წესები (5 წთ.)
ძირითადი წესების შესახებ შეთანხმება უნდა შედგეს გაკვეთილის დაწყებამდე. იმ კლასებში, სადაც ძირითადი წესები უკვე წინასწარ არის ჩამოყალიბებული და შეთანხმებული, მოკლედ მიმოიხილეთ ისინი, გაკვეთილის წარმატებით წარმართვის მიზნით.
ბ. სისხლის გზით გადამდები ინფექციები (15 წთ.)
მოსწავლეები განმარტავენ „გადამდები დაავადების“ ცნებას და იღებენ ინფორმაციას სისხლის გზით გადამდები ინფექციების შესახებ.
დაუსვით მოსწავლეებს შემდეგი კითხვები:
- რომელი გადამდები დაავადება იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს?
აივ და შიდსი;
B და C ჰეპატიტი. - რატომ არის ზოგიერთი გადამდები დაავადება უფრო სახიფათო, ვიდრე სხვა გადამდები დაავადებები?
რადგან ზოგიერთი გადამდები დაავადება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს იწვევს. - რა განცდას იწვევს ადამიანებში ისეთი მძიმე გადამდები დაავადებები, როგორიცაა აივ, შიდსი, B და C ჰეპატიტი?
შიშს;
ბრაზს.
გ. სისხლის გზით გადამდები ინფექციები: მითი თუ რეალობა (15-20 წთ.)
მოსწავლეები განსაზღვრავენ თუ რა ინფორმაციას ფლობენ სისხლის გზით გადამდები ინფექციების შესახებ და იღრმავებენ ცოდნას ამგვარი ინფექციების შესახებ.
- დაურიგეთ მოსწავლეებს სამუშაო ფურცლები: სისხლის გზით გადამდები ინფექციები: მითი თუ რეალობა.
- მიეცით საშუალება მოსწავლეებს დამოუკიდებლად შეავსონ სამუშაო ფურცელზე მოცემული კითხვარი.
- პასუხების გამოყენებით, სათითაოდ მიმოიხილეთ კითხვარში შესული თითოეული წინადადება და სთხოვეთ მოსწავლეებს შეასწორონ საკუთარ სამუშაო ფურცლებზე შევსებულ კითხვარში დაშვებული შეცდომები.
- მოცემული აქტივობა შეაჯამეთ მოსწავლეებისათვის შემდეგი კითხვების დასმით:
როგორ ხდება სისხლის გზით გადამდები ინფექციების გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე?
- სისხლის გზით გადამდები ინფექციების გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე სისხლის ან სხვა ბიოლოგიური სითხეების, მათ შორის სპერმის და ვაგინალური გამონადენის გაცვლის გზით ხდება, ასევე დედის რძის (მხოლოდ აივ-ს შემთხვევაში) საშუალებით.
- სისხლის გზით გადამდები ინფექციების გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე შესაძლებელია მოხდეს სხვისი გამოყენებული სამედიცინო შპრიცით სარგებლობისას, ასევე პირსინგის ან ტატუს გაკეთებისას გამოყენებული ინსტრუმენტების საშუალებით, დამცავი ხელთათმანების გარეშე იმ პირის დახმარებისას, რომელსაც სისხლი სდის, სქესობრივი კავშირის დროს, სისხლის გზით გადამდები ინფექცია ასევე შესაძლებელია ინფიცირებული დედისგან ბავშვს გადაეცეს.
დაასახელეთ სისხლის გზით გადამდები ინფექციები.
- სისხლის გზით გადამდებ ინფექციებს განეკუთვნება აივ, შიდსი, B და C ჰეპატიტი.
რა განსხვავებაა აივ-სა (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) და შიდსი-ს (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) შორის?
- აივ წარმოადგენს ვირუსს, რომლითაც შესაძლებელია დაინფიცირდეს ადამიანი და სწორედ ეს ვირუსი იწვევს შიდსის დაავადებას.
- ადამიანი შესაძლებელია ინფიცირებული იყოს აივ-ით და არ ჰქონდეს შიდსი.
- აივ ასუსტებს ადამიანის იმუნურ სისტემას, ადამიანის ორგანიზმის დაავადებებისაგან დამცავ სისტემას და დაავადებებთან ბრძოლის უნარს.
- ადამიანი შესაძლებელია იყოს აივ-ს მატარებელი და არაფერი იცოდეს ამის შესახებ, არ გრძნობდეს სისუსტეს, მაგრამ შესაძლებელია ეს ვირუსი გადასცეს სხვა ადამიანს.
- ვირუსის გამრავლებას ორგანიზმში წლები სჭირდება და შესაძლებელია ორგანიზმის იმუნური სისტემისადმი მისგან მიყენებულმა ზიანმა თავი გვიან იჩინოს.
- იმ შემთხვევაში, თუ აივ-ით ინფიცირებულს არ უტარდება შესაბამისი მკურნალობა, მისი იმუნური სისტემა ძალიან სუსტდება და ვეღარ უმკლავდება მძიმე დაავადებებს, შესაბამისად, ადამიანი შესაძლებელია სიცოცხლისათვის სახიფათო ინფექციებით დაავადდეს. ეს წარმოადგენს აივ ინფიცირების ყველაზე მძიმე სტადიას, რომელსაც შიდსი ეწოდება.
რა განსხვავებაა A ჰეპატიტს, B ჰეპატიტსა და C ჰეპატიტს შორის?
- ჰეპატიტი ძირითადად ღვიძლის ანთებითი დაავადება, მისი გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს, მათ შორის ვირუსები, სამედიცინო პრეპარატები, ალკოჰოლი, ქიმიური და სხვა ტოქსიკური ნივთიერებები. როგორც A, ასევე B და C ჰეპატიტი ვირუსილ დაავადებას წარმოადგენს, თუმცა ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდება.
- A ჰეპატიტის გადაცემის ძირითადი მექანიზმი ფეკალურ-ორალურია, ანუ დაავადება გადადის ინფიცირებული ადამიანის ფეკალიების ორგანიზმში მოხვედრით. ვირუსი შესაძლებელია იყოს წყალში ან საკვებში. ვინაიდან ზოგიერთი ადამიანი ტუალეტით სარგებლობის შემდეგ ხელებს არ იბანს, ამ გზით ვირუსი ხვდება წყალსა ან საკვებში. არსებობს A ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, და შეგიძლიათ ჩაიტაროთ A ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
- B ჰეპატიტის გავრცელება ხდება ინფიცირებული სისხლისა ან სხვა ბიოლოგიურ სითხეების საშუალებით. არსებობს B ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, და შეგიძლიათ ჩაიტაროთ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
- C ჰეპატიტის გავრცელება წარმოებს სისხლის საშუალებით. C ჰეპატიტი ინფიცირებული ადამიანიდან სხვა ადამიანზე შესაძლებელია გავრცელდეს საერთო სამედიცინო შპრიცით სარგებლობის შემთხვევაში, ასევე პირსინგის ან ტატუს გაკეთებისას გამოყენებული ინსტრუმენტების საშუალებით, დამცავი ხელთათმანების გარეშე იმ პირის დახმარებისას, რომელსაც სისხლი სდის, დაუცველი სქესობრივი კავშირის დროს. C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს.
როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი რათა არ მოხდეს სისხლის გზით გადამდები ინფექციების გავრცელება?
- მივმართოთ აბსტინენციას (სქესობრივი კავშირებისაგან თავის შეკავება)
- ვისარგებლოთ მხოლოდ სუფთა ერთჯერადი სამედიცინო შპრიცებითა და პირსინგისა და ტატუს ინსტრუმენტებით
- დამცავი ხელთათმანების გარეშე არ შევეხოთ სხვა ადამიანის სისხლს
- დაუშვებელია სხვისი კბილის ჯაგრისით, სამართებლით, ფრჩხილების საჭრელი მაკრატლით სარგებლობა ან სხვისთვის აღნიშნული საკუთარი ნივთებით სარგებლობის უფლების მიცემა.
კითხვების ყუთი (10 წთ.)
სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მომდევნო გაკვეთილისათვის დაგეგემეთ.
საშინაო დავალება
მოსწავლეები, შინ, მშობლისა ან მეურვის დახმარებით, ავსებენ მათთვის დარიგებულ სამუშაო ფურცელს: „აივ, შიდსი, B და C ჰეპატიტი“
კითხვები გაკვეთილის შეფასებისათვის
გაკვეთილის მსვლელობისას:
- დაცული იქნა თუ არა ძირითადი წესები?
- მოხდა თუ არა ჯგუფური მუშაობისა და საკითხებზე მსჯელობის კარგი პრაქტიკის ჩამოყალიბება?
რა ცვლილებებს შეიტანდით იგივე ჯგუფთან შემდგომში მუშაობის გეგმასა და ფორმატში?
რა ცვლილებებს შეიტანდით სხვა ჯგუფთან იგივე გაკვეთილის გეგმასა და ფორმატში?
მოსწავლეთა შეფასება
გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:
ცოდნა:
- სისხლის გზით გადამდები ინფექციების განმარტება?
- დაავადებების გადადების მექანიზმის გაგება?
- სისხლის გზით გადადმები ინფექციების შესახებ საკუთარი ცრუ წარმოდგენებისა და მითების გაბათილება?
უნარები:
- სისხლის გზით გადამდები ინფექციების პრევენციის გზების ამოცნობა?
დამოკიდებულებები:
- გაეცნობიერებინათ, რა შედეგები მოჰყვება სისხლის გზით გადამდები ინფექციების შეძენას