გაკვეთილი I-გადაწყვეტილების მიღება

სწავლის შედეგი

მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს სქესობრივი ქცევისადმი პასუხისმგებლობით მიდგომის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შედეგები.

მასალა:
  1. სამუშაო ფურცლები მოსწავლეებისათვის: „ჩემი პირადი ცხოვრების ხაზი“
  2. სამუშაო ფურცლები მოსწავლეებისათვის: „ოჯახში დამკვიდრებული ღირებულებები“
შესავალი:

სქესობრივი ქცევის შესახებ გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს ღირებულებებზე დაფუძნებულ ქმედებას. მოსწავლეებმა, იმისათვის რათა შეძლონ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, უნდა შეისწავლონ სქესობრივი ქცევის სხვადასხვა ასპექტი. წინამდებარე გაკვეთილში შესული აქტივობები ემსახურება მოსწავლეების წახალისებას, რათა მათ საკუთარი აზრები ჩამოაყალიბონ საკუთარი სქესობრივი ქცევის შესახებ და გამოიკვლიონ ის ღირებულებები, რომლებიც მათ სქესობრივ ქცევას უკავშირდება.

მიდგომები/სტრატეგია:

ა. ძირითადი წესები (5 წთ.)
ძირითადი წესების შესახებ შეთანხმება უნდა შედგეს გაკვეთილის დაწყებამდე. იმ კლასებში, სადაც ძირითადი წესები უკვე წინასწარ არის ჩამოყალიბებული და შეთანხმებული, მოკლედ მიმოიხილეთ ისინი, გაკვეთილის წარმატებით წარმართვის მიზნით.

ბ. ადრეულ ასაკში სქესობრვი აქტიურობის განმაპირობებელი ფაქტორების კვლევა (20-40 წთ.)
მოსწავლეები ასახელებენ მიზეზებს, რომლებიც განაპირობებს მოზარდობის პერიოდში სქესობრივ აქტიურობას და იკვლევენ თუ რა წყაროების უკავშირდება ეს მიზეზები.   

  1. დაფაზე დაწერეთ შემდეგი კითხვა: რა აიძულებს მოზარდებს სქესობრივად აქტიური ცხოვრება დაიწყონ?
  2. მიეცით მოსწავლეებს დრო პასუხების მოსაფიქრებლად და ჩასაწერად. მოსწავლეებს აუხსენით, რომ კითხვა ზოგადი ხასიათის არის და მასზე პასუხები არ არის აუცილებელი იყოს პირად გამოცდილებაზე დაფუძნებული.
  3. მოსწავლეებს უთხარით, რომ მათ შეუძლიათ ისარგებლონ ანონიმურად დარჩენის უფლებით და ფურცლებზე, რომლებზეც ისინი საკუთარ პასუხებს წერენ, არ დაწერონ საკუთარი სახელი და გვარი.
  4. შეაგროვეთ მოსწავლეებისაგან ფურცლები, რომლებზეც მათი პასუხებია დაფიქსირებული.
  5. მოსწავლეების პასუხები, ისე, რომ არ ასახელებთ პასუხის ავტორს, გამოიყენეთ მოსწავლეებს შორის დისკუსიის დასაწყებად. გამოიყენეთ შემდეგი ფორმატი:
  • მოსწავლის მიერ დასახელებული მიზეზი დაწერეთ დაფაზე. (ამ ეტაპზე, შესაძლებელია მოგიწიოთ მოსწავლეების პასუხებიდან შენაარსის გამოტანა. მაგალითად, პასუხი: (i) „თანატოლები აბუჩად გიგდებენ თუ სქესობრივად აქტიურ ცხოვრებას არ ეწევი“ და პასუხი: (ii) „ზოგიერთი მოზარდის მეგობრები სქესობრივად აქტიურ ცხოვრებას ეწევიან“, ერთი და იგივე დატვირთვის მატარებელია და შეგიძლიათ ერთ მიზეზად განიხილოთ და მიზეზებში დააფიქსიროთ „ზეწოლა თანატოლებისაგან“.)
  • მოსწავლეების პასუხებში გამოკვეთილი თითოეული მიზეზის შემთხვევაში დაუსვით მოსწავლეებს შემდეგი კითხვები:
  • რატომ შეიძლება აღნიშნულმა მიზაზმა მოზარდს უბიძგოს სქესობრივი აქტიურობისაკენ?
  • იმ შემთხვევაში, თუ მოზარდი ამგვარ ზეწოლას გრძნობს, რა შეიძლება მან მოიმოქმედოს, ან როგორ შეიძლება მოიქცეს, რათა შეარბილოს ან სულაც მოხსნას აღნიშნული ზეწოლა?
მიზეზების განხილვა

ზეწოლა თანატოლებისგან:

  • ნებისმიერი სხვა სიტუაციის მსგავსად, რაიმეს კეთება მხოლოდ იმიტომ, რომ თანატოლები ამას გაიძულებენ, ნაცვალდ იმისა, რომ საკუთარი გადაწყვეტილება მიიღო ამასთან დაკავშირებით, არ არის რეკომენდებული.
  • სქესობრივი ურთიერთობის დამყარება ზოგჯერ წარმოებს ტრადიციული სასიყვარულო/რომანტიული ურთიერთობების გვერდის ავლით, მაგალითად გართობის მიზნით. აუცილებელია ხაზგასმით აღნიშნოთ, რომ ახალგაზრდები უნდა აკეთებდნენ იმას, რაც კარგია მათთვის და რაც არ შეიცავს რაიმე საფრთხეს. თუ გავითვალისწინებთ იმ ღირებულებებსა და შეხედულებებს, რომლებიც თქვენს ოჯახებსა და საზოგადოებაშია დამკვიდრებული, შეიძლება  ტრადიციული სასიყვარულო/რომანტიული ურთიერთობების გვერდის ავლით სქესობრივი ურთიერთობების დამყარება პოზიტიურ ქცევად იყოს აღქმული?

ალკოჰოლისა და  ნარკოტიკების მოხმარება

  • ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება ზღუდავს ადამიანის უნარს მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. ამ უნარის შეზღუდვის შედეგი შესაძლებელია იყოს ისეთი ქმედება ან ქცევა, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის ღირებულებებსა და რწმენას.
  • როდესაც უცნობების წრეში იმყოფებით, აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ თქვენს სასმელს, რომ იგი ბოროტი განზრახვით არ იქნას შეცვლილი ვინმეს მიერ.

ურთიერთობები – ზეწოლა პარტნიორისგან/ თანხმობა პარტნიორებს შორის

  • გადაწყვეტილებები სქესობრივი ურთიერთობის შესახებ მიღებული უნდა იქნას ორი პირის მიერ. პარტნიორების მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს ორივე პირის ღირებულებებსა და სურვილს.
  • მნიშვნელოვანია პატივი სცე საკუთარი პარტნიორის გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ არ ჰქონდეს სქესობრივად აქტიური ცხოვრება და მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თქვენი პარტნიორიც პატივისცემითა და გაგებით უნდა მოეკიდოს თქვენს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ არ გქონდეთ სქესობრივად აქტიური ცხოვრება.
  • იმ შემთვევაში, თუ ორივე პარტნიორის სურვილია სქესობრივად აქტიური ცხოვრების დაწყება, წყვილმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ გადაწყვეტილებას თან ახლავს პასუხისმგებლობაც და შესაძლო შედეგებიც. აუცილებელია უზრუნველყოფა იმისა, რომ სქესობრივი კავშირები იყოს რაც შეიძლება უსაფრთხო.

მედია (ტელევიზია, ფილმები, მუსიკა, ინტერნეტი, სოციალური მედია და ა.შ.)

  • მედია საშუალებები, ხშირად, სქესობრივი ურთიერთობების არარეალურ სურათს ქმნის – თითქოს სქესობრივ ურთიერთობებს არანაირი უარყოფითი შედეგები არ მოაქვს. გარდა ამისა, მედიის საშუალებით ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სქესობრივი ურთიერთობები ცხოვრების ძირითად წესს შეადგენს, რაც რეალურად ასე არ არის.

პორნოგრაფია

  • იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეები პორნოგრაფიას ერთ-ერთ ფაქტორად დაასახელებენ, მასწავლებელს შეუძლია სთხოვოს მოსწავლეებს დააზუსტონ თუ რას გულისხმობენ ისინი. ვინაიდან, პორნოგრაფიასთან მოზარდის შეხება უფროსების მხრიდან ბავშვებზე ძალადობის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
  • მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ შეხება პორნოგრაფიასთან, აცხადებენ, რომ სურვილი უჩნდებათ თავადაც გაიმეორონ იგი რეალურ ცხოვრებაში. აუხსენით მოსწავლეებს და დაარწმუნეთ ისინი, რომ პორნოგრაფია სქესობრივი ურთიერთობების დამახინჯებულ და არარეალურ ვერსიას ავრცელებს.

ჩაცმის სტილი/გარეგნობა

  • მიუხედავად იმისა, რომ ჩაცმის სტილი შესაძლებელია რაიმე გზავნილს შეიცავდეს, საჭიროა ხაზგასმით აღნიშნოთ, რომ არასწორია ჩაცმის სტილის ინტერპრეტირება ისე, თითქოს ეს სქესობრივ ურთიერთობაზე თანხმობას ნიშნავდეს. თანხმობა არც ჩაცმის სტილით გამოიხატება და არც გარეგნული იერით. თანხმობის გამოხატვა მხოლოდ ვერბალური გზით არის შესაძლებელი, მოლაპარაკებისას თუ პარტნიორი „კი“-ს არ ამბობს ეს მისგან უარს ნიშნავს.
  • ჩაცმულობის სტილი შესაძლებელია ასახავდეს კულტურას, ან იყოს შეხედულებების გამოხატვის საშუალება. საჭიროა პატივი ვცეთ სხვების ღირებულებებსა და შეხედულებებს ჩაცმის სტილთან დაკავშირებით.

ჰორმონები/ლტოლვა

  • ჰორმონებსა და ლტოლვაზე ბუნებრივი და ნორმალური რეაგირება ყოველთვის ბუნებრივ და ნორმალურ ქცევას არ გულისხმობს. მაგალითად, ბუნებრივია ვიღაცის მიმართ ლტოლვა გაგიჩნდეს, თუმცა ამ ადამიანის შეწუხება არ არის ნორმალური ქცევა.
  • სქესობრივი ლტოლვა აბსოლუტურად ნორმალურია, თუმცა მხოლოდ ამ გძნობით ხელმძღვანელობა გაუმართლებელია, თუ ადამიანი ამისთვის არ არის მზად, თუ ეს უადგილოა ან არ აქვს ლტოლვის ობიექტის თანხმობა.

ინტერესი

  • სქესობრივად აქტიური ცხოვრების დაწყება მხოლოდ მას შემდეგ უნდა მოხდეს, როცა პიროვნება ამისათვის მზად იქნება, და არა მაშინ, როდესაც მას ინტერესი უჩნდება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ რაიმე კითხვა გაქვთ სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მასზე პასუხი მშობლისგან ან იმ უფროსი ასაკის პირისგან მიიღოთ, ვისაც ენდობით და ვისგანაც გჯერათ, რომ გულწრფელ პასუხს მიიღებთ.

სქესობრივი ურთიერთობის გამოცდილება

  • აბსტინენცია ადამიანის არჩევანია. სქესობრივი ურთიერთობის ერთჯერადი ან თუნდაც მრვალჯერადი გამოცდილება არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ არ შეგიძლიათ აბსტინენციაზე არჩევანის გაკეთება.

 სურვილი იყო მისაღები/სიყვარული/კომფორტი

  • ძალიან ხშირად, პრობლემური სიტუაცია და დაბალი თვითშეფასება ადამიანს აიძულებს ეძიოს გზები, რათა გახდეს უფრო მისაღები, ეძიოს სიყვარული და კომფორტი. სქესობრივად აქტიური ცხოვრების დაწყება პრობლემის გადაჭრისა და პოპულარობის მოპოვების არაჯანსაღი გზაა და შესაძლოა ამგვარმა ქცევამ კიდევ უფრო დაბლა დაწიოს მოზარდის თვითშეფასება.
  1. მოცემული აქტივობა შეაჯამეთ, მოსწავლეებისათვის შემდეგი კითხვების დასმით:
  • არის თუ არა გადაწყვეტილება ის, როდესაც არ იღებ გადაწყვეტილებას სქესობრივად აქტიურ ცხოვრებას მიჰყო ხელი?
  • რატომ არის ესოდენ მნიშვნელოვანი თანასწორობა წყვილს შორის, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ?
  • რა უნარებს უნდა ფლობდეს პიროვნება, პარტნიორთან სქესობრივი ურთიერთობების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას?

დ. „ჩემი პირადი ცხოვრების ხაზი“ (40 წთ.)
მოსწავლეები იკვლევენ საკუთარი ცხოვრების მიზნებს და გადაწყვეტილებებს და ადგენენ, თუ რა ზემოქმედებას იქონიებს სქესობრივად აქტიური ცხოვრების დაწყება მათ გეგმებზე.

  1. დაურიგეთ მოსწავლეებს სამუშაო ფურცლები „ჩემი პირადი ცხოვრების ხაზი“.
  2. სთხოვეთ მოსწავლეებს ვერტიკალური ხაზის ქვედა ნაწილში დაწერონ ის წელი, რომელიც ახლა დგას, ხოლო ამავე ხაზის ზედა ნაწილში ის წელი მიუთითონ, რა წელსაც ისინი 30 წლის გახდებიან.
  3. სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი ასაკი მიუთითონ ამ ვერტიკალური ხაზის ქვედა ნაწილში.
  4. შემდეგ სთხოვეთ მოსწავლეებს ვერტიკალურ ხაზზე დაიტანონ აღნიშვნები:
    ა)    ასაკი, როდესაც მათ სურთ მუშაობის დაწყება. სთხოვეთ მათ მიუთითონ რა სფეროში და რა სამუშაოს დაწყება სურთ.
    ბ)   ასაკი, როდესაც მათ სურთ ხანგრძლივი ურთიერთობის დაწყება პარტნიორთან ერთად. სთხოვეთ მათ აღნიშნონ ეს ასაკი, როგორც „ქორწინება“ ან „მყარი ურთიერთობა“.
    გ)   ასაკი, როდესაც მათ სურთ პირველად გახდნენ მშობელი. აღნიშვნის გვერდზე მიუთითონ თავისი ასაკი და ასევე ბავშვების რაოდენობა, ანუ რამდენი შვილი უნდათ რომ ჰყავდეთ. თუ რომელიმე მოსწავლე არ გეგმავს იყოლიოს შვილები, სთხოვეთ მას, შესაბამის ასაკთან მიუთითოს „შვილები არა“.
    დ)  ასაკი, როდესაც ისინი გეგმავენ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდეთ (მაგალითად, უნივერსიტეტის დამთავრება, მნიშვნელოვანი მოგზაურობა და ა.შ.).
    ე)   და ნებისმიერი ასაკი, რომელიც მათი ცხოვრების ხაზზე რაიმე სხვა მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირდება.

 

 

დ. დასკვნითი განხილვა (10-15 წთ.)
მოსწავლეები განიხილავენ საკუთარ გადაწყვეტილებებს აბსტინენციასთან და სქესობრივად აქტიური ცხოვრების დაწყების გადადებასთან დაკავშირებით.

  1. თუ არჩევანს აბსტინენციაზე გააკეთებთ, როგორ უზრუნველყოფთ საკუთარი გადაწყვეტილების დაცვას?
  2. რა პერიოდულობით აპირებთ გადახედოთ თქვენს არჩევანს აბსტინენციასთან და მასზე არჩევანის გაკეთების მიზეზებთან დაკავშირებით? რატომ?
  3. თუ არჩევანს აბსტინენციაზე გააკეთებთ, როდის და რა გარემოებების გამო შეცვლით თქვენს გადაწყვეტილებას?
  4. თუ გადაწყვეტთ, რომ აბსტინენცია თქვენთვის აღარ არის მისაღები, რა მეთოდს აირჩევთ საკუთარი თავის დასაცავად?

ე. „ოჯახში დამკვიდრებული ღირებულებები“
სთხოვეთ მოსწავლეებს გაესაუბრონ საკუთარი ოჯახის რომელიმე წევრს მათ ოჯახში დამკვიდრებული ღირებულებების თაობაზე, მათთვის დარიგებული სამუშაო ფურცლების – „ოჯახში დამკვიდრებული ღირებულებები“ – გამოყენებით.

კითხვების ყუთი (10 წთ.)
სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მომდევნო გაკვეთილისათვის დაგეგემეთ.

საშინაო დავალება

მოსწავლეები მათთვის დარიგებულ სამუშაო ფურცლებს: „ოჯახში დამკვიდრებული ღირებულებები“ ავსებენ შინ, საშინაო დავალების ფორმით.

კითხვები გაკვეთილის შეფასებისათვის

გაკვეთილის მსვლელობისას:

  1. დაცული იქნა თუ არა ძირითადი წესები?
  2. მოხდა თუ არა ჯგუფური მუშაობისა და საკითხებზე მსჯელობის კარგი პრაქტიკის ჩამოყალიბება?

რა ცვლილებებს შეიტანდით იგივე ჯგუფთან შემდგომში მუშაობის გეგმასა და ფორმატში?
რა ცვლილებებს შეიტანდით სხვა ჯგუფთან იგივე გაკვეთილის გეგმასა და ფორმატში?

მოსწავლეთა შეფასება

გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:

ცოდნა:
  • იმ სხვადასხვა მიზეზებისა და წყაროების იდენტიფიცირება, რომლებიც გავლენას ახდენს მათ გადაწყვეტილებაზე სქესობრივად აქტიური ცხოვრების დაწყების შესახებ?
  • სქესობრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული და ოჯახში დამკვიდრებული ღირებულებების განსაზღვრა?
უნარები:
  • გადაწყვეტილების მიღების ფორმატში ესწავლათ როგორ უნდა დასახონ მიზნები და როგორ მიიღონ გადაწყვეტილებები?
  • მიეღოთ გადაწყვეტილება აბსტინენციის თაობაზე, ან სქესობრივად აქტიური ცხოვრების დაწყების გადადების თაობაზე?
  • ცხოვრებისეული მიზნების დასახვა და იმ გავლენის განხილვა, რომელსაც სქესობრივად აქტიური ცხოვრება მოახდენს მათ გეგმებზე?
დამოკიდებულებები:
  • გაეცნობიერებინათ, რომ თითოეულმა ადამიანმა საჭიროა გონივრული და გააზრებული არჩევანი გააკეთოს იმასთან დაკავშირებით თუ როდის დაიწყოს სქესობრივად აქტიური ცხოვრება?