გაკვეთილი I-რისკ ფაქტორები

სწავლის შედეგი

მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეაფასოს რისკ-ფაქტორები, რომლებიც სისხლის გზით გადამდებ ინფექციებს უკავშირდება – აივ, შიდსი, B და C ჰეპატიტი; მაგ.  შპრიცის მრავალჯერადად გამოყენება  სხვადასხვა ადამიანთან, პირსინგი, ტატუ, იმ ადამიანის დახმარება ვისაც სისხლი სდის, სქესობრივი კავშირები.

მასალა:
  1. ბარათები: სისხლის გზით გადამდები ინფექციები – რისკ ფაქტორები
  2. სამუშაო ფურცელი მოსწავლეებისათვის: „ვიღებთ გადაწყვეტილებას“
  3. ბარათები: სისხლის გზით გადამდები ინფექციები: სიტუაციები.
შესავალი:

რისკ-ფაქტორებისა და სისხლის გზით გადამდები ინფექციების შესახებ მოცემული გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეები ერთვებიან აქტივობებში, რომელთა დროსაც მათ უნდა გამოიყენონ წინა გაკვეთილზე ათვისებული დაცვისა და პრევენციის უნარები.

მიდგომები/სტრატეგია:

ძირითადი წესები (5-10 წთ.)
ძირითადი წესების შესახებ შეთანხმება უნდა შედგეს გაკვეთილის დაწყებამდე. იმ კლასებში, სადაც ძირითადი წესები უკვე წინასწარ არის ჩამოყალიბებული და შეთანხმებული, მოკლედ მიმოიხილეთ ისინი, გაკვეთილის წარმატებით წარმართვის მიზნით.

.  მშობლებთან და მეურვეებთან გასაუბრების შედეგების შეჯამება (5 წთ.)
მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ და მსჯელობენ იმის თაობაზე, რაც მშობლებთან ან მეურვეებთან გასაუბრების შედეგად შეიტყვეს სისხლის გზით გადამდები ინფექციების შესახებ.

  1. მოსწავლეებისაგან ააგროვეთ სამუშაო ფურცლიდან: „აივ, შიდსი, B და C ჰეპატიტი“ მოხეული ის ნაწილები, სადაც იმ პირის ხელმოწერაა დაფიქსირებული, რომელიც მოსწავლეს გაესაუბრა მოცემულ თემაზე. მასწავლებელს შეუძლია წაახალისოს ის მოსწავლეები, რომლებმაც საშინაო დავალების შესრულებისას მშობელს ან მეურვეს გაესაუბრენ.მოცემული აქტივობის შეჯამებისათვის მოსწავლეებს დაუსვით შემდეგი კითხვები:
  • როგორ გრძნობდით თავს კითხვების დასმისას?
  • რატომ არის მნიშვნელოვანი შევძლოთ სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ საუბარი საკუთარ მშობელთან ან მეურვესთან?
  • იმ შემთხვევაში, თუ მშობელთან ან მეურვესთან საუბარი შეუძლებელია, ვის შეგიძლით გაესაუბროთ და მიმართოთ დახმარებისათვის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით?

გ. რისკების შეფასება (10 წთ)
მოსწავლეები განსაზღვრავენ თუ რა შემთხვევებში იზრდება სისხლის გზით გადამდები ინფექციებით დაავადების რისკი.

  1. მოათავსეთ ბარათები „სისხლის გზით გადამდები ინფექციები – რისკ ფაქტორები“ ყუთში.
  2. დაფაზე დაწერეთ ორი ფრაზა: „რისკ-ფაქტორია“ და „არ არის რისკ-ფაქტორი“ – სათაურების სახით.
  3. სთხოვეთ მოსწავლეებს რიგ-რიგობით მივიდნენ ყუთთან, ამოიღონ თითო ბარათი და ხმამაღლა წაიკითხონ ის რაც ბარათზე წერია.
  4. მოსწავლეები ერთად იღებენ გადაწყვეტილებას, რომელი სათაურის ქვეშ განათავსონ მოცემული ბარათი. ბარათი უნდა მოთავსდეს შესაბამისი სათაურის ქვეშ, ქვევით მოცემული პასუხების მიხედვით:
აუხსენით მოსწავლეებს, რომ ლორწო ჩვენი ორგანიზმის შემადგენელი ნაწილია, რომელიც წებოვანი, ბლანტი მასაა და გარსის სახით არის წარმოდგენილი ისეთ გარეგან ორგანოებზე, როგორიცაა ყელის უკანა ნაწილი, ანუსი, თვალები, ცხვირი.

სისხლის გზით გადამდები ინფექციების რისკ-ფაქტორებია:

  • ერთი სამედიცინო შპრიცით სარგებლობა;
  • სხვადასხვა ადამიანის სისხლის შერევა;
  • სქესობრივი კავშირები;
  • დამცავი ხელთათმანების გარეშე იმ პირის დახმარება, რომელსაც სისხლი სდის;
  • სისხლის გზით გადამდები ინფექციის მატარებელი ორსულისაგან ბავშვზე გადაცემა;
  • პირსინგის ან ტატუს გაკეთება.

სისხლის გზით გადამდები ინფექციების რისკ-ფაქტორები არ არის:

  • საუბარი, ხელის ჩამორთმევა, საკვების მირთმევა ან ერთ სივრცეში ყოფნა იმ ადამიანთან, რომელიც სისხლის გზით გადამდები ინფექციით არის დაავადებული;
  • მხრებზე მოხვევა, შეხება ან კოცნა;
  • დანა-ჩანგალი, კოვზები, ჭიქები ან საკვები;
  • საწოლის თეთრეული ან პირსახოცი;
  • ხველა ან ცემინება;
  • მწერებისა ან ცხოველების ნაკბენი;
  • საზოგადოებრივი საცურაო აუზით სარგებლობა;
  • საზოგადოებრივი ტუალეტით ან საასმელი წყლის შადრევნით სარგებლობა;
  • ხალხით გადატვირთულ ლიფტში მგზავრობა;
  • სისხლის ჩაბარება;
  • ვაქცინაცია.

აქტივობის შედეგად მოსწავლეების მიერ ათვისებული ცოდნის შეჯამებისათვის დაუსვით მათ შემდეგი კითხვები:

  • რას უკავშირდება და საიდან ჩნდება მითები სისხლის გზით გადამდები ინფექციების შესახებ?
  •  რომელია საუკეთესო გზა სისხლის გზით გადამდები ინფექციების თავიდან ასაცილებლად?
განსხვავებული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს საჭიროა ხაზგსმით აუხსნათ რა გზებით არ ვრცელდება სისხლის გზით გადამდები ინფექციები. ეს მათ პანიკისა და შიშის დაძლევაში დაეხმარება. მაგალითად, შეგიძლიათ მათთან ერთად სკოლის ეზოში ან სკოლის გარეთ გაისეირნოთ და აჩვენოთ მათ თუ რა არის უსაფრთხო და რა გზებით არ ხდება სისხლის გზით გადამდები ინფექციების გავრცელება, მაგალითად, სასმელი წყლის შადრევნიდან წყლის დალევა. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია აუხსნათ მათ თუ როგორ და რა გზებით ხდება ამგვარი ინფექციების გავრცელება. შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატებითი მასალა თვალსაჩინოებისათვის, მაგალითად, ორსული ქალის სურათი ან სამედიცინო შპრიცი.

დ. რისკის თავიდან აცილება (20-25 წთ.)
პრობლემის მოგვარებისათვის საჭირო უნარების გამოყენებით, მოსწავლეები ახდენენ იმის დემონსტრირებას, თუ როგორ შეიძლება თავიდან იქნას აცილებული სისხლის გზით გადამდებ ინფექციებთან დაკავშირებული რისკები.

  1. მოსწავლეებს დაურიგეთ სამუშაო ფურცლები „ვიღებთ გადაწყვეტილებას“; თითო მოსწავლეს თითო სამუშაო ფურცელი.
  2. მოსწავლეებს ეკრანზე უჩვენეთ ან დაფაზე გამოფინეთ მასალა თვალსაჩინოებისათვის: „ვიღებთ გადაწყვეტილებას“; მასში მოცემული ყველა ეტაპი სათითაოდ გაიარეთ.
  3. მოსწავლეები მცირერიცხოვან ჯგუფებში გადაანაწილეთ.
  4. თითოეულ ჯგუფს მიეცით თითო ბარათი, რომელზეც სისხლის გზით გადამდები ინფექციების თემასთან დაკავშირებული ერთი სიტუაციაა აღწერილი.
  5. მიეცით მოსწავლეთა ჯგუფებს საშუალება გაეცნონ ბარათზე აღწერილ სიტუაციას.
  6. მიეცით დრო მოსწავლეთა ჯგუფებს, რათა განიხილონ სიტუაცია და შეავსონ სამუშაო ფურცლები „ვიღებთ გადაწყვეტილებას“.
  7. შეაჯამეთ მოსწავლეების მიერ შესრულებული სამუშაო: მიეცით მოსწავლეთა თითოეულ ჯგუფს საშუალება პრეზენტაციით წარსდგნენ მთელი კლასის წინაშე, სადაც სხვა მოსწავლეებს გააცნობენ სიტუაციას და მათ მიერ შემუშავებულ გამოსავალს. თითოეული პრეზენტაციის შემდეგ, სთხოვეთ კლასს განსაზღვროს რამდენად სწორი იყო მოსწავლეთა ჯგუფის მიერ შემოთავაზებული გამოსავალი და, ასევე, მიეცით სხვა მოსწავლეებს საშუალება გააცნონ კლასს საკუთარი მოსაზრებები, სიტუაციიდან გამოსავალის შესახებ.

ე. დასკვნითი განხილვა (10 წთ.)
მოსწავლეები ახდენენ სისხლის გზით გადამდები ინფექციების შედეგების თაობაზე საკუთარი ცოდნის დემონსტრირებას.
შემაჯამებელი აქტივობის დროს შესაძლებელია მოსწავლეებს დაუსვათ შემდეგი კითხვები:

  1. რა შედეგები მოჰყვება სისხლის გზით გადამდები ინფექციებით ინფიცირებას იმ პირისათვის, რომელიც ავადდება ამგვარი ინფექციით და ასაევე მისი მეგობრებისა და ოჯახის წევრებისათვის?
  2. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რათა თავიდან ავიცილოთ სისხლის გზით გადამდები ინფექციების გავრცელება?
  3. როგორ უნდა ვიზრუნოთ პირებზე, რომლებიც სისხლის გზით გადამდები ინფექციებით არიან ინფიცირებული და როგორ უნდა დავეხმაროთ მათ?

კითხვების ყუთი (10 წთ.)
სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მომდევნო გაკვეთილისათვის დაგეგემეთ.

საშინაო დავალება

მოსწავლეები, შინ, მშობლისა ან მეურვის დახმარებით, ავსებენ მათთვის დარიგებულ სამუშაო ფურცელს:  „აივ, შიდსი, B და C ჰეპატიტი“

 კითხვები გაკვეთილის შეფასებისათვის

გაკვეთილის მსვლელობისას:

  1. დაცული იქნა თუ არა ძირითადი წესები?
  2. მოხდა თუ არა ჯგუფური მუშაობისა და საკითხებზე მსჯელობის კარგი პრაქტიკის ჩამოყალიბება?

რა ცვლილებებს შეიტანდით იგივე ჯგუფთან შემდგომში მუშაობის გეგმასა და ფორმატში?
რა ცვლილებებს შეიტანდით სხვა ჯგუფთან იგივე გაკვეთილის გეგმასა და ფორმატში?

მოსწავლეთა შეფასება

გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:

ცოდნა:
  • სისხლის გზით გადამდებ ინფექციებთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირება?
  • უსაფრთხო პრაქტიკის განსაზღვრა, რომელიც სისხლის გზით გადამდები ინფექციების პრევენციას უზრუნველყოფს?
უნარები:
  • პრობლემის მოგვარების უნარების გამოყენებით იმ გზების განსაზღვრა, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია სისხლის გზით გადამდებ ინფექციებთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების თავიდან აცილება?
დამოკიდებულებები:
  • გაეცნობიერებინათ, რა შედეგები მოჰყვება სისხლის გზით გადამდები ინფექციების შეძენას?


ერთი სამედიცინო შპრიცით სარგებლობა

სხვადასხვა ადამიანის სისხლის შერევა

სქესობრივი კავშირები

დამცავი ხელთათმანების გარეშე იმ პირის დახმარება, რომელსაც სისხლი სდის

სისხლის გზით გადამდები ინფექციის მატარებელი ორსულისაგან ბავშვზე გადაცემა

პირსინგის ან ტატუს გაკეთება

ძაღლის ან კატის ნაკბენი

საკვების მიღება იმ პირთან ერთად, რომელიც სისხლის გზით გადამდები ინფექციის მატარებელია

ხველების დროს იმ პირთან ახლოს ყოფნა, რომელიც სისხლის გზით გადამდები ინფექციის მატარებელია

კოღოს ნაკბენი

საზოგადოებრივი საცურაო აუზით სარგებლობა

საზოგადოებრივი ტუალეტით სარგებლობა

ხალხით გადატვირთულ ლიფტში მგზავრობა

მხრებზე მოხვევა, ხელის ჩამორთმევა ან შეხება

კოცნა

სისხლის ჩაბარება

ვაქცინაცია

სასმელი წყლის შადრევნიდან წყლის დალევა